ვინ იყვნენ ცისფერყანწელები და რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა სახელწოდებას
05-04-2018
დაკოპირებულია
-
+
ცისფერყანწელები ქართველ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანებაა, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა.
შემოქმედებითი გაერთიანება ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1915 წელს დააარსეს, 1918 წლიდან კი თბილისში გააგრძელეს მოღვაწეობა.
გაერთიანებამ სახელწოდება მიიღო თავისი პირველი ბეჭდური ორგანოსაგან "ცისფერი ყანწები".
სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ცისფერი აღიქმებოდა როგორც პოეზიის ფერი, ყანწი კი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო იყო.
სამკერდე ნიშნად პოეტებს მამლის დეზები ეკეთათ, რაც ცისფერი ყანწის ასოციაციას იწვევდა.
მიმდინარეობის წევრები იყვნენ: მისი დამფუძნებელი და მენტორი გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი).
თავდაპირველად გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა.
ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ცისფერყანწელთა პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა.
მანვე მოხატა რუსთაველის თეატრის სარდაფში კაფე "ქიმერიონი", სადაც ცისფერყანწელი პოეტები იკრიბებოდნენ ხოლმე.