„აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი -2021“-ის გამარჯვებულები სოხუმის უნივერსიტეტს ესტუმრნენ
„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“-ის გამარჯვებულები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ხონელიძეს და აკადემიურ გუნდს შეხვდნენ. შეხვედრას „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ესწრებოდა.სოხუმის უნივერსიტეტში მიწვევა აბიტურიენტებმა კონკურსის მიმდინარეობის დროს რექტორისგან მიიღეს. ახალგაზრდები გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას და ინფორმაცია მიიღეს იმ სიახლეებისა და ღირებულებების შესახებ, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სთავაზობს სტუდენტებს.
„ჩვენ ვიმყოფებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არის განსხვავებული და განსაკუთრებული მოვლენა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თავისი ისტორიიდან გამომდინარე.
მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს განსხვავებულობა არა უპირატესობა, არამედ ტვირთი და პასუხისმგებლობა ქართველი ერისა და სახელმწიფოს წინაშე. სოხუმის უნივერსიტეტი არის ქართული სახელმწიფოს ბედის თანაზიარი. მისი წარსულით, დღევანდელობითა და ხვალინდელი დღით. როგორც ქართული სახელმწიფო - ერთიანი ცოცხალი ორგანიზმია გაყოფილი რამდენიმე ნაწილად, ასევეა გაყოფილი დღეს ჩვენი უნივერსიტეტი - მის ფესვები სოხუმია და მეორე ნაწილი არის თბილისი.
ჩვენ ვცდილობთ, ეს ტვირთი ღირსეულად ვატაროთ, შევასრულოთ ხიდის როლი და აფხაზეთი დავაკავშიროთ დანარჩენ საქართველოსთან“, - აღნიშნა
უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.
აბიტურიენტებს სიტყვით მიმართა და რჩევები მისცა „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა.„პირველი და მნიშვნელოვანი არის თქვენი რესურსი. მოგმართავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოგყვებათ ნიჭი და ძალა ოჯახებიდან. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებს გავიხსენებ და გეტყვით იმას, რასაც ის ამბობდა, რომ უფრო მეტად უნდა დააფასოთ ახალგაზრდებმა თავის თავში ღირსება და ნიჭი, უნდა დარწმუნდეთ თქვენს შესაძლებლობებში. ეს არის მთავარი რისკენაც მოგიწოდებთ.
თუ რაღაც არ გამოგდით, აუცილებლად დაიწყეთ საკუთარი თავიდან. გაიაზრეთ, რომ ბედნიერება თქვენს ხელშია და წარმატებას მხოლოდ დიდი შრომით შეგიძლიათ მიაღწიოთ. შრომით და თანამოაზრეების შეძენით“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა.
ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ, რომელიც უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია, დეტალურად ისაუბრა, რას სთავაზობს სოხუმის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს და რას უნდა ელოდონ სწავლის აქ გაგრძელების შემთხვევაში.„უნივერისტეტში დიდი ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო მიმართულებებს: მათემატიკას, ფიზიკას... ჰუმანიტარული მეცნიერებებს: ფილოლოგიას, ისტორიას, არქეოლოგიას. მიმართულებებს, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენენ. ასევე სოციალურ მეცნიერებებს: სოციოლოგიას, პოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებსა და რა თქმა უნდა, სამართალსა და ბიზნესს, რომელიც ჩვენს ტრადიციულ დარგებს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ დავაფუძნეთ დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აკრედიტაციას გადის და რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი უნივერსიტეტის მისიასთან - დაამყაროს კავშირი ჩვენს აფხაზ მოძმეებთან. ამ პროგრამის საშუალებით მოვახერხოთ ინტეგრაცია ჩვენს მოძმე აფხაზებთან.
რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი? – ეს არის დიდი ტრადიციების მატარებელი უნივერსიტეტი, რომელსაც სტუდენტებთან მუშაობისა და ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან, უნივერსიტეტში არაერთი მხარდაჭერის პროგრამა გვაქვს: ომის მონაწილეთა ოჯახებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს და ვეხმარებით სტუდენტების თანხის გადახდის საკითხებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს, გვყავს მაღალკვალიფიციური გუნდი. ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს უნივერისტეტში ჩააბარებენ ეზიარებიან ცოდნას, რომელიც მნიშვნელოვანია, მათი წარმატებული მომავლისთვის.
მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის მიმართულია სიახლეებისა და თანამედროვე მიდგომებისკენ რათა არ შევწყვიტოთ სწავლების პროცესის განვითარება და განათლების ხარისხის ამაღლება“,- აღნიშნა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა რომეო გალდავამ.
„აბიტურიენტთა თანავარსკვლავედის“ გამარჯვებულებმა მარიამ გულიტაშვილმა და დათა მენთეშაშვილმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადეს „ეტალონის“ საგანმანათლებლო პროექტების ავტორსა და უნივერსიტეტის წარმომადგენელებს გულთბილი დახვედრისთვის. იმ ყურადღებისთვის, დათმობილი დროისა და რჩევებისთვის, რომლებიც უხვად გაუზიარეს შეხვედრის ორგანიზატორებმა ახალგაზრდებს, რომელთა ცხოვრებაშიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი იწყება.