ეხება თუ არა მასწავლებლის გამოცდას ცვლილებები და სად მოიძიებთ დამხმარე მასალას მოსამზადებლად - „ნაეკი“ აქტუალურ კითხვებს პასუხობს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში ამჯერად მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გამართა.
გთავაზობთ, ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს:
1. თუ სთავაზობთ მასწავლებლებს რაიმე სახის დამხმარე მასალას, რაც მათ უკეთესად მომზადებაში დაეხმარება და სად შეიძლება მოვიძიოთ ამის შესახებ ინფორმაცია?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დამხმარე მასალები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის. იხილეთ
ბმული.
2. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე ზღვარი როგორია?
უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისთვის, რომ გამოსაცდელმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი. პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები.
3. ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდაში?
ამ მხრივ არავითარი შეზღუდვა არ არსებობს, ამ გამოცდის ჩაბარება ნებისმიერ პირს შეუძლია. თუმცა დამატებით რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს გამოსაცდელი იმისთვის, რომ ის უფროსი სპეციალური პედაგოგი გახდეს, ეს საკითხი უნდა დააზუსტოთ „მასწავლებლის სახლში“, რადგან საკითხი სცილდება ცენტრის კომპეტენციას.
4. დაწყებითი საფეხურის გამოცდაში შიდა ზღვრების გადალახვა თუ არის სავალდებულო?
ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი; ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი.
5. მასწავლებლის საგნის გამოცდას შეეხო თუ არა ცვლილებები და როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია მათ შესახებ?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა დამხმარე კრებულები მასწავლებლებისათვის ყველა საგანში. თითოეულ კრებულში დეტალურადაა აღწერილი ტესტის სტრუქტურა, მითითებულია ინფორმაცია ცვლილებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შეფასების სქემები, ხშირად დაშვებული შეცდომები და სხვ.
6. მასწავლებლობის მსურველს რა შემთხვევაში ეთვლება ზღვარი დაძლეულად?
საგანში შემომსვლელ (მაძიებელ) მასწავლებელს ზღვარი დაძლეულად ეთვლება, თუ მან მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი დააგროვა.
7. მასწავლებლის ტესტირებისთვის განკუთვნილი პროგრამა რას ეფუძნება?
პედაგოგთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი ეფუძნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის სტანდარტს. ტესტის საშუალებით ფასდება საგნის სწავლებლისათვის სტანდარტით გათვალისწინებული მასალის ცოდნა, მასწავლებლის მიერ პრაქტიკული უნარების გამოყენება, ანალიზის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები.
8. მასწავლებლობის მსურველმა, საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი?
მასწავლებლობის მსურველი პირები მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებენ. პროფესიული უნარების ჩაბარების ვალდებულება კი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს აქვთ. პროფესიული უნარების ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრება. მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც.
9. მუსიკაში კარნახის დავალებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, ტონალობა თუ გვეცოდინება?
კარნახი მნიშვნელოვანი სავარჯიშოა მუსიკალური სმენისა და მეხსიერებისათვის. იგი ავითარებს მელოდიის აღქმისა და დამახსოვრების, მარტივი ფორმისა და რიტმული სურათის გააზრების, ბგერების სიმაღლის განსაზღვრისა და ნოტებით დაფიქსირების უნარებს. დავალება გულისხმობს მოსმენილი მელოდიის ჩაწერას სანოტო სისტემაზე. მელოდია ერთხმიანი, რვატაქტიანი და ერთტონალურია. კარნახის ტონალობა ცნობილია. მელოდიის მოსმენისა და ჩაწერისათვის გეძლევათ 15 წუთი; მელოდიას ისმენთ აუდიოჩანაწერში ხუთჯერ; ყოველ მომდევნო მოსმენას შორის ინტერვალი 2 წუთია. სანოტო სისტემაზე მოცემულია გასაღები. აპლიკანტმა უნდა ჩაწეროს შესაბამისი ტონალობის საგასაღებო ნიშნები, კარნახის ზომა, მელოდიური და რიტმული ნახატი. ფასდება შემდეგი მონაცემების სისწორე: ზომა, ბგერის სიმაღლე და გრძლიობა. დავალების მაქსიმალური ქულაა 5. შეცდომების რაოდენობის მიხედვით, დავალება შეიძლება შეფასდეს 5, 4, 3, 2, 1 და 0 ქულით.
10. ისტორიის 2021 წლის ტესტში რა ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი?
2021 წელს ისტორიაში მასწავლებლის საგნის გამოცდისა და საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულა 60-ის ნაცვლად, 55 გახდება. შესაბამისად, შეიცვლება ტესტირების ხანგრძლივობაც. იგი 5 საათის ნაცვლად, 4 საათს გაგრძელდება. ტესტში აღარ იქნება 32-ე დავალება - „სადისკუსიო თემის განსაზღვრა“, რომელიც გაკვეთილზე სადისკუსიო თემის განსაზღვრას ეძღვნებოდა. ეს დავლება 4 ქულიანი იყო. ასევე 31-ე დავალება (ისტორიული წყაროს ანალიზი), რომელიც 19 ქულიანი იყო, 18 ქულიანი გახდება. შესაბამისად, ტესტს დააკლდება 5 ქულა.
11. მასწავლებლობის მსურველები და მოქმედი მასწავლებლები ერთსა და იმავე ტესტს აბარებენ და თუ განსხვავდება რამით მათი გამოცდა ერთმანეთისაგან?
პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგების ტესტი იდენტურია. ისინი ერთად და ერთსა და იმავე დღეს გადიან ტესტირებაზე. მათი განაწილება საგამოცდო ცენტრებსა და სექტორებში ხდება შემთხვევითობის პრინციპით.
12. უცხოური ენის გამოცდაში ლაპარკისა და მოსმენის დავალება ერთ დღეს ექნებათ მასწავლებლებს?
წერითი და მოსმენის დავალებები ერთ დღეს მიეწოდებათ გამოსაცდელებს, ხოლო ლაპარაკის ნაწილში გამოცდა სხვა დღეს ჩატარდება.
13. უცხოური ენის გამოცდა რა დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს?
გამოცდაზე მოწმდება ინგლისური ენის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა, კერძოდ, მისი ენობრივი კომპეტენცია ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული B2 (საშუალოზე მაღალი) ენობრივი კომპეტენციის ფარგლებში. მასწავლებელს უნდა შეეძლოს:
• წაიკითხოს შესაბამისი სირთულის ინფორმაციული, შემეცნებითი ან პროფესიული შინაარსის ტექსტი და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. გამოიყენოს დავალების შესაბამისი კითხვის სტრატეგიები.
• მოისმინოს შესაბამისი სირთულის ტექსტი (გაბმული ტექსტი ან ინტერვიუ). გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. გამოიყენოს დავალების შესაბამისი მოსმენის სტრატეგიები.
• დაწეროს სამოტივაციო წერილი და თხზულება. მკაფიოდ, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად გადმოსცეს საკუთარი აზრი მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. ზუსტად და თანმიმდევრულად დაიცვას დავალების მოთხოვნები. წერისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია, მოიყვანოს არგუმენტები. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.
• ილაპარაკოს ბუნებრივად, დაუბრკოლებლად და არგუმენტირებულად მოცემული თემატიკის გარშემო. საუბრისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.
14. მასწავლებლის გამოცდა შეიძლება თუ არა ჩააბაროს სტუდენტმა?
საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, რადგან დიპლომის გარეშე შედეგის გამოყენება შეუძლებელია პედაგოგიური საქმიანობისათვის.
15. გეოგრაფიის გამოცდაზე რუკები თუ დაგვირიგდება?
გეოგრაფიის გამოცდაზე აუცილებლად დაგირიგდებათ ტოპოგრაფიული, მსოფლიოსა და საქართველოს ფიზიკური რუკები (ა3 ფორმატის).
16. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს წელს ცვლილება თუ შეეხო?
ტესტი კვლავ სამი ნაწილისაგან შედგება: I. ქართული ენა; II. ქართული ლიტერატურა და III. მხატვრული ტექსტის ანალიზი. თუმცა ცვლილებები შეეხო ტესტის სამივე ნაწილს, კერძოდ: I. ქართული ენა – 2021 წელს სტილისტიკის, გრამატიკისა და პუნქტუაციის ცოდნა შემოწმდება 6 ორქულიანი ღია ტიპის დავალებით, გასულ წელს ამ ტიპის დავალება იყო 7. ასევე ამოღებულია ერთი კომპლექსური (ოთხქულიანი) დავალება, რომელიც გრამატიკის თეორიულ ცოდნასა და სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ამოწმებდა. დარჩა ორი კომპლექსური დავალება: 1. პუბლიცისტურ ტექსტში დასმულ პრობლემატიკაზე მსჯელობა, რომელიც შეფასდება 11 ქულით, ნაცვლად 7 ქულისა; 2. მოსწავლის ნაწერის შეფასება, რომელსაც ცვლილებები არ შეხებია. II. ქართული ლიტერატურა – 2021 წელს ლიტერატურის ცოდნა შემოწმდება 15 არჩევითპასუხებიანი დავალებით (15 ქულა), გასულ წელს ამ ტიპის დავალება იყო 20. III. მხატვრული ტექსტის ანალიზი – დავალების პირობა იგივე რჩება. ცვლილებები შეეხება შეფასების კრიტერიუმებს. მაქსიმალური შეფასება იქნება 20 ქულა (გასულ წელს ამ დავალების მაქსიმალური შეფასება იყო 15 ქულა). 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს მოაკლდა 10 არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება). როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, შესაძლებელი გახდა ტესტირების ხანგრძლივობის შემცირება. 2021 წელს ტესტური დავალებების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა და მთლიანობაში შეადგინა 17 დავალება. ამდენად, 2021 წელს ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, ხოლო ტესტირების ხანგრძლივობა – 4 საათი.
17. სამოქალაქო გამოცდას 2021 წელს შეეხო გარკვეული ცვლილებები, კონკრეტულად რა ცვლილებას გულისხმობთ?
2021 წლის სამოქალაქო განათლების საგამოცდო ტესტის ფორმატის განახლების შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდა 55, ტესტის შესრულებისათვის საჭირო დრო კი - 4 საათი, ტესტურ დავალებათა რაოდენობა - 23.
2021 წლის საგამოცდო ტესტში აღარ შევა შემდეგი დავალებები: დავალება N11 (1 ქულიანი) - სამოქალაქო განათლების საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა ცოდნას შეამოწმებს 10 არჩევითპასუხიანი დავალება, ნაცვლად 11 დავალებისა; დავალება N 19 (6 ქულიანი) - დავალებაში მოცემული იყო ერთ თემასთან დაკავშირებული ორი ტექსტი (პირობითად მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება) და შეფასების სქემა. გამოსაცდელს მოეთხოვებოდა ტექსტების გაანალიზება, შეცდომების აღმოჩენა და ქულების მინიჭება შეფასების სქემით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. 2 ქულა გადანაწილდება სხვა ღია დავალებებზე.
18. გამოცდაზე კალამი შეგვიძლია მოვიტანოთ, თუ დაგხვდება?
სექტორში კალამი დაგხვდებათ. სურვილის შემთხვევაში კი, გამოსაცდელს საშუალება აქვს მოიტანოს საკუთარი კალამი შემდეგი პარამეტრებით - შავი, ტუშის (გელიანი), (0,5-0,7 მმ.) ბურთულიანი წვერით.
19. თუ შეიძლება ისაუბრეთ პასუხების მონიშვნის ინსტრუქციაზე, რათა შეცდომა არ დავუშვათ.
პასუხების ფურცელზე მოძებნეთ დავალების შესაბამისი ნომერი. თქვენ მიერ არჩეული პასუხი აღნიშნეთ X ნიშნით. მაგალითად, თუკი მე-3 საკითხის პასუხად აირჩიეთ B პასუხის ვარიანტი, მაშინ პასუხების ფურცელზე უნდა მოძებნოთ მე-3 საკითხის დავალების რიგი და ამ რიგში, პასუხის (B) სვეტის შესატყვის უჯრაში დასვათ X ნიშანი. დასაშვებია, რომ X ნიშანი გამოსცდეს თეთრ უჯრას, მაგრამ იგი არ უნდა იყოს უჯრაზე მოკლე. თითოეული საკითხის შესაბამის რიგში უნდა მონიშნოთ მხოლოდ ერთი პასუხი, ანუ მხოლოდ ერთ უჯრაში დასვით X ნიშანი. თუ რიგში ერთზე მეტ X ნიშანს დასვამთ, ამ საკითხის არც ერთი პასუხი არ ჩაითვლება სწორად. თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი, და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). ელექტრონული პროგრამა არჩეულ პასუხად მხოლოდ X ნიშნიან უჯრას აღიქვამს. ღია დავალებების შემთხვევაში პასუხების ფურცელზე, დავალების შესაბამისი ნომრის გასწვრივ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ჩაწერეთ თქვენი პასუხი. შესაძლებელია პასუხის გადასწორება (არასწორი პასუხის გადახაზვა და გვერდით სწორი პასუხის დაწერა). თქვენი პასუხი არ უნდა გასცდეს დავალებისათვის გამოყოფილ არეს. პასუხების ფურცლის ნიმუში მოცემულია ცალკე ფაილად.
20. რას ამოწმებს სპორტისა და ფიზიკური ტესტის დახურული და ღია დავალებები?
დახურული ტიპის დავალებაში თითოეულ კითხვაზე მოცემულია 4 სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. მოცემული ტესტური დავალება ამოწმებს ფაქტობრივი მასალის ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს. თითოეული დავალება ფასდება 1 ქულით. ამ ტიპის დავალებები მოცემულია როგორც საგნობრივი კომპეტენციის ნაწილში, ასევე მეთოდიკის ნაწილშიც. ღია დავალება გამოსაცდელისგან აუცილებლად მოითხოვს არგუმენტირებულ მსჯელობას მოცემული საკითხის შესახებ. ქულების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი სწორი არგუმენტის ჩაწერა იქნება საჭირო კონკრეტულ კითხვაზე. თითო სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
21. რა შეგიძლიათ გვითხრათ ისტის გამოცდაზე?
ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან – თეორიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული ნაწილი. 23 ივლისს ჩატარდება ტესტირება, რომელიც შეამოწმებს გამოსაცდელის თეორიულ ცოდნას, ხოლო 25 ივლისს გაიმართება პრაქტიკული უნარ-ჩვევების დასადასტურებელი ტესტირება. იმისათვის, რომ გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ, უნდა გადალახოთ ჯამური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ მინიმუმ 43 ქულა უნდა დააგროვოთ. ტესტის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ნაწილის შესასრულებლად აპლიკანტს მუშაობა მოუწევს Windows 10 ოპერაციული სისტემის გარემოში, დავალებები კი უნდა შეასრულოს Microsoft Office 2019 (Word, Excel, PowerPoint) საოფისე პაკეტის ვერსიაზე. ტესტირების დროს არ მოგიწევთ Office 365 პაკეტის აპლიკაციების გამოყენება.