სიახლეები
პიროვნება

„ბავშვებთან მუშაობას, მათ აღზრდაში მონაწილეობასა და სწორ გზაზე დაყენებას არაფერი სჯობს“ - გალაქტიონ მინდიაშვილი, თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
10-06-2021
-
+


„მასწავლებლების 5 პროცენტიც რომ იყოს უკმაყოფილო, ხვალვე წავალ ამ თანამდებობიდან“, - ასე დაიწყო საუბარი Etaloni.ge-სთან თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, გალაქტიონ მინდიაშვილმა, რომელიც განათლების სფეროში იურისპუდენციიდან მოვიდა, მანდატურის სამსახურის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და აგერ უკვე 11 წელია, სკოლას ხელმძღვანელობს; ჰოდა როცა ვკითხე, რას იზამთ თუ პედაგოგებს თქვენნაირი დირექტორი აღარ ენდომებათ-მეთქი, მიპასუხა, როგორც სერტიფიცირებული მასწავლებელი, რიგით ჯარისკაცად დავდგები მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზეო;  სხვათა შორის, საუბრის დასწყისშიც გამიმხილა, არ მომწონს 45 დღის გაცდენის შემდეგ მოსწავლეს სტატუსი რომ უჩერდება, თუმცა იმედია, ასე მაინც გაიზრდება მშობლის, სკოლისა და მოსწავლის პასუხისმგებლობაო... მაშ ასე, Etaloni.ge გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, გალაქტიონ მინდიაშვილთან.

- სასწავლო წელი იწურება და იქნებ შეაჯამოთ, რა შედეგებზე გავიდა თბილისის N2 საჯარო სკოლა?

- გულწრფელად გეტყვით - რომ არა პანდემია, უკეთესი შედეგები გვექნებოდა, თუმცა ისიც ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პედაგოგებთან ერთად, ძალიან კარგად გავართვით თავი ყველა გამოწვევას - შეიქმნა არაერთი ინტერნეტპლატფორმა, დამყარდა მეტი კომუნიკაცია მშობლებთან, ბავშვებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში და დიახ, მიუხედავად ყველა სირთულისა, წარმატებით დავძლიეთ ყველა გამოწვევა.

- რაში გამოიხატება ეს - შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რას ნიშნავს თქვენთვის გამოწვევების წარმატებით დაძლევა?

- პირველ რიგში, ბევრი რამ ვისწავლეთ უსაფრთხოების წესების შესახებ, როგორც პედკოლექტივმა, ისე მოსწავლეებმა; ამაღლდა მშობლების ცნობიერება და ახლა, თუ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, აღარ უშვებენ სასწავლო დაწესებულებაში, მივიღეთ ბევრი ინფორმაცია...

რაც შეეხება სწავლის ხარისხს, ინტერნეტის გამოყენება, რაც ასაკოვან პედაგოგებს ცოტა უჭირდათ, ბევრად მაღალ დონეზეა, მშობლებმაც და ბავშვებმაც იმუშავეს საკუთარ თავზე და მეტია ჩართულობა... ასევე დაინერგა  ელექტრონული ჟურნალი და მიუხედავად იმისა, მასწავლებლებს ორმაგმა შრომამ მოუწიათ, ეს უდავოდ დადებითი გამოცდილებაა; პედაგოგებმაც მალევე აუღეს ალღო და ჩემი სკოლის ერთიანი გუნდის შრომას, მე, როგორც დირექტორი, ათქულიანი სისტემიდან, 8-9 ქულით შევაფასებდი.

- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულებაზე რას მეტყვით?

- არ მეგულება საქართველოში ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა არ ექნება შესრულებული და ამ მხრივ გამონაკლისი არ ჩვენი - თბილისის N2 საჯარო სკოლაა. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, წერტილოვანი შეზღუდვებისა და სხვა ხელშემშლელი ფაქტორების გათვალისწინებით, სასურველ შედეგებზე გასვლა, მაგრამ მოხარული ვერ, რომ ეს მოვახერხეთ...

- ელექტრონული ჟურნალი ახსენეთ, რომლის წარმოებაც მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებისთვის სავალდებულო იქნება. რამდენად არიან მზად პედაგოგები და სკოლა ამ სიახლის საბოლოოდ დანერგვისთვის?

- აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როდესაც ელექტრონული ჟურნალი დაინერგა, იყო ხარვეზები, რომლებიც იმედია, მომავალი სასწავლო წლიდან აღმოიფხვრება; მიუხედავად იმისა, პედაგოგებს ორმაგად უწევდათ შრომა, ჩვენმა მასწავლებლებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ყველაფერს. ელექტრონული ჟურნალი ბევრად მოქნილია და ძალიან კომფორტულია მისი გამოყენება. დარწმუნებული ვარ, ხვალვე რომ დაინერგოს საბოლოოდ სკოლებში, ჩვენი პედაგოგები მარტივად გაართმევენ თავს.

- როგორც დირექტორს, რა მოლოდინი გაქვთ მომავალი სასწავლო წლისთვის და თუ ხართ მზად ახალი გამოწვევებისთვის?

- იმედი მაქვს, სექტემბრიდან აცრილთა რაოდენობა დიდი იქნება და მოგვეცემა საშუალება, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, აღარც ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით... და თუ მაინც შემოგვიტევს პანდემია, სრული მზადყოფნა გვაქვს თუნდაც ინფრასტრუქტურის მხრივ და განათლების სამინისტროც ყველანაირად გვიდგას მხარში, შევქმნათ უსაფრთხო გარემო.

- ბატონო გალაქტიონ, როგორი დირექტორი ჰყავს თბილისის N2 საჯარო სკოლას?

- ამაზე აჯობებს, ჩემმა კოლეგებმა ისაუბრონ, თუმცა ერთს ვიტყვი - პედაგოგების 5 პროცენტიც რომ იყოს უკმაყოფილო, ნამდვილად დავტოვებ ამ თანამდებობას; მიყვარს გუნდური მუშაობა, დელეგირება, გაანალიზება, უკუკავშირი და მაქვს ლიბერალური მიდგომები.

- ესე იგი, არ ხართ მკაცრი?

- შეიძლება ვიყო, მომთხოვნი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყვიროს პედაგოგმა გაკვეთილზე, ან დირექტორი რატომ უნდა იყოს მოჩხუბარი?! მოსწავლეებთანაც მეგობრული დამოკიდებულება მაქვს და წარმოუდგენელია, ჩემთან მოსულ ბავშვს გვერდით არ დავუდგე. მასწავლებლებს უსაყვედურიათ ამის გამო... ცოტას ვათამამებ ჩემს მოსწავლეებს, მაგრამ ისიც იციან, ზღვარს არ უნდა გადავიდნენ. წარმოიდგინეთ, უფროსკლასელები სიგარეტს არ ეწევიან სკოლაში.

- ისე, ამ საკითხს როგორ არეგულირებთ?

- ვსაუბრობთ, განვიხილავთ, რა სჯობს ყველასთვის და თუ მათ გვერდით ვარ ყოველთვის, იციან, რომ თავადაც მხარში უნდა დამიდგნენ, მით უმეტეს, არ მიყვარს საყვედურების წერა, მანდატურთან საქმეების განხილვა და დისციპლინური კომიტეტის ჩართვა.

 - მანდატური რომ არის სკოლაში, ეს უკვე გავიგე, მაგრამ ექიმი თუ გყავთ? - მით უმეტეს, უკვე სავალდებულოა სამედიცინო კაბინეტების არსებობა.

- რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ სამედიცინო კაბინეტი ყველა სკოლაში უნდა იყოს, რადგან ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ამ დროს ექიმის სწრაფი რეაგირება გადამწყვეტია.

- თქვენზეც გვიამბეთ - როგორია გზა დირექტორობამდე, ბატონო გალაქტიონ?

- პროფესიით იურისტი ვარ და მოგეხსენებათ, იურისტ ადამიანს არ აქვს ია-ვარდით მოფენილი გზა; 2009 წელს კი განათლების სამინისტრომ  დააანონსა მანდატურის სამსახურის  შექმნა და მეც ჩავერთე საპილოტე პროგრამის შექმნაში, რომელსაც, სიამაყით ვიტყვი - ერთ-ერთ მიღწევად მივიჩნევ - დანაშაულმა იკლო და მოვახდინეთ პრევენცია.

- თუმცა, მანდატურის სამსახურს მაშინ ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა - ამბობდნენ, რომ სკოლებში პოლიციური სტრუქტურა შედიოდა.

- სამაგიეროდ, დრომ აჩვენა, რომ არანაირი პოლიციური, სადამსჯელო სტრუქტურა არ შექმნილა და დღეს არ მახსენდება შემთხვევა, მანდატურს ბავშვი ან პედაგოგი დაეჩაგრა.

- ეს გასაგებია, მაგრამ იურისტი კაცი დირექტორად როგორ აღმოჩნდით, არ მეტყვით?

- ჩავაბარე დირექტორის გამოცდები და სამეურვეო საბჭომ ამირჩია.

- პროფესიას რომ უღალატეთ, არ ნანობთ?

- ვნანობ... და იცით, რა მხრივ? -  მენატრება ხოლმე ჩემი ძველი საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო - ბავშვებთან მუშაობას, მათ აღზრდაში მონაწილეობასა და სწორ გზაზე დაყენებას არაფერი სჯობს. მინდოდა, ამ საქმეში თუნდაც ერთი აგური დამედო და მოხარული ვარ, ამის საშუალება რომ მომეცა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება