მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელი მერი ხაჩიძე თავის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა და სწავლის შემდეგ საფეხურზე გზა დაულოცა. მასწავლებელმა მოსწავლეებს ლექსიც მიუძღვნა და ის „განძიც“ გადასცა, რასაც პატარები ელოდნენ.
„ჩემო ძვირფასო ბავშვებო, მიმდინარე სასწავლო წელი ჩვენთვის ცოტა უჩვეულო იყო, მაგრამ უფლის წყალობით ყველაფერი წარმატებით გადავლახეთ.
დღეს დაგემშვიდობებით... სულითა და გულით დაგილოცავთ მომავალი ცხოვრების გზას! ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! გახსოვდეთ, მუდამ თქვენზე ფიქრში ვიქნები.
ახლა, მინდა ერთი თქვენთვის ძალიან საინტერესო მომენტი გავიხსენო, დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა და გაგიმხილოთ იმ ლამაზად შეფუთული ყუთის საიდუმლო, რომელიც პირველ კლასში მოგიტანეთ და გითხარით; ვინც კარგად ისწავლის და გულს გამიხარებს, ამ ყუთში არსებულ „განძს“ საჩუქრად მიიღებს ჩემგან მე-4 კლასის ბოლოს-მეთქი.
თქვენ ძალიან დაგაინტერესათ ამ ყუთში არსებულმა „განძმა“ და როგორც კი გარეთ გასულს დამიხელთებდით კარებთან ამხანაგს აყენებდით, ხომ არ მოდისო და უტრიალებდით ყუთს, ძალიან გაინტერესებდათ რა „განძი“ იდო მასში. ყუთის გახსნას კი ვერ ბედავდით.
აი, გაირბინა ოთხმა წელმაც და საიდუმლოს მინდა ფარდა ავხადო .იმ ყუთში ის „განძი“ იდო რომლის გარკვეული ნაწილიც თქვენ ჩემგან უკვე მიიღეთ და უფრო დიდი ნაწილი თქვენს მომავალ მასწავლებლებშია დამალული, რომელიც თქვენ მისხალ-მისხალ წარმატებით უნდა აითვისოთ და შეისწავლოთ.
ეს ძვირფასი განძი ცოდნაა და ის ჯერ აქ საშუალო სკოლაში უნდა მიიღოთ და შემდეგ უმაღლეს სკოლაში. მე ვისურვებდი, რომ ეს ორივე საფეხური თითოეულ თქვენგანს წარმატებით გაევლოს და უდიდესი განძით დატვირთული შედგომოდეს ცხოვრების დიდი გზას. დამპირდით, რომ ამ თხოვნას შემისრულებთ. ნათქვამია საფუძველი თუ არ აქვსო, შენობას ვერ ააგებთ. საფუძველი ხომ მიიღეთ, მაშ ბრძოლას ნუ წააგებთ!
თქვენ მთხოვეთ, თქვენც ლექსით დაგვემშვიდობეო და მე ამ პატარა თხოვნას აქვე გისრულებთ.
გეფერებით ყველას,
როგორც ღვიძლი დედა.
თქვენ ხართ მომავალი
ერის თვალთახედვა.
ლექსით გიალერსებთ
გეხუტებით გკოცნით,
გაიხარეთ, დაფრთიანდით ძვირფასებო
დედაღვთისმშობლის ლოცვით“, - წერია პედაგოგის მიმართვაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა