მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის საქალაქო სასამართლო 6 წლის ბავშვის წამების ფაქტზე დაკავებული დედისა და მამინაცვლის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება და სხდომაზე ხდება გარკვეული სახით მისი პერსონალური მონაცემების გაჟღერება, პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა სხდომის დახურვაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალი დაუსაბუთებელია.
„რეალურად საქმე არის შეთითხნილი, იმიტომ, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მათ შორის ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებულად სამართლებრივად. მას დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის განხილვის დროს ის ვერ დაადასტურებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დაცვის მხარე მოსთხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოხდეს დატოვება. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ეს ფოტომასალა არის ერთი წლის წინანდელი. გუშინ სასამართლოზე იყო ბავშვი. რაც მე შევხედე ბავშვს, დაზიანება არ აქვს. როდის მიიღო ეს დაზიანება, ვინ გადაიღო ფოტოები, ვინ გადააგზავნა, ეს არის გასარკვევი გამოძიების მიერ. ამ ფოტოებიდან გამომდინარე არ შეიძლება ადამინს წაუყენო წამების ბრალდება“, - განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.
19 ივნისს, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 წლის ბავშვი და მისი უმცროსი ძმა, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს