მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელოვნება უკვდავია, მასში წარმოჩენილი ვარსკვლავები კი ჟამთა სვლის განმავლობაში ფარდას ეფარებიან, მხოლოდ ქრებიან და ამ ქვეყნად ლეგენდებად რჩებიან. თაობათა სვლას უტოვებენ იმ მხატვრულ სამყაროს, რომელშიც ერთ დროს ცხოვრობდნენ, როგორც ვარსკვლავები… პარადოქსია ისიც, რომ კინო ცოცხლად ინახავს ყველაფერს, რაც კი ოდესმე აღუბეჭდავს… “ვარსკვლავები არ კვდებიან… ვარსკვლავები ქრებიან მხოლოდ“ – საოცრად აქვს გადმოცემული ოთარ სეფიაშვილს ხელოვნების როლი საზოგადოებაში და მართლაც უკვდავი ლეგენდის – ნატო ვაჩნაძის მხატვრული ცხოვრება.
„…ვარსკვლავები არ კვდებიან. ვარსკვლავები ქრებიან მხოლოდ…
ამას ამბობს ლეგენდა.
ლეგენდად იქცევიან ადამიანები. ადამიანები კვდებიან.
ლეგენდის დღენი კი წუთისოფლით არ იწურება.
ქართული კინოს გზასავალზეც დარჩა ერთი ლეგენდა – ლამაზი,ნათელი და სევდნარევი. ლეგენდა იმაზე, რომ… ვარსკვლავები არ კვდებიან, ვარსკვლავები ქრებიან მხოლოდ…
ასე იწყება ლეგენდა:
საქართველოშიც ჩამომდგარიყო კინო – მეოცე საუკუნის „გლახაკთა და უპოვართა“ მუზა, უმრწემესი მუზათა შორის. თრთოლვით შესცქეროდა დიდოსტატ ხუროთმოძღვართა ქვაში გამჟღავნებულ ამაყ სულებს, ჟრუანტელს გვრიდა მონღოლთა ისრებით თვალებდათხრილი ღვთისმშობლის ფრესკები, ოქრომქანდაკებელთა სინატიფეს ეწაფებოდა… ყველაზე ძლიერ ხიბლავდა ხალხს უდრეკი და ლამაზი სული. ეს იყო მისი შთაგონება, ხელოვანად გახდომაზე ოცნებობდა და თავის ვარსკლავს დაეძებდა თურმე.
„ცხოველ სურათებად“ ინთებოდა კინო ჩაბნელებულ დარბაზში. და თუმცა, მასში მცირე იყო სიცოცხლე და კიდევ უფრო ნაკლები – ხელოვნება, მაინც გაუჩნდნენ თაყვანისმცემლები. ამ დროს კი, საოპერო თეატრის სცენაზე უკვდავებას ეზიარებოდა. უფლისწულ აბესალომსა და ობოლი ეთერის უბედო სიყვარულის თქმულება, დაწერილი იყო „მთწმინდის მთვარე“ და „მერი“, თბილისის ტავერნების კედლებიც დაეპყრო ფიროსმანის მომაჯადოებელ ფერებს.
კინო მაღლდებოდა და კვლავ დაეძებდა თავის ვარსკვლავს. ხმა დაირხა – შარშან თბილისში გამართულ ჯირითზე მოუკრავთ თვალი მისთვის… ვიღაცამ თქვა: –„ერთი ფოტოგრაფის ვიტრინაში ახლაც ჰკიდიაო მისი სურათი“. მივიდნენ, ნახეს მოიხიბლნენ კინოს მსახურნი. შემდეგ ალაზნის ველზე მიაგნეს ამომავალ ვარსკვლავს. იმას, ვინც ქართული კინოს მნათობი უნდა გამხდარიყო, ვის სახელსაც ლეგენდად ქცევა ეწერა.
ეს სახელი იყო ნატო ვაჩნაძე.
ნატო ვაჩნაძე კინოხელოვნებაზე სულ რაღაც ცხრა წლით უმცროსი იყო. დაიბადა 1904 წელს, ვარშავაში. როგორც მსახიობი კი, ნატო თითქმის ქართული საბჭური კინოს თანატოლია… 1923 წელს გამოჩნდა ეკრანზე… მაშინ ცხრამეტი წლისა იყო.
სულ მცირეწლოვანი ყოფილა ნატო, როდესაც მოუკლავთ მამა – გიორგი ანდრონიკაშვილი, კავალერიის ოფიცერი, მარულების ტრფიალი და მოხდენილი ვაჟკაცი. დაქვრივებული ეკატერინე სლივიცკაია, ოთხი შვილითურთ დასახლებულა კახეთში, გურჯაანში “ბეზარაანთ წყაროსთან“. აქ ეზიარებოდა ნატო შრომასა და მიწის სიყვარულს, აქვე დაიბადა მისი პირველი ქალწულებრივი ოცნებაც.
„გაგონილი მქონდა სურათები – „არსენა ჯორჯიაშვილი“,“სურამის ციხე“. არც ერთი არ მენახა… მახსოვს პირველად შესვლა კინოში. თეატრი „აპოლო“. ვნახე სურათი „ანა კარენინა“. არამცთუ აღტაცებაში არ მოვსულვარ – ვერც დავკმაყოფილდი. შთაბეჭდილება: თითქოს ბეთჰოვენი მოვისმინე“.
საოცარია, მას არ უოცნებია კინოზე, თავად გახდა კინოს ოცნება.
„პირველი შთაბეჭდილება ცუდი იყო. სახე მკრთალი, დაღლილი, შეშინებული თვალები“ –იგონებდა ვლადიმერ ბარსკი, რეჟისორი სურათიდან „არსენა ყაჩაღი“, რომელშიც მთავარი როლის შესასრულებლად ნატო ვაჩნაძე მიიწვიეს. „ქალი მარწმუნებს : ეკრანი არ მიმიღებს, მსახიობი ვერ გავხდებიო. უცბად, ნატოს სახე შეეცვალა, თვალები გაუბრწყინდა, გახდა მშვენიერი და მომხიბლავი. ვხედავ –ალმასია.მხოლოდ საჭიროა მისი დახვეწა, რომ სრულად გაბრწყინდეს“–შემდეგ შეუფარავი სიამაყით ამბობდა რეჟისორი :“ეკრანის ეს მარგალიტი მე აღმოვაჩინეო“.
1927 წელს გამოვიდა ფილმი „გიული“ შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით. აქ შეხვდნენ ერთმანეთს ახალგაზრდა პოეტი, რეჟისორი, დებიუტანტი ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე. როდესაც, ნატო ვაჩნაძე დათანხმდა ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად მუშაობას, ზოგი აფრთხილებდა , არ გადაედგა საბედისწერო ნაბიჯი, საფრთხეში არ ჩაეგდო „პრიმა აქტრისას“ რეპუტაცია… ნატოს კი გული სხვას უთქვამდა. მან რჩევა კოტე მარჯანიშვილს ჰკითხა. კოტეს დასტური კი უმაღლესი ფირმანი იყო.
საერთო მიზანსწრაფვამ, კინოს თავდავიწყებულმა სიყვარულმა ეს ორი ადამიანი სულიერად დაანათესავა ერთმანეთს. მოხდა ის, რაც თითქოს, უთუოდ უნდა მომხდარიყო – ნატო გახდა შენგელაიას ცხოვრების თანამგზავრი ვარსკვლავი, შენგელაია კი – ნატოს „ცხოვრების რეჟისორი“.
იმ დროს ქართულ თეატრში ბობოქრობდა კოტე მარჯანიშვილის მგზნებარე გული. მარჯანიშვილის სახელი, მასთან მუშაობა იყო ყოველი ახალგაზრდა შემოქმედის ნატვრა. ეს ნატვრა აუხდა ნატო ვაჩნაძესაც – კოტე მოვიდა ქართულ კინოში. ექვსი სურათი დადგა მარჯანიშვილმა, მაგრამ იმდროინდელი კინოტექნიკა ვერ იტევდა, ვერ აკეთებდა მის დაუცხრომელ მაძიებელს და მგზნებარე სულს. ნატომ მარჯანიშვილის ორ სურათში მიიღო მონაწილეობა: “ამოკში“ – ასრულებდა ევროპელი კომერსანტის ცოლის, “თეთრი ქალის“ როლს, ხოლო „კრაზანაში“–ახალგაზრდა მებრძოლ იტალიელ ქალს – ჯემას.
საოცარი უბრალოებითა და მომხიბვლელი სისადავით დახატა ნატომ ქართველი გლეხი ქალის მართას სახე ფილმ „ქაჯანაში“. აქ პირველად შეასრულა დედის როლი, ითამაშა პირველად და დაუვიწყრად… შემდეგ მონაწილეობას იღებს ფილმში „ის კვლავ დაბრუნდება“ მოგვიანებით კი თავად იგონებდა: “ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იმ წლებში სულ ჩემს გვერდით იდგა სიკვდილი“. აკი აუხდა შიში – მოულოდნელად გარდაიცვალა რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. დაღლილმა გულმა უმტყუნა საჭესთან, თბილისისაკენ მომავალს… ცივ შარაზე, ქარ–წვიმაში ნაბადზე დასვენებულს დასცქეროდა „ვარსკვლავი“ თავისი „ცხოვრების რეჟისორს“ და მეუღლეს… ამის შემდეგ დიდხანს არ გამოჩენილა ეკრანზე, მაგრამ სიცოცხლის ტრფიალმა და შემოქმედების ჟინმა კვლავ მოაბრუნა კინოსაკენ.
ნატო იყო პირველი ქართველი კინომსახიობი, რომელიც საერთაშორისო კონოფესტივალზე მოხვდა. მაშინ მერვედ იმართებოდა ვენეციის „ბიენალე“. ლეგენდა ამბობს – უმალ გახურდნენო რეკლამით შექმნილი კინოვარსკვლავნი, როცა მათ შორის ჩადგა ნამდვილი ქალი, რომელიც იყო ვარსკვლავი…
ჩვენს ლეგენდას აქვს დასასრულიც… იგი ამბობს, რომ მეოთხედი საუკუნე იწვოდა ვარსკვლავი ეკრანზე და შუქი არ გაკრთობიაო. წლებმაც ვერა დააკლესო მის სილამაზეს. როცა ადამიანები კინოხელოვნებაში ოცდახუთი წლის ყოფნისათვის სიყვარულის გვირგვინს ადგამდნენ თავზე, იგი ოცნებობდა დაეხატა ეკატერინე ჭავჭავაძე – გენიოსი ბარათაშვილის პოეტური სიყვარული. მაგრამ ვერ მოესწრო…ორმოცდაცამეტში გაზეთები იუწყებოდნენ მწუხარე ამბავს – ჰაერში, თვითმფრინავის კატასტროფამ იმსხვერპლაო ვარსკვლავი. ბედისწერა: თვითმფრინავი, რომლითაც ნატო დონის როსტოვიდან თბილისისაკენ გამოფრინდა, სწორედ ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიური სოფლის თავზე მოხვდა ჭექა–ქუხილი და დაიღუპა. და იყო რაღაც მშვენიერიც და შემზარავიც ცაში ამაღლებულ ამ სიკვდილში…ასე მიეფარა თვალს… მკვდარიც არავის უნახავს – დაიწვა, გაქრა“…
…ვარსკვლავები არ კვდებიან…ვარსკვლავები ქრებიან მხოლოდ…
ამას ამბობს ლეგენდა….
ლეგენდებად იქცევიან ადამიანები. ადამიანები კვდებიან.
წყარო: “ლეგენდა ვარსკვლავზე“ (1984წ)
ავტორი: იაკო ამირანაშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ