მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სანამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლის დირექტორი გახდებოდა, მედიკო მირზაშვილი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა; ასე რომ, ძალიან კარგად იცის, რა ხდება გაკვეთილზე და ისიც უწყის, რა შრომას სწევს თითოეული პედაგოგი, რათა მოსწავლეს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს. პროფესიის არჩევაში კი ბავშვების უდიდესმა სიყვარულმა შემიწყო ხელიო, - გაგვიმხილა და Etaloni.ge-ს არაერთ საინტერესო საკითხზეც ესაუბრა.
- 2020-2021 სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის ნორმალურად წარიმართა; ვერ ვიტყვი, რომ არ იყო გამოწვევები, თუმცა მოხარული ვარ რომ შევძელით, ისინი ღირსეულად დაგვეძლია; მივიღეთ უდიდესი გამოცდილება და დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რამ გვასწავლა.
- ამ ფონზე რთული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულება?
- ნამდვილად არ ყოფილა რთული; ბევრი რამ გახლდათ დამოკიდებული პედაგოგის ოსტატობაზე, ჩვენს მასწავლებლებს კი პროფესიონალიზმი ნამდვილად არ აკლიათ, ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა - ჩვენთან სასწავლო წელი წარმატებით შედგა.
- თუმცა ექსტერნატის გამოცდები სწორედ არსებული გამოწვევებისა და მოსწავლეთა არცთუ სახარბიელო შედეგების გამო მოიხსნა, ქალბატონო მედიკო... თუ ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?
- ზოგადად, ექსტერნატის გამოცდების გაუქმება ხელისშემწყობი გარემოების შექმნაა ყველა მოსწავლისათვის, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები.
- აქვე უნდა გკითხოთ აზრი იმის შესახებ, რომ მოსწავლეს 45-დღიანი გაცდენის შემთხვევაში, სტატუსი უჩერდება, ადრე კი ეს ვადა 90 დღე იყო - რამდენად ადეკვატურია ეს ვადა და შეუწყობს თუ არა ხელს ცვლილება, ბავშვების სკოლაში დაბრუნებას?
- სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, 45-დღიანი ვადა მეტად მობილიზებულს გახდის როგორც მოსწავლეს, ასევე მშობელს და ამ კუთხით შესაძლოა გაცდენებმაც იკლოს.
- ისე, როგორც დირექტორს, რა მოლოდინი გაქვთ მომავალი სასწავლო წლისთვის?
- სექტემბერს დიდი იმედით ველი; ვფიქრობ, უფრო საინტერესოდ უნდა დავგეგმოთ ახალი სასწავლო წელი, გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინტერესი და შესაძლებლობა.
- გაისად სიახლეც გელით - ელექტრონული ჟურნალი სავალდებულო ხდება; არის თუ არა მზად თქვენი სკოლა ამისთვის?
- მომავალი წლიდან, ნამდვილად მხოლოდ ელექტრონული ჟურნალები იქნება სკოლებში. წელს კი საპილოტე პროექტი იყო და გამოცდილებაც მივიღეთ.
- როგორც ვიცი, დირექტორობამდე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყავით. რა არის წარმატებული სკოლის ფორმულა?
- კვალიფიციური, მოტივირებული პედაგოგები და გუნდური მუშაობის პრინციპი.
- ისე, როგორი დირექტორი ჰყავს თქვენს სკოლას და როგორი ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან?
- მაქვს მეგობრული ურთიერთობა... დღევანდელი მოსწავლეები არიან თავისუფალი და მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც სასიკეთოდ უნდა წაადგნენ დემოკრატიულ სახელმწიფოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა