„მიუხედავად პანდემიისა, სკოლამ ყველა რეგულაციის დაცვით შეძლო მრავალი წამახალისებელი ღონისძიების ჩატარება“-ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლა წელს აჯამებს
24-06-2021
დაკოპირებულია
-
+
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში, პანდემიისა და რეგულაციების პარალელურად, სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
„მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ზოგადი სურათისა, ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით გადადგეს ფეხი მომდევნო კლასებში. იმისათვის, რომ სასწავლო წლის დასასრულისათვის მხიარული ელფერი მიგვეცა, სკოლაში მოვაწყეთ რამდენიმე მრავალფეროვანი აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, სტიმულის მიცემასა და წახალისებას“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, მეორე და მესამე კლასებს შორის მოეწყო „მხიარული სტარტები“. ბავშვები ენთუზიაზმითა და ხალისით ასრულებდნენ სპორტულ აქტივობებს საკუთარი გუნდებისთვის გამარჯვების მოსაპოვებლად. სკოლის დირექციამ მოსწავლეები მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოვა.
ასევე, გაიმართა საფეხბურთო მატჩი მეხუთე და მეექვსე კლასებს შორის. გამარჯვებული გუნდი სიგელით დაჯილდოვდა.
„მიუხედავად პანდემიისა, ჩვენმა სკოლამ ყველა რეგულაციის დაცვით შეძლო მრავალი წამახალისებელი, სპორტული, ინტელექტუალური თუ კლასის დამთავრებასთან დაკავშირებული ღონისძიების ჩატარება, რამაც ცხადია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასწავლო წლის შეჯამებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.