სიახლეები
ინტერვიუ

„იგეგმება მასწავლებლების პირობების გაუმჯობესება... ოთხი რამ მოეთხოვებოდათ წელს პედაგოგებს“ - ნიკო სილაგაძე ახალი ესგ-ს დეტალებზე
25-06-2021
-
+


ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ უამრავი კითხვა და უფრო მეტი - გაუგებრობა გააჩინა; პანდემიის ფონზე, დისტანციური სწავლების პირობებში, პედაგოგებს სხვადასხვა საკითხში მოუწიათ გარკვევამ. როგორ მოახერხეს ეს, ცალკე საუბრის თემაა, თუმცა დღეს, ექსკლუზიურად, etaloni.ge-სთვის, განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების ექსპერტი ნიკო სილაგაძე ახალი ესგ-ს შესახებ დაგროვილ კითხვებს პასუხობს და დეტალურ განმარტებებს აკეთებს; ამხელს იმასაც, რომ განიხილება მასწავლებლების ხელფასების მატება და დირექტორებისთვისაც გარკვეულ ცვლილებებს აანონსებს.

- ბატონო ნიკო, იქნება განმარტოთ, ამჯერად რა რეფორმა მიმდინარეობს განათლების სისტემაში და რას გულისხმობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა?

- ყველა ვთანხმდებით, რომ სწავლა-სწავლების დონე არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს; ხარისხი რომ გაუმჯობესდეს, მიმდინარეობს ზოგადი განათლების რეფორმა. ახლა რეფორმის მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, რომელიც გაიგივებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან. ახალი სკოლის მოდელი სხვა არაფერია, თუ არა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი; მასწავლებლებისა და სკოლების პროფესიული მხარდაჭერის სისტემის გადასინჯვაც ამ პროცესს უკავშირდება.  

- ანუ, „ახალი სკოლის მოდელი“ აღარ იქნება ამ ფორმით და ამ სახელით? და მაშინ, ამ ხნის განმავლობაში რაც გაკეთდა, ფუჭი შრომა იყო?

- არა, რა თქმა უნდა, ასე არ არის... ახალი სკოლის მოდელი თავიდანვე იყო და არის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროგრამა. სხვა საკითხია, რომ ამ ტერმინმა ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გააჩინა საზოგადოებაში, გაჩნდა არაადეკვატური კითხვები - „რომელი ქვეყნის მოდელი გადმოიღეთ?“, „ყველა სკოლას რატომ ახვევთ თავს ერთსა და იმავე მოდელს?“ და ეს იმ ფონზე, როდესაც რეალურად მთავარი იდეა ის არის, რომ ყველა სკოლამ თავად ეპოვოს გზა და „მოდელი“, როგორ დაენერგოს ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორ განახორციელოს რეფორმა ლოკალურად, სასკოლო დონეზე... ამ შემთხვევაში, ცვლილება არაფერია, უბრალოდ, გააჩნია, რა სიტყვას გამოიყენებ, უფრო გასაგები რომ იყოს საზოგადოებისთვის.

- სასკოლო საზოგადოება ერთხმად ამბობს - წარმატებით დავძლიეთ ეროვნული სასწავლო გეგმა, რადგან მოქნილი დოკუმენტია, მოდიფიცირების საშუალებას იძლევაო... არადა, ახალი ესგ საშუალო საფეხურზე არც დანერგილა და არარსებულ დოკუმენტზე საუბრობენ, ბატონო ნიკო. გვითხარით, რამდენად ახლოსაა ეს პასუხები რეალობასთან, ან განათლების სამინისტროს რაიმე მონაცემები თუ გააჩნია?

- საშუალო საფეხურისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2022-2023 სასწავლო წლიდან დაიწყება, მანამდე პერიოდი კი დაეთმობა პილოტირებას.

რაც შეეხება შეკითხვას - დასაკონკრეტებელია, რა იგულისხმება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევაში. ხშირად „დაძლევა“ ესმით როგორც გეოგრაფიაში, ისტორიაში, ფიზიკასა და სხვა საგნებში საკითხების ამოწურვა. არადა აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა მხოლოდ საშუალებაა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მისაღწევად.

- ნუ დაგვაბნევთ... აბა, რა არის მთავარი ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში - პროგრამულმა ნაწილმა უკანა პლანზე გადაიწია?

- საკითხი ასე დგას - მთავარია რა მიზნით და როგორ ისწავლება ესა თუ ის საგანი და რა როლი აქვს მას მოსწავლის პიროვნულ განვითარებაში. მაგალითად ისტორიაში გვაქვს ექვსი სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული შედეგები. ეს სამიზნე ცნებებია: წყარო, დრო, სივრცე, ისტორიული მოვლენა, საზოგადოება და ძალაუფლება... თუ ადამიანი ფლობს ამ ცნებებს ის თანამედროვე პროცესებსაც სხვა თვალით უყურებს. პროგრამული საკითხების შესწავლა მოსწავლეს არსობრივი მახასიათებლების გააზრებისთვის სჭირდება. გააზრება გულისხმობს ფაქტობრივ მასალასაც, ამ მასალის ცხოვრებასთან დაკავშირებასაც და პროცედურების ცოდნას. მარტივად რომ ვთქვათ - ნამცხვრის გამოცხობა მაშინ ვიცი, როდესაც რეცეპტიც ვიცი, სამზარეულოში მოქმედების წესებიც და სტუმარი თუ მომივა,  გამოცხობასაც შევძლებ. -  საგნობრივი საკითხები მოსწავლემ სწორედ ცოდნის სამ კატეგორიაში, სიღრმისეულ დონეზე უნდა გაიაზროს

- მაგრამ განათლების სისტემა კულინარიისგან შორსაა და როგორც თავად თქვით, არცთუ სახარბიელო შედეგები გვაქვსროგორც ისტორიკოსმა, პირდაპირ გვითხარით - აღმაშენებლის რეფორმები ცალკე აღარ ისწავლება?

- აღმაშენებლის რეფორმები ისწავლებოდა, ისწავლება და მომავალშიც ასე იქნება - ამ საკითხების რევიზია - რაღაცების ხელოვნურად დაკლება ან მომატება, საერთოდ არ შედის რეფორმის პრიორიტეტებში. ყურადღება გადადის შემდეგ შეკითხვებზე - რატომ ვასწავლი? და როგორ ვასწავლი? შეკითხვაზე რატომ ვასწავლი? - პასუხს სცემს სამიზნე ცნებები და მასთან დაკავშირებული შედეგები, კითხვაზე პასუხად როგორ ვასწავლი? - შემოდის კომპლექსური დავალებები და კეთებით სწავლების რეჟიმი.

- კომპლექსური დავალებები რამდენად არის ეფექტური თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე, როდესაც მოსწავლეს შეუძლიამოიძიოს ინფორმაცია, დააკოპიროს და ასე ჩააბაროს მასწავლებელს…

- არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ, რომ რიგ შეთხვევებში კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას მასწავლებლები ზოგჯერ უშვებენ შეცდომებს; კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას ბავშვმა უნდა წარადგინოს საკუთარი ნაშრომი, ახსნას რა გააკეთა? რატომ გააკეთა? და მოახდინოს თვითშეფასება. თუმცა ეს არის კონკრეტული ხარვეზები, რაც მასწავლებლებს დანერგვის პროცესში მოსდით.

- მიზნის მიღწევა კი, ისევ და ისევ, მასწავლებლების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, არა?

- რა თქმა უნდა, მასწავლებლების გარეშე ვერაფერი მოხდება.

- აქ ჩიხში ხომ არ არის განათლების სისტემა, იმიტომ, რომ მანამდე არაერთი რეფორმა წამოიწყო სამინისტრომ, რომლის შედეგებიც, საკმაოდ საეჭვოა...

- სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმ რეფორმატორების მიმართ, ვინც ამბობს, რომ რეფორმა კარგად ჩაიფიქრეს და მასწავლებლებმა კარგად ვერ განახორციელეს.  ეს არასერიოზული ნათქვამია -  როდესაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა იწერებოდა, ის გათვლილი იყო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე. არაფერია ისეთი, რასაც მასწავლებლები ვერ შეძლებენ.

- რეფორმა მოარგეთ მასწავლებლებს?

- მასწავლებლებს და მოსწავლეებს... რეფორმის დაგეგმვისას ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ მასწავლებლებისთვის მაგალითების საფუძველზე, იოლად აღსაქმელი ყოფილიყო ისეთი კატეგორიები, როგორიცაა: ინკლუზიური განათლება, ხარისხიანი განათლება, სწავლა-სწავლების გრძელვადიანი მიზნები, პოზიტიური სასწავლო გარემო და სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები.

- ბატონო ნიკო, საშინაო და საკლასო დავალება კომპლექსურმა ჩაანაცვლა?

- ამჟამად სკოლებს შეფასების სისტემასთან დაკავშირებით აქვთ ორი ალტერნატივა. დავიწყოთ იმით, რომ განმსაზღვრელი შეფასების გაუქმებაზე საუბარი არ არის. ზოგი სკოლა მოსწავლეს აფასებს საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებით; ზოგი - მხოლოდ შემაჯამებლით, ჩვენ კი გვსურს მათ  შევთავაზოთ  მესამე მოდელი - როდესაც ნიშანი ერთია და დიდი თემის ბოლოს იწერება. წლის ბოლოს, მოსწავლეს მისი გამოსწორების უფლება აქვს. ამ შემთხვევაში, ვფრთხილობთ, თუნდაც კარგი იდეები ხისტად არ მივიტანოთ სკოლამდე, განხილვები მიდის, მზაობა არის და რაც მეტი არჩევანი ექნებათ სკოლებს, მით უკეთესია ეს განათლების რეფორმისთვის.

- განმსაზღვრელი შეფასება ახსენეთ. როგორც ჩანს, თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით, მას სადამსჯელო ღონისძიებად არ მიიჩნევთ.

- არ ვფიქრობ, რომ ეს არის გადმონაშთი ძველი პარადიგმიდან. მას საკუთარი ფუნქცია აქვს.

- ორი ათეული წელია რეფორმა მიდის და მასწავლებლებს მუდმივად უწევთ სიახლეებთან ადაპტირება, სტატუსებისთვის ცალკე რბოლაა, და სანამ ისინი კრედიტების ატვირთვა-ჩამოტვირთვაში ვარჯიშობდნენ, ბავშვების ინტერესები მეორეხარისხოვანი გახდა; ახლა კიდევ მესამე თაობის ესგ-ში უნდა გაერკვნენ...

- მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს ეს არ ემუქრება, რადგან ამაზე ბევრია ნაფიქრი - ყველა აქტივობა, რაც სკოლებსა და მასწავლებლებს მოეთხოვებათ, მოსწავლესა და საკლასო ოთახთანაა დაკავშირებული, მიღწევები კი იზომება მოსწავლის წარმატებებით.

ოთხი რამ ევალებოდათ მასწავლებლებს წელს: 1. კომპლექსური დავალების განხორციელება; 2. განმავითარებელი შეფასება; 3 სასკოლო პროექტი; 4. შემდეგი სასწავლო წლისთვის გეგმების დასახვა. ესაა საკლასო ოთახიდან დაწყებული რეფორმა და მასწავლებელს თუ არ გადავტვირთავთ ბიუროკრატიული ვალდებულებებით, საჩვენებელი დოკუმენტებით, სასწავლო პროცესი მოსწავლის ინტერესებს არ აცდება.

- ყველზე დიდ გამოწვევად რა მიგაჩნიათ?

 - უმთავრესი პრობლემაა პასუხისმგებლობის ცენტრები. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ისეთი დოკუმენტია, რომელიც მოითხოვს სამინისტროდან პასუხისმგებლობის ცენტრის გადატანას სკოლაზე, თუ ასე არ მოხდა, გაჭირდება დანერგვა.

- სკოლების უმრავლესობას ჰყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი...

- მხოლოდ დირექტორში არაა საქმე.

- მთავარი ხომ მაინც დირექტორია - როცა ადამიანს მოვალეობის შემსრულებელი ჰქვია, ის ბუნებრივია, არ აიღებს პასუხისმგებლობას და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ფონზე, ზემოაღნიშნული სიახლეების წარმატებით გატარება?

- კარგი არ არის მ/შ-ების სისტემა, მაგრამ ეს ხომ სამუდამო არ გახლავთ?

- და როდის უნდა დასრულდეს ეს პროცესი - კიდევ რამდენ ხანს უნდა ხელმძღვანელობდნენ სკოლებს მოვალეობის შემსრულებლები?

- ეს რა თქმა უნდა, ხელშემშლელი ფაქტორია და მალე უნდა გადაიჭრას, ამიტომ მუშავდება დირექტორების განვითარების კონცეფცია. 

- კონკრეტულად, რა ცვლილებები იგეგმება დირექტორებისთვის?

- ცვლილებები უკავშირდება სკოლის ლიდერის ფუნქციებისა და  ვალდებულებების ახლებურად გააზრებას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მსგავსად, ესეც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ნაწილია.

- კითხვაზე არ მპასუხობთ…

- არის საკითხები, რომლებზეც სხვებს ეკუთვნით საუბარი, იგივე მასწავლებლის ხელფასებზე, დაფინანსებაზე... მე კი ერთს ვიტყვი - რეფორმა არასოდეს ყოფილა ასე ჰოლისტური და ასე დეტალებში გააზრებული.

- და მაინც - იგეგმება თუ არა მასწავლებლების ხელფასების ზრდა?

- ხელფასების ზრდა და ამ კუთხით მასწავლებლების პირობების გაუმჯობესება განიხილება.

- სამინისტრომ მასწავლებლები ერთხელ უკვე „გადააგდო“, ბატონო ნიკო, დაპირებული 150 ლარის ნაცვლად, 100 ლარი მოემატათ და ისიც ექვითებათ.

- ახლა იქმნება კომისია, რომელიც მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

- სახელმძღვანელოების გრიფირებაზე რას გვეტყვით, რა ვითარებაა წელს და რამდენად შეესაბამება რეალობა სასურველ შედეგს?

- რეალურად, მე-7-8-9 კლასების სახელმძღვანელოები პასუხობს მესამე თაობის ესგ-ს მოთხოვნებს; ადრე თუ მასწავლებლის წიგნი ფორმალურად არსებობდა ახლა მას მოსწავლის წიგნზე არანაკლები ყურადღება ექცევა.

- თუმცა სახელმძღვანელოები ამ საკითხში ჩახედულებს დიდად არ მოსწონთ; წელს საყოველთაო ღიაობა დააანონსეთ და საინტერესოა, რამდენად გაითვალისწინეთ უბრალო მოკვდავების აზრი?

- წიგნის შემუშავების პროცესში ბევრი კომპეტენტური ადამიანია ჩართული, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, აფასებენ და ითვალისწინებენ საზოგადოების აზრს.

- ბატონო ნიკო, რეფორმის წარმატებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ბრძანდებით, როგორ გგონიათ, შესაძლებელია, ორიოდე წლის შემდეგ მოვიდე და იმაზე ვისაუბროთ, რომ არ გაამართლა და სხვა გამოსვლის პოვნაა საჭირო...

- ასე არ მოხდება, ალბათ ვერ გამოვრიცხავთ ცალკეულ შეფერხებებს, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგებს - ხელს შუწყობს კრიტიკულად, შემოქმედებითად მოაზროვნე ფართო ერუდიციისა და თვალსაწიერის მქონე თაობის აღზრდას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება