სიახლეები
სიახლეები

KIU - ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ხელმძღვანელი მიმდინარე წელს აფასებს და დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს
30-06-2021
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების მიერ არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა ერთი წლის განმავლობაში. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი აღნიშნავს,  6 ივლისს პირველად ჩატარდება კიუ-ს საუნივერსიტეტო კონფერენცია, ამასთან შემოდგომის სემესტრში იგეგმება  სადოქტორო პროგრამების ამოქმედება, ხოლო მომდევნო წლებში უნივერსიტეტი მსურველებს სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს. 

მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების მიღწევებსა და განხორციელებულ პროგრამებზე რამაზ ბოჭორიშვილი დეტალურად საუბრობს:

- უკვე ერთი წელია მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლები ფუნქციონირებს, როგორ შეაფასებდით გავლილ პერიოდს და რამდენად გაამართლეს სკოლებმა?

- განვლილი ერთი წელი იყო ძალიან საინტერესო, გამოწვევებით სავსე და წარმატებული.  ახალი უნივერსიტეტის წინაშე, ცხადია, უამრავი გამოწვევაა, პანდემიამ კი დამატებით ბევრი სირთულე შექმნა. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ და გაზაფხულის სემესტრის მეცადინეობების მხოლოდ 20% გვქონდა ონლაინ, დანარჩენი 80% კი, კამპუსზე, აუდიტორიებში ჩატარდა. ამასთანავე, სტუდენტებს არჩევანი ჰქონდათ სურვილისამებრ აერჩიათ ონლაინ ან აუდიტორიული სწავლება. ერთი და იგივე ლექციას ერთდროულად ესწრებოდნენ სტუდენტი ონლაინ და სტუდენტი აუდიტორიაში. ამის განხორციელება კი შეუძლებელია სათანადო ტექნიკური აღჭურვისა და კვალიფიკაციის მქონე პროფესორების, ასისტენტების, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის გარეშე.  

აღსანიშნავია, რომ ყველა ფინალური გამოცდა აუდიტორიაში მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტის მიერ მიღებული ქულის საიმედოობას ზრდის და სრულად გამორიცხავს იმ ტიპის პლაგიარიზმის შესაძლებლობას, რაც ონლაინ გამოცდისას შეიძლება მოხდეს. 

მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორი არის პროფესორების და მიღებული გრანტების თანაფარდობა. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით, რამდენიმე საინტერესო პროექტის მოპოვება. მათ შორის ერთ-ერთი პროექტი DAAD-ის მიერ არის დაფინანსებული, რომელიც   ჩვენს სკოლებში ჩარიცხული სტუდენტების დაახლოებით 10%-ს საშუალებას აძლევს შემოდგომის სემესტრში ორი კვირით ეწვიოს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს და ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტს, გაიცნოს გერმანელი თანატოლები და იმუშაოს მათთან ერთად საინტერესო პროექტებზე. 

მეორე პროექტი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ და რომელიც გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (BMBF) მიერ არის  დაფინანსებული, რამდენიმე სათანადოდ მომზადებულ სტუდენტს საშუალებას მისცემს მომავალი წლის ზაფხულში ინტერნშიფით გაემგზავროს გერმანიაში და იმუშაოს საინტერესო პროექტზე. 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროექტების შექმნაში და განხორციელებაში ქართველი და გერმანელი პროფესორები ერთად მონაწილეობენ. მაგალითად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ეხება, ქართველებთან ერთად თითქმის ყველა გერმანელი პროფესორია ჩართული. ეს უკანასკნელი კი მაღალკვალიფიციური საერთაშორისო გუნდის შეკვრის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რაც მრავალი მომავალი წარმატების საწინდარია. 

უნივერსიტეტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ჩვენი სტუდენტების კმაყოფილებაა. აღნიშნული მიზნით ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგებიც ძალიან კარგია. გამოკითხულთა 75%-ზე მეტი ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია ან კმაყოფილია, ხოლო ზოგიერთ შეკითხვაზე, მაგალითად, კამპუსთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი 90%-ზე მეტია. როგორც ჩანს, ჩვენი სტუდენტების კმაყოფილება, ასევე, გავლენას ახდენს ჩვენი პროგრამების მიმართ აბიტურიენტების ინტერესზე - გასულ წელთან შედარებით აბიტურიენტთა ინტერესი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც  წარმატებით  განვლილი ერთი წლის საიმედო ინდიკატორია. 

- რას სთავაზობს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამები სტუდენტებს?

- ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ ორ საბაკალავრო პროგრამას: „მათემატიკა“ და „კომპიუტერული მეცნიერება“. გარდა აკადემიური პროგრამებისა, სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა პროგრამები, რომლებიც ექსტრაკურიკულურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. წარმატებულ სტუდენტს თავის ბიოგრაფიაში უნივერსიტეტში ჩაბარების და დასრულების წლებს შორის კიდევ ბევრი რამ უნდა ჰქონდეს ჩასაწერი და ჩვენ ამის კარგ შესაძლებლობას ვუქმნით სტუდენტებს. მაგალითად, მათ საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სტუდენტ ტუტორების პროგრამაში ცოდნის გაღრმავების და სამომავლოდ ასისტენტის როლში სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიზნით, მათემატიკის კლუბში სტუდენტურ ოლიმპიადებში მონაწილეობის მიზნით, და პროგრამების კლუბში ოლიმპიადებში მომზადებისა და მონაწილეობის მიზნით. უფროსკლასელთათვის პი დღის შეჯიბრის ორგანიზებაში ამოცანების შერჩევის კონკურსში. საგნობრივი განმარტებითი ლექსიკონის შექმნის კონკურსში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ასევე, ვიზუალური მათემატიკის ფესტივალში, რომელშიც მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებიდან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. 

- ვის შეუძლია მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლებში შემოსვლა, რა მინიმალური ზღვარი უნდა გადალახონ მსურველებმა პროგრამებზე მოსახვედრად? 

- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს მათემატიკა, ქართული და ინგლისური.  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ინგლისურში არის 50%, მათემატიკაში - 46%  მათემატიკის პროგრამისთვის, 43% - კომპიუტერული მეცნიერების პროგრამისთვის. 

მათემატიკის პროგრამა ორიენტირებულია გამოყენებით მათემატიკაზე, ხოლო კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა მოიცავს, რამდენიმე საინტერესო კონცენტრაციას, რაც პროგრამის განვითარებასთან ერთად ყოველწლიურად იხვეწება. ორივე პროგრამის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია კურსდამთავრებულების ისეთი ცოდნით და უნარებით უზრუნველყოფა, რაც შემდგომ ეტაპზე  სწავლის გაგრძელების ან დასაქმებისთვის არის აუცილებელი.  

- რა გეგმები აქვს სამომავლოდ უნივერსიტეტს ?

- მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრში ვგეგმავთ სადოქტორო პროგრამების ამოქმედებას როგორც მათემატიკის, ასევე კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, ხოლო მომდევნო წლებში განიხილება სამაგისტრო პროგრამების დამატება.  

წელს დაფუძნდა და 6 ივლისს პირველად ჩატარდება კიუ-ს საუნივერსიტეტო კონფერენცია, რომელზეც სხვა სექციებთან ერთად იმუშავებს მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სექციები. 

პანდემიის გამო წლევანდელი კონფერენცია მოკრძალებული იქნება და მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების და სტუდენტებისთვის იქნება გახსნილი. სამომავლოდ ველოდებით მრავალ მონაწილეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც კონფერენციაში ჩადგმული თემატური სესიების მუშაობაში ჩაერთვებიან. რადგან მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების მნიშვნელოვანი კომპონენტია ინტერნშიფი და საბაკალავრო პროექტი, ეს კონფერენცია სამომავლოდ განიხილება არამარტო როგორც სამეცნიერო იდეების გაცვლის ადგილი, არამედ როგორც პლატფორმა, რომელმაც ორი წლის შემდეგ ხელი უნდა შეუწყოს კიუ-ს სტუდენტების თანახელმძღვანელობის  იმპლემენტაციას ჩვენს კოლეგებთან ერთად უცხოური უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება