მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რვა წელია, თბილისის N133 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს; პროფესიით მასწავლებელია, თუმცა მანდატურადაც მუშაობდა და შესაბამისად, ზედმიწევნით იცის სასკოლო ცხოვრების თითოეული ნიუანსი. დღეს, ლიანა ფუტკარაძე, Etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის თავისებურებებზეც დეტალურად საუბრობს.
2020-2021 სასწავლო წელი, მსოფლიოსთვის და ჩვენთვისაც, გამოწვევა გახლდათ... იყო დისტანციური სწავლება, ონლაინ-გაკვეთილები, ჰიბრიდული მოდელი და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სწავლა-სწავლების პროცესში; გარდა ამისა, შევძელით, მაქსიმალურად უზრუნველგვეყო უსაფრთხოება და სასწავლო წელი ისე დავასრულეთ, არც ერთი დღე არ გავგვიცდენია.
- არ გაგიჭირდათ სიახლეებისთვის ფეხის აწყობა, ქალბატონო ლიანა?
- ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართულები და ამიტომ, გარკვეული გამოცდილება უკვე გვქონდა, გამოწვევებსაც მობილიზებულები შევხვდით... აქვს ამ ყველაფერს უარყოფითი მხარე, თუმცა, მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გმირობა ჩაიდინეს და ბავშვებს მისცეს განათლება. ვეცადეთ, არ გვყოლოდა სასწავლო პროცესში ჩამორჩენილი მოსწავლეები, ონლაინ-სწავლების მიუხედავად, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტიც განხორციელდა... ერთი სიტყვით, საინტერესო და ნაყოფიერი წელი გვქონდა.
- ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართულებიო, მითხარით... რეფორმა რომ მიმდინარეობს გასაგებია, თუმცა საინტერესოა, რა სიახლეები იგეგმება კონკრეტულად დირექტორებისა და პედაგოგებისთვის?
- ესაა ზოგადი განათლების რეფორმა, თავისი მხარდამჭერი ინოვაციური მეთოდებით, მხარდამჭერი ჯგუფით და ერთად ვცდილობთ, წარმატებით დავნერგოთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. აქ მასწავლებელი გახლავთ მოსწავლის მთავარი მხარდამჭერი, გეზის მიმცემი... ყოველი ახალი არასტანდარტული დავალება ახალი გამოწვევაა და ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის ამზადებს მოსწავლეს. მაღალია ბავშვების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, ინტერესით ასრულებენ დავალებას... ივითარებენ ისეთ უნარებს, რომელიც ამზადებს ცხოვრებისთვის, კომპლექსურად უდგებიან საკითხს და მარტივად რომ ვთქვათ, ესაა საინტერესო სიახლე, რომელიც ბოლომდე დაიხვეწება და ძალიან კარგ შედეგებზე გავალთ.
- თუმცა პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი სკოლის მოდელი მოუმზადებლად დაიწყო და არც პედაგოგები აღმოჩნდნენ მზად ამ სიახლეებისთვის. ვაღიაროთ, საქართველოში არის სკოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
- ჩვენც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ნაწილი ვართ და მიუხედავად იმისა, ჩვენმა სკოლამ მარტივად გაიარა ეს ეტაპი, გეთანხმებით, არსებობს სკოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ საჭირო ტექნიკა თუ სათანადო ინფრასტრუქტურა... მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ?!
- ფიქრობთ ასე სკოლის როლი გაიზრდება? მით უმეტეს, მინისტრმაც განაცხადა, რომ შესაძლოა სკოლის ნიშანი ეროვნული გამოცდის შედეგზეც აისახოსო... და მაშინვე ისიც ითქვა - ეს გადაწყვეტილება კორუფციულ ჭაობში დაგვაბრუნებსო.
- მიმაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპული აზროვნებისგან! უნდა ვენდოთ დირექტორებსა და მასწავლებლებს! გასაგებია, რომ ამას ბევრი მუშაობა სჭირდება, უამრავი ნიუანსია, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება მოსწავლეებს საბოლოოდ დააბრუნებს სკოლაში, გაჩნდება ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა... ჩვენთან მეთორმეტეკლასელები 20 მაისის ჩათვლით დადიან სკოლაში, მაგრამ აკადემიური მოსწრება მეტი მოტივაციის მიმცემი თუ გახდება, მხოლოდ მივესალმები.
- სიახლეები კარგია, ქალბატონო ლიანა, თუმცა სანამ პედაგოგები სხვადასხვა გამოწვევას უმკლავდებიან, ბავშვები გვერდით ფლანგზე რჩებიან. ხომ არ აკლდებათ ყურადღება თქვენს მოსწავლეებს ამ მხრივ?
- მასწავლებლებს, უდავოდ, უწევთ ბევრი შრომა, მაგრამ ყოველი ახალი პროექტი, ტრენინგი არის ახალი გამოცდილება, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მოსწვალეებისთვის გაჩენილი ახალი პერსპექტივები... მესმის, შრომატევადია ეს ყველაფერი მაგრამ ისედაც დიდხანს ვიყავით ერთ ადგილზე გაჩერებულები, ახლებური მიდგომები კი აუცილებლად საჭიროებს ტრენინგებს. მართალია, ახლა შვებულების პერიოდს დაემთხვა, მაგრამ სრული ჩართულობით, გუნდურობითა და გაძლიერებული პასუხისმგებლობით, ყველაფერს ვაკეთებთ, სიახლეებს ფეხი ავუწყოთ და მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მივცეთ.
- როგორც ვიცი, ეროვნულებზე საგამოცდო პროცესში ხართ ჩართული. როგორები არიან თქვენი თვალით დანახული აბიტურიენტები?
- ესაა ახალი თაობა, ახლებური აზროვნებით, ქცევის კულტურით, მანერით... გვყავს საოცრად კანონმორჩილი ახალგაზრდები, რომლებიც ჯანსაღად უყურებენ და აფასებენ მოვლენებს, შეძლება პანდემიამ კვალი დატოვა მათ განათლებაზე, მაგრამ თუ გავაძლიერებთ ზოგადი განათლების სისტემას, შევცვლით უმაღლესში სწავლების მიდგომებს და იქიდან მზა კადრი წამოვა სკოლებში, ძალიან კარგი იქნება.
- ცოტა თქვენზეც მიამბეთ, როგორი დირექტორი ჰყავს თბილისის N133 საჯარო სკოლას?
- ჩემთვის დირექტორობა სტატუსი კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ვიცი, რომ სკოლის კედლებში ქვეყნის მომავალია და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი ქვეყანა გვექნება; რა უნარებსაც მივცემთ, როგორც დავიხარჯებით, ყველაფერი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. იცით, ჩემთვის დირექტორობის პირველი წელი ყველაზე სევდიანი იყო - 21-ე საუკუნის სკოლისთვის წარმოუდგენლად არააკადემიური პირობები დამხვდა, ჩვენი სკოლის ეზოს გავლით, მოსწავლეები სხვა სკოლებისკენ მიიჩქაროდნენ, დღეს კი 1700-მდე მოსწავლე გვყავს.
- და 21-ე საუკუნის შესაფერისი სკოლა გაქვთ?
- გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენი სკოლა აკეთებს მაქსიმუმს, არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ეს მხოლოდ ჩემი შრომის კი არა, ჩვენი სკოლის პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა. პროფესიით ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ და ჩემთვის საუკეთესო გამოცდილებაა ჩატარებული გაკვეთილი, მოსწავლეებთან ურთიერთობა... ვიყავი მანდატურიც და კარგად ვხედავ სკოლაში არსებულ ძლიერ თუ სუსტ მხარეებს, მათი მოგვარების გზებს...
- როგორც მანდატურმა, უფლებადარღვევის ბევრი ფაქტი ნახეთ? მასწავლებლების უფლებებსაც არ ახსენებენ ხშირად...
- ჩვენთან თითოეულ მასწავლებელს ვცემთ უდიდეს პატივს, გვაქვს მეგობრული, თანამშრომლობითი ურთიერთობა, ვართ ერთი ოჯახი, სადაც ყველა რგოლი ჩართულია მაქსიმალური პასუხისმგებლობით; სკოლის მთავარი ამოცანაა, შექმნას უსაფრთხო გარემო, ერთი დაშვებული შეცდომა, უმისამართოდ გამოყენებული სიტყვა, შესაძლოა, იქცეს მთელი ცხოვრების კომპლექსად; არადა, ზოგჯერ გულწრფელი ღიმილიც კი საკმარისია, რათა მოსწავლეს აგრძნობინო, რომ ხარ მის გვერდით და მისი მხარდამჭერი. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს და მიუხედავად იმისა, სოციალური პრობლემების მოგვარება სკოლას არ შეუძლია, პრობლემური ქცევის მოგვარებას სწორედ სკოლა უნდა ცდილობდეს - ჩვენ ბავშვებს უნდა ვეიმედებოდეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება