„მიზნისკენ სწრაფვის მოტივი ჩემი პედაგოგების ნათქვამი თითოეული სიტყვა იყო“-ჭარნალის საჯარო სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს, ექიმ ლელა ზოიძეს გვაცნობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის საჯარო სკოლამ ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე გაზარდა და სკოლის კედლებში მიღებული ცოდნით ღირსეული და სამაგალითო მომავალიც შეიქმნა.სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც მომავალი თაობისთვის სამაგალითონი არიან თავიანთ თავზე ახალგაზრდა თაობას, მოსწავლეებს მოუთხრობენ.
წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ ჭარნალის სკოლის წარმომადგენელი გურანდა ქოქოლაძემ მოგვითხრო; სკოლის წარმომადგენელმა გაგვაცნო ექიმი, ლელა ზოიძე; ჭარნალის სკოლის აღზრდილი საკუთარ თავზე საინტერესო ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც უცვლელად გიზიარებთ.
„მე, ლელა ზოიძე დავიბადე 1982 წლის 21 აგვისტოს, სოფელ ჭარნალში. ბავშვთა ბაგაში არასოდეს მივლია, თუმცა ჩემი უფროსი ძმის წყალობით ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ხშირად მიწევდა სკოლაში ყოფნა. ასე რომ სკოლა ჩემთვის უცხო არ ყოფილა, რომელშიც ოფიციალურად 1988 წელს ჩავირიცხე და მთელი თერთმეტი წელი გავატარე. ეს იყო ჩემი შეგნებული ცხოვრების პირველი და განსაკუთრებული ეტაპი, 50/50-ზე პასუხისმგებლობით და თავისუფლებით. იყო ყოველივე ახლის შესწავლით, ბავშვობით, სიყვარულითა და სიტკბოთი სავსე წლები. ჩემი,როგორც შემდგარი პიროვნების ჩამოყალიბებაში ამ პერიოდმა დიდი და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. უამრავ ცოდნასთან ერთად პირველ რიგში ვისწავლე, რომ მთავარია იყო ადამიანი და შემდეგ დანარჩენი ყველაფერი გამოგივა. ჩემი მიზნებისკენ სწრაფვის მოტივი ჩემი პედაგოგების მკაფიოდ თუ შეფარვით ნათქვამი თითოეული სიტყვა იყო და რომ ვუფიქრდები დღესაც ასეა. ეს ჩემთვის ყველაზე ტკბილი პერიოდი 1999 წელს დასრულდა.
ამავე წელს ჩავირიცხე ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სამკუნალო საქმის განხრით.
2005 წელს დავასრულე სწავლა ზოგადი პროფილის ექიმი - ბაკალავრი.
2006 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი 6 სპეციალობაში, სადაც მივიღე მონაწილეობა და გავხდი ექვსთაგან ერთერთი. მათივე დაფინანსებით 2006-2008 წლებში ვსწავლობდი ქ. კიევის დიპლომის შემდგომი განათლების აკადემიაში, ნეფროლოგის სპეციალიბით. ამავე პერიოდში ვმუშაობდი კიევის ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის განყოფილებაში ექიმი-ორდინატორის სტატუსით; ასევე, ჰემოდიალიზის განყოფილებაში მორიგე ექიმი ნეფროლოგის თანამდებობაზე.
2009 წელს ჩავაბარე სალიცენში სახელმწიფო გამოცდა; ლიცენზირებული ექიმი- ნეფროლოგის სტატუსით დავიწყე მუშაობა შპს „ვია ვიტას“ ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრში ბათუმის ფილიალში,სადაც დღემდე ვმუშაობ.
პარალელურად 2012-2017 წლებში ვმუშაობდი ხელვაჩაურის რაიონულ პოლიკლინიკაში ნეფროლოგის თანამდებობაზე.
2016-2019 წლებში ტრანსფუზიოლოგის სპეციალობით ვმუშაობდი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში.
2019 წლიდან ვმუშაობ ბონის კლინიკა „მედალფაში“ ნეფროლოგის თანამდებობაზე.
2010-2013 წლებში პროფესიული განვითარების ცენტრში ექთნებისთვის ვკითხულობდი ლექციებს.
2020 წლიდან ვეუფლები ახალ პროფესიას ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგია, რომელსაც ამ წლის სექტემბერში ვამთავრებ. ლიცენზირების შემდეგ, პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებ ორივე პროფესიით.
2016 წლიდან დაოჯახებული ვარ. ვცდილობ, ერთნაირად წარმატებული ვიყო საოჯახო და პროფესიულ საქმიანობაში.
ვინაიდან, ცხოვრების კანონზომიერებაა მუდმივი მოძრაობა, მეც ვცდილობ ვიყო აქტიური, ადეკვატური თანამედროვე პერიოდთან და მოთხოვნებთან; ვიყო მუდმივი განათლების და ახლის ძიების პროცესში.
ვარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი. მიყვარს კითხვა, ხელოვნება, ადამიანები და სიცოცხლე. ხშირად მინდა ვიყო ბუნებაში, ვგრძნობდე მიწის სურნელს. წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობისა. ჰობია მოგზაურობა და წერა. მინდა გავაჩერო წამი - ფოტოებში მაინც. მაბედნიერებს ყოველი წვრილმანი, რომელიც ყოველ გათენებულ დღეს მოყვება. ვაფასებ სიცოცხლის ყოველ წუთს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავიაზრე რომ შეიძლება წამი იყოს გადამწყვეტი. მენატრება ბავშვობა. მჯერა ღმერთის უზენაესობის.
ჩემთვის „სიცოცხლე ერთი წამია, მაგრამ,უნდა ყველაფრის შეძლო მოსწრება“.
ვიმედოვნებთ, მომავალი თაობისთვის ჭარნალის სკოლის კურსდამთავრებულის, ლელა ზოიძის ამბავი სამაგალითო იქნება, როგორც მისი მშობლიური სკოლის მოსწავლეებისთვის ისე, სხვა სკოლების აღსაზრდელებისთვის.
იხილეთ ფოტო: