სიახლეები
პიროვნება

მანდატურობიდან დირექტორობამდე - თბილისის N141 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის გულახდილი ინტერვიუ
12-07-2021
-
+


სკოლაში მოღვაწეობა მანდატურად დაიწყო და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა - ბულინგისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი. ორი შვილის დედა კარგად ხედავდა ამ ყველაფერს და უნდოდა, სამართლიანობის გზაზე თავისი წილი აგურიც დაედო. მერე კი დირექტორის თანამდებობაზე წარადგინეს, ჩააბარა გამოცდა, გაიარა გასაუბრება და სკოლამაც აირჩია. წლებია მარინე სამუშია თბილისის N141 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს, etaloni.ge-სთან კი, 2020-2021 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შედგებით აჯამებს და კიდევ უამრავ აქტუალურ საკითხს ეხება.

- ქალბატონო მარინე, რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით მოსწავლეების შედეგებით და ზოგადად, როგორ შეაფასებდით2020-2021 სასწავლო წელს?

- პანდემიის მიუხედავად, ჩვენს სკოლას 10 მედალოსანი ჰყავს და აქედან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კარგი შედეგები გვაქვს.

- თუმცა, ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ სასწავლო დანკარგებზე... ქალბატონო მარინე, როგორ შეძლებენ მოსწავლეები ამ ხარვეზების აღმოფხვრას და როგორ გაუძლებენ პედაგოგები ამხელა დატვირთვას?

- დატვირთვა იყო, არის და იქნება, მაგრამ ფაქტია - პედაგოგები მოტივირებულები არიან, აკეთებენ მაქსიმუმს და ზრუნავენ ბავშვების განათლებაზე; მათი შრომა უდავოდ დასაფასებელია. რა თქმა უნდა, მოუწევთ მოსწავლეებთან ერთად გარკვეული საკითხების გამეორება, მეტად ჩაღრმავება, განმავითარებელი შეფასებით ხარვეზების გარკვევა და აღმოფხვრა - რაშია მოსწავლე სუსტი ან რა ვერ გაიგო...

- ამ ფონზე, თქვენც მიიჩნევთ, რომ მასწავლებლები ჩვენი დროის გმირები არიან?

- რა თქმა უნდა, ამას კითხვაც არ სჭირდება! ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ამ რეალობასთან შედარებით, იყო სიბნელე, უსახსრობა... ქვეყანაც სხვა რეალობის წინაშე იდგა, პედაგოგები შიშველი ენთუზიაზმით ინარჩუნებდნენ განათლების ხარისხს. დღემდე ფასდაუდებელი შრომა გაწიეს, უანგაროდ ემსახურნენ პროფესიას და ყველაფერი გააკეთეს, რათა განათლებული, წიგნიერი თაობები გაეზარდათ.



- სწორედ მათ მხრებზე გადაიარა რეფორმამ, რომელსაც დასასრული არ უჩანს, ახლაც მიმდინარეობს და სანამ პედაგოგები არაერთ სიახლეს აუწყობენ ფეხს, ბავშვები ხომ არ დაზარალდებიან?

- ნებისმიერი რეფორმა არის ცოცხალი პროცესი და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ დასახული მიზნებისკენ. ამას კი, ინფრასტრუქტურით დაწყებული, კომპლექსურად, ყველა საფეხურის განვითარება სჭირდება. ჩვენ ჩართულები ვართ ახალი სკოლის მოდელში და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია განათლების სამინისტრომ პედაგოგებისთვის, ჰყავთ ქოუჩები, ითვისებენ კომპლექსურ დავალებებს, განმავითარებელ შეფასებას, მატრიცებს... კომპლექსური დავალება არის ბავშვის ხელით შექმნილი, მისი უშუალო მონაწილეობით შესრულებული მინი-პროექტი ამა თუ იმ თემაზე; განმავითარებელი შეფასება კი არ გახლავთ მხოლოდ დაწერილი ნიშანი - ესაა ბავშვის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით დანახული ხარვეზები - რაზე უნდა გაამახვილოს მეტად ყურადღება... მგონია, რომ ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეს საშუალებას, უკეთ განვითარდეს ამა თუ იმ საგანში და მიიღოს მაქსიმალური შედეგი.

- თუმცა მასწავლებელთა პროფკავშირების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი სკოლის მოდელი მოუმზადებლად დაიწყო...

- რეფორმა ჯერ ძალაში არ შესულა, მოსამზადებელი პერიოდია... მესმის, რთულია 150 ბავშვისთვის განმავითარებელი შეფასების დაწერა და ამიტომ განათლების სამინისტროში, საკითხების შესწავლის პერიოდშივე ხედავენ ხარვეზებს, ცვლიან მექანიზმს... არ არიან მოტივირებულნი, მხოლოდ ის გაიტანონ, რაც ნაფიქრი აქვთ -  უკვირდებიან, როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი... 

- პარალელურად, მოხდა სოცმუშაკების ინტეგრირება სკოლებში. როგორც ყოფილი მანდატური, ფიქრობთ, ისინი მოსწავლეების ნდობის მოპოვებას შეძლებენ?

- ჩვენ ვართ ჩართულები ამ საპილოტე პროგრამაში, მუშაობენ სოცმუშაკებიც, ფსიქოლოგებიც და მინდა გითხრათ, რომ ესაა ფუფუნება ყველა სკოლისთვის - პედაგოგთან, მანდატურთან, ადმინისტრაციასთან ერთად, ბავშვებთან მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც შესაბამისი განათლება აქვთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი გახსნილები არიან ბავშვები მათთან და ეს დიდი მხარდაჭერაა, რათა არ იყოს ბულინგი და სკოლა თუ მასწავლებელი, დასჯაზე კი არა, ბავშვის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული.

ცუდი ბავშვი არ არსებობს, არსებობს გარკვეული მიზეზებით გამოწვეული დესტრუქციული ქცევა. თითოეული ბავშვი არის განძი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, მხარში დავუდგეთ როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად და სოცმუშაკებიც გვეხმარებიან, გავარკვიოთ, დესტრუქციული ქცევა ოჯახიდან მოდის თუ სკოლიდან... იცით, სკოლაში ყველა ადამიანს აქვს თავისი ფუნქცია, მაგრამ ყველამ არ იცის პრობლემიდან გამოსავალი გზები, რაც არ ესწავლებათ ფსიქოლოგებს, სოცმუშაკებს, მანდატურის სამსახურს.

- თავადაც მანდატური ბრძანდებოდით...

- მანდატურის სამსახურში აბსოლუტურად შეგნებულად წავედი, რათა გავფრთხილებოდი და ახლოს ვყოფილიყავი იმ ბავშვებთან, ვისაც ჰქონდა დესტრუქციული ქცევა, იყვნენ ბულინგის მსხვერპლი და ასეთი უამრავი ფაქტი ფიქსირდებოდა... გახლდით ბევრი მოსწავლის მესაიდუმლე და ზოგადად, ჩვენ ვიყავით გარანტი ბავშვების მშვიდად ყოფნის, წესრიგის... ბევრი რამ იყო მისახედი, როდესაც მანდატურის სამსახური სკოლებში შევიდა.

- სწორედ მაშინ, ამ სამსახურს პოლიციურს უწოდებდნენ, ქალბატონო მარინე.

- კი ბატონო, ასე იყო... სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტმა თქვა - ეს ძალადობის ინსტიტუტი უნდა გამოვიდეს სკოლიდანო და თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი... საბედნიეროდ, შედეგებს გადახედეს და დატოვეს, მეტად განავითარეს, შემოვიდნენ ფსიქოლოგები, სოცმუშაკები... მე მივედი იქ, სადაც ბავშვზე ზრუნვა იყო პრიორიტეტი.

- თუმცა, ახლა ძველი მანდატურის სამსახურისგან ჩონჩხიღაა დარჩენილი.

- არ ვიცი, სხვა სკოლაში რა ხდება და როგორ მუშაობენ, ჩვენთან კი ერთი გუნდი ვართ და მე, როგორც დირექტორს, არაფერი მაქვს დასამალი მანდატურის სამსახურთან.  შესაძლოა, ბულინგის სულ მცირე ნიშნები არის, თუმცა რეაგირება მყისიერად ხდება... არ მიმაჩნია სწორად დამალვა, პირიქით, თუკი რაიმემ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის, რათა არ მივიღოთ ისეთი ტრაგედია, როგორიც დათუნა სარალიძის შემთხვევაა. აუცილებელია, ყველა ინსტიტუცია ჩაერთოს. მე კი იმ თაობის მანდატური ვარ, როცა იღებდნენ გამოცდებით, გადამზადებით, გამოკითხვით - მანდატურის სამსახურმა იცოდა, რისთვის შედიოდა, რა უნდა ეკეთებინა სკოლაში - ეს იყო ღონისძიება სკოლაში ყველანაირი ძალადობის აღმოსაფხვრელად.

- ისე, რამ გიბიძგათ ამ გადაწყვეტილებისკენ?

- ვარ ორი შვილის დედა, რომლებიც სწავლობდნენ სკოლაში და ვხედავდი, რა ხდებოდა იქ - ბულინგი, ძალადობა, ჩაგვრა, ძველბიჭობა, ქურდული სამყაროს გაფეტიშება... ეს არ მომწონდა და მიმაჩნდა, რომ მანდატურის სამსახურს ხელეწიფებოდა ამის შეცვლა. მას შემდეგ დირექტორად წარმადგინეს, დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად, ავიღე სერტიფიკატი, ჩავაბარე გამოცდა, გავიარე  გასაუბრება და სკოლამ ამირჩია. მეცხრე წელი ვარ სკოლაში, რომელიც  არის ერთი ოჯახი, ვზრუნავთ ბავშვებზე, მათ განათლებაზე, რათა ჩამოყალიბდნენ როგორც თავისუფალი, განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ ქვეყანა და აქვთ პერსექტივა, უპასუხონ 21- ე საუკუნის გამოწვევებს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ავტორიზაციის საბჭო 18 სკოლის საკითხს განიხილავს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება