„ამაყი ხარ, როდესაც საზოგადოება აღიარებს კურსდამთავრებულის კარგ აღზრდას“- ხათუნა წილოსანი, დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
დაკოპირებულია
-
+
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელა და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუ ამჯერად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორთან, ხათუნა წილოსანთან შედგა.
- წარმატება არის...
- თითოეული მოსწავლის წარმატებული ნაბიჯი, როდესაც კმაყოფილია საკუთარი არჩევანის და გიზიარებს შთაბეჭდილებებს; კავშირს არ წყვეტს და მადლიერია პედაგოგების.
წარმატებაა, როდესაც კოლექტივი თანამშრომლობს და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს.
წარმატებაა, როდესაც მშობელი ინტერესდება სკოლის ცხოვრებით.
ამაყი ხარ, როდესაც საზოგადოება აღიარებს კურსდამთავრებულის კარგ აღზრდას.
- ჩემი სკოლა მახსენებს...
- ფუტკრების სკას...
- ჩემი პირველი მასწავლებელი...
- ჩემი ცირა მასწავლებელი, თბილი, სათუთი...არ მახსოვს მისი გაბრაზებული სახე. ყურადღებას აქცევდა სიფაქიზეს, როგორც წერის დროს, სახელმძღვანელოების მოვლისას, ისე მეტყველებისას, თავის მოვლისას. ბევრს გვიკითხავდა, დამატებით გვესაუბრებოდა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე, მოგზაურობაზე. ალბათ ჩემი პროფესიაც ამან განაპირობა და მიყვარს ბუნება.
- მოსწავლე რომ ვიყავი...
- საკმაოდ ინტერესიანი და შრომისმოყვარე; ამავდროულად ჩხირკედელა, ყველაფერს ვშლიდი და ვაწყობდი. ვხატავდი და მომწონდა როდესაც ჩემი კედლის გაზეთი, ნახატი, ხელნაკეთი ნივთები გამოფენილი იყო საპატიო ადგილას; პედაგოგები მსაყვედურობდნენ რომ კარგად მხოლოდ ტექნიკურ საგნებს ვსწავლობდი - განსაკუთრებით მათემატიკას, ფიზიკას და ქიმიას.