სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეებამდე უნდა მიხვიდე სწორი აზრით, სწორი მიზნით“ -გულო სულამანიძე, ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორთან, გულო სულამანიძესთან შედგა.

- წარმატება არის...

- წარმატება არის  შედეგი, რომელსაც  მიაღწევ საკუთარი თავის განვითარებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობით მიღწეული წარმატება, რომელიც  სტიმულს გაძლევს, რომ უფრო მეტი გააკეთო. არც წარუმატებლობაა ფატალური შედეგი. მთავარია, გეყოს გამბედაობა - გააგრძელო წინსვლა. 

- ჩემი სკოლა მახსენებს...

- ჩემი მოსწავლეობის სკოლა მახსენებს ბავშვობას. ჩემი თაობის ბავშვებს არ გვქონდა ინტერნეტი, მობილური  ტელეფონები, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით ვინ სად ვიყავით, რას ვაკეთებდით. ერთად ყოფნის სიხარული ყოველთვის გვქონდა. სკოლის წლები ყოველთვის ნოსტალგიაა, თან სასიამოვნოდ გასახსენებელი. მთელი ჩემი ბავშვობა თერჯოლას უკავშირდება, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა დღესაც მოსწავლეებისადმი საუკეთესო დამოკიდებულებით. დღესაც სასიამოვნო გასახსენებელია ის მრავალფეროვანი დღეები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩემი თაობის სწორად  განვითარებაში. ტრადიცია გრძელდება და ნამდვილად დასაფასებელია თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობა, კოორდინირებული მუშაობა სკოლებთან,  და რაც მთავარია, სურვილი, რომ ჩვენი რაიონის მოსწავლეები იყვნენ საუკეთესონი. ზუსტად ვიცი, თითოეული მოსწავლისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია    მხარდაჭერისა და გვერდით დგომის მაგალითი.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ქალბატონი იამზე ებანოიძე. ის, ქუთაისის 35-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა და დღემდე მახსოვს მისი პროფესიონალური დამოკიდებულება სწავლისადმი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაწყებით საფეხურზე განვითარებულ უნარ-ჩვევებს, რომლის საფუძველზე იგება შემდგომში აკადემიური ცოდნა.   

- მოსწავლე რომ ვიყავი...

- მოსწავლე რომ ვიყავი, ძალიან მიყვარდა კითხვა. ჩემთვის არ არსებობდა ჟანრი, მთავარი იყო წიგნი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობდი. ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს, ,,დათა თუთაშხია’’ რომ წავიკითხე. ვკითხულობდი როგორც ქართულ, ისე რუსულ ლიტერატურას და ძალიან მომწონდა, როდესაც სიტყვათა მარაგს ვამდიდრებდი. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველი ნამდვილად არის წიგნი და ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ მოსწავლეებთან და მშობლებთან, რომ იკითხონ ერთად და იკითხონ რაც შეიძლება ბევრი წიგნი!

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ჩემი სამაგიდო წიგნი არის კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მთელი მისი შემოქმედება ჩემთვის ყოველდღე წაკითხვადია. მან შეძლო და საჭრეთლით გამოკვეთა ქართულ სიტყვაში ქართული აზრი, ქართული გენის ისტორია. თაობიდან თაობას გადაეცემა სვეტიცხოვლის შენების იდეა, ქვაში გაცხადებული საიდუმლო სიყვარულისა და სიკვდილისა. ეს არის მარადიული ჭიდილი ადამიანისა საკუთარ ბედთან. „სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე“ - გვეუბნება მწერალი და დღეს, ათეულობით წლების შემდეგაც აქტუალურია მისი შეხედულებები ისტორიაზე, შრომაზე, ადამიანის არსებობაზე.

- ზაფხულში ვცდილობ...

- ზაფხულში ვცდილობ დავალაგო მომავალი სასწავლო წლის გეგმები. სკოლის ხელმძღვანელისთვის სწორად განაწილებული დრო ძალიან მნიშვნელოვანია. პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა, გვინდა   ბარდუბნის საჯარო სკოლისთვის 2021-2022 სასწავლო წელი საიუბილეოდ გამოვაცხადოთ. საინტერესო სტუმრებთან ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს. აუცილებლად მოხდება ბარდუბნის საჯარო სკოლის არქივის შედგენა და დაცვა. ამის საფუძველს გვაძლევენ უნიკალური მასალები, რომლებიც გადმოგვცემენ სკოლის უძველეს ისტორიას. ასევე გვინდა მოვიძიოთ ცოცხალი მემატიანეები, რომლებსაც არაერთი საინტერესო ფაქტის წარმოდგენა შეუძლიათ ფოტომასალასთან ერთად. ყველა პროექტი, პრეზენტაცია, ღია გაკვეთილი მიეძღვნება საიუბილეო წელს.  ჩვენ ვაგრძელებთ სკოლის ისტორიას, რომელსაც უდიდესი როლი აკისრია თაობების აღზრდა-განვითარებაში.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა“. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში არ იზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე. მხოლოდ ინფორმაციის მიღება არ არის სწავლა. მოსწავლეებამდე უნდა მიხვიდე სწორი აზრით, სწორი მიზნით. ჩვენი სკოლა ყოველთვის ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. სკოლის ხედვაც ხომ ეს არის!

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ

გამოქვეყნდა მასწავლებლების გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტები

პირველი მსოფლიო ომი ისტორიის მეორე სესიაზე - ტესტირებიდან გამოსული პირველი აბიტურიენტის კომენტარი

როგორ უნდა გადაამოწმოთ, ბაღში ნამდვილად დაარეგისტრირეთ თუ არა ბავშვი - განმარტება 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება