„ეტალონმა“ ყველა თაობის სიყვარული დაიმსახურა“ - ინტელექტ-ჩემპიონატის საპრიზო სამეულს სენაკის მერია ფინანსურად წაახალისებს
სენაკის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა - ფორმატი ოდნავ სახეცვლილი - დისტანციური გახლდათ, ტრადიცია და მიზანი კი უცვლელი - მომავალი თაობების განათლების მოტივაცია! მიუხედავად უჩვეულო ფორმატისა, იყო ბევრი ემოცია და ღირსეული მეტოქეობა, რამაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო - სენაკის „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა.აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე კონკურსანტები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და როგორც ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები, „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელსაც მიიღებენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ N2 საჯარო სკოლის მეათეკლასელი -
ზურაბ წირქვაძე გახდა, რომელმაც მოგვიანებით, Etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ამჯერად დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, მაინც ძალიან მოეწონა და საკუთარმა შედეგმაც გაახარა. აქვე აღსანიშნავია, რომ ზურას მეტოქეობას საკუთარი ძმა უწევდა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა:
„გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა პროექტი ძალიან მომწონს. სიმართლე გითხრათ, იყო „ეტალონი მოსწავლე“, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, გარშემომყოფებსაც განსაკუთრებული მოლოდინი უჩნდებათ და შენც ცდილობ, იმედები გაუმართლო. მადლობა „ეტალონს“, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება რომ მომცა. უდიდესი სიხარულია და ვამაყობ, რომ მეორე ადგილზე ჩემი ძმა გავიდა. უცნაურია საკუთარი ძმის მეტოქეობა, თუმცა თავი არ დამიზოგავს, რომ სწორად მეპასუხა კითხვებისთვის“.
სენაკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა,
მაია დგებუაძემ კი etaloni.ge-სთან განაცხადა, რომ სკოლა ამაყობს ზურას შედეგით:
„ეტალონი“ უდავოდ საინტერესო და პრესტიჟული პროექტია. მოხარული ვარ, რომ პანდემიის პირობებშიც კი ბავშვებს აქვთ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. მინდა, თქვენი საშუალებით, მივულოცო ზურას გამარჯვება. ჭკვიანი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, უამრავი წარმატება ელის, „ეტალონმა“ კი მისცა საშუალება, წარმოეჩინა ცოდნა“.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა,
გივი მისაბიშვილმაც მიულოცა გამარჯვება „ეტალონ მოსწავლეს“ და განაცხადა, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს:
„წლებია „ეტალონთან“ ვმეგობრობთ და მიუხედავად იმისა, წელს დისტანციურად ჩატარდა, მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულს და დარწმუნებული ვარ, მშობლიურ სკოლას, მუნიციპალიტეტს კიდევ არაერთი წარმატებით გაახარებს“.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა,
ირმა კუპრეიშვილმა ვრცლად ისაუბრა „ეტალონის“ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა პროექტში მოსწავლეთა ჩართულობა წაახალისონ, სწავლის მოტივაცია აუმაღლონ ბავშვებს:
„სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა, „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ტრადიციული ფორმატით ჩატარებულიყო, თუმცა მოხარული ვარ, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, სენაკის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა და არცაა გასაკვირი. „ეტალონი“ ისეთი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხელს უწყობს მოსწავლეების დაინტერესებას. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაც წლებია „ეტალონთან“ პარტნიორობს და მოსწავლეების მეტი მოტივაციისთვის, გადავწყვიტეთ I-II-III ადგილებზე გასული მონაწილეები ფინანსურად წავახალისოთ“.
სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა,
დარეჯან ზარანდიამ პროექტის აქტუალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსწავლეთა ჩართულობითა და მათი შედეგებით, ძალიან კმაყოფილია:
„ეტალონის“ მხარდაჭერა საამაყოა და მე, როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი, კმაყოფილი ვარ მოსწავლეთა ჩართულობით, მათი შედეგებით. ვულოცავ „ეტალონ მოსწავლეს“ და იმედი მაქვს, სამომავლოდ, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მალე ჩვეული ფორმატით დაუბრუნდება თავის ერთგულ თანამოაზრეებს“.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა,
ლევან კუპრეიშვილმა კი აღნიშნა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტი „ეტალონთან“ ერთად, ღირსეულ საქმეს ემსახურება:
„ეტალონი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ეროვნული და შემეცნებით-ინტელექტუალური მედიაპროექტია - უალტერნატივო საშუალება მოზარდებში მოტივაციის, ინტელექტის ასამაღლებად, ახალგაზრდების გონებრივი განვითარებისა და წიგნიერი თაობის ჩამოყალიბებისთვის. მრავალი წელია, სენაკის მუნიციპალიტეტი, პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა და თავის ღირსეულ სათქმელს ამბობს - გვყავს გამარჯვებული, წარმატებული მოსწავლეები, შემოქმედებითი უნარებით გამორჩეული ახალგაზრდები. „ეტალონის“ ღირსეულ გუნდს, რომელიც საშვილიშვილო საქმეს აკეთებს, ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს, წინსვლას, არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდის აღმოჩენას და კვლავაც, ჩვეული შემართებით, ნაყოფიერ მოღვაწეობას. მივესალმები სახალხო პროექტს, რომელმაც ყველა თაობის სიყვარული დაიმსახურა და გამოვხატავ მზაობას „ეტალონის“ მხარდასაჭერად“.