სიახლეები
პიროვნება, ინტერვიუ

„ვცდილობთ თითოეული ბავშვის ადაპტირებას სასკოლო გარემოსთან და სასწავლო პროცესთან“ - მიმოზა ტყებუჩავა, თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2021
-
+


თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი, მიმოზა ტყებუჩავა უკვე 21 წელია, რაც განათლების სფეროში მუშაობს. რიგითი პედაგოგობით დაიწყო და როცა უკვე თავად გახდა მოსწავლის მშობელი, გადაწყვიტა დირექტორი გამხდარიყო, თუმცა იმ პერიოდში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო მიწვეული პროფესორი და ბევრი ეკითხებოდა: რა უნდოდა სკოლაში?... მიმოზა ტყებუჩავა გასული სასწავლო წლის გამოწვევებზე და ახალ რეფორმებზე გვესაუბრა.

მიმოზა ტყებუჩავა: 2020-2021 სასწავლო წელი პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევების გაგრძელების და ასევე, შესაძლებლობების რეალიზების წელიც იყო, რადგან ყველანი ვიყავით ჩართულები სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვაში. 2019-2020 წლის ბოლოს ფსიქოლოგთან ერთად, სკოლაში ჩავატარე კვლევა: მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. მაინტერესებდა მათი თვალით დანახული ონლაინ სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები. ანალიზის შედეგად ყველა ნიუანსი გავითვალისწინეთ 2020-2021 სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში, თუმცა ამჯერად სხვა გამოწვევების წინაშე დავდექით - ჰიბრიდული მოდელში ჩავერთეთ. დისტანციურ სწავლება არ გვაძლევდა საშუალებას სრული დატვირთვით გვემუშავა მოსწავლეებთან, მეორე მხრივ ტექნიკური პრობლემები გამოიკვეთა. მართალია, მოსწავლეებს პირველ კლასში გადაეცათ „ბუქები“, მაგრამ კვლევების მიხედვით, მათი უმეტესი ნაწილი დაზიანებული იყო - თურმე, მშობლები საკუთარი მიზნით იყენებდნენ. სექტემბრიდან ვფიქრობ, ხელშეკრულებაში დავამატო პუნქტი, სადაც ეწერება, რომ აღნიშნული ნივთი არის მოსწავლის და მხოლოდ, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა იყოს გამოყენებული.

- ქალბატონო მიმოზა, კიდევ რა აჩვენა კვლევებმა?
- ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეების თვალით დანახული საგაკვეთილო პროცესი. მათ უპირატესობა მიანიჭეს საგაკვეთილო პროცესში სწავლების მრავალფეროვნებას, მასწავლებლის მიერ გამოყენებულ სხვადასხვა რესურს, მაგალითად ვიდეოებს, პრეზენტაციებს... ბავშვებს ეკრანთან ყურადღების კონცენტრაცია უჭირთ, ასეთი აქტივობებით კი საინტერესოდ მიეწოდებათ მასალა და აღქმის პროცესიც მარტივდება. წერტილოვანი შეზღუდვების დროს, სკოლაში დაბრუნება ბავშვებისთვის ემოციური იყო - მე-12 კლასელების სრული დასწრება გვქონდა. ერთი რამ ცხადია, მოსწავლეებს ურჩევნიათ საკლასო ოთახში სწავლა, ვიდრე სახლიდან კომპიუტერით. ზოგადად სკოლა ხომ ხმაურიანია, მაგრამ ისე იყვნენ ბავშვები ერთმანეთს მონატრებულები, საოცრად თბილი, მშვიდი გარემო იყო.

- რამდენად კმაყოფილი ხართ შეფასებებით და ახალი სასწავლო გეგმით?
- შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული საკითხია, ბევრი რამეა ამ მიმართულებით დასახვეწი, თუმცა, არა მარტო, სკოლებში - უმაღლეს სასწავლებლებშიც. ისიც ცხადია, საკლასო ოთახში ბევრად ობიექტურად ფასდება მოსწავლე, ვიდრე - დისტანციურად. რთულ პერიოდს დაემთხვა „ახალი სკოლის მოდელი“, ჩვენს კოლეგებს მოუწიათ დიდი შრომა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ონლაინ სივრცე პედაგოგებთან შეხვედრებისთვის მოსახერხებელია - სახლიდან შეუძლიათ ტრენინგების მოსმენა. „ახალი სასწავლო გეგმის“ ფარგლებში ვიმუშავეთ კურიკულუმზე, მოვიწვიეთ ექსპერტები და მათთან ერთად დავგეგმეთ ის დავალებები, რომლებსაც რეალურად განვახორციელებდით. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ კომპლექსურ დავალებებს, რადგან მოსწავლეების მოტივაციაზე და შედეგებზე ასახულიყო. მოსწავლეებისთვის ეს პროცესი მხიარული და საინტერესო, რომ იყოს და არა დამღლელი, დავალებები გადავანაწილეთ დროში. ამ მიმართულებითაც ჩავატარე გამოკითხვები, შევხვდი მოსწავლეებს და მათი გადმოსახედიდან შევაფასე რამდენად საინტერესო და დაძლევადი იყო ეს მათთვის.

- თუ აღნიშნული რეფორმის პრაქტიკაში დანერგვა შესაძლებელია, რატომ აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება მასწავლებლების გარკვეულ კატეგორიას?
- ზოგადად, ნებისმიერი სიახლის მიმართ ჩნდება განსხვავებული აზრი, რაც ბუნებრივია. ეს ტრენინგები იმაზე იყო ორიენტირებული, რომ სასწავლო წლის დაგეგმარება ექსპერტებთან და კოლეგებთან ერთად ყოფილიყო განხილული. უდაოდ შრომატევადი პროცესია, მაგრამ ნამდვილად ღირს. როცა მასწავლებლები უშუალოდ ერთვებიან პრაქტიკულ ნაწილში მერე მოსწონთ, მოსწავლის მოტივაციას ხედავენ და აზარტში შედიან.

- რა მხრივ განავითარებს მასწავლებლებს მსგავსი ტრენინგები, რას ასწავლის მათ?
- უპირველეს ყოვლისა, „ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის“ დანერგვას. დანერგვა ნიშნავს მოცემული სტანდარტების კარგად გააზრებას, რაშიც იგულისხმება თემატიკა, ცნებები... მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, პედაგოგებს ეძლევათ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა - განურჩევლად რეგიონისა. ასევე, სასკოლო კულტურაზეც დადებითად მოქმედებს, რადგან უნდათ თუ არა, ერთ გუნდად უწევთ მუშაობა. ამ ყველაფერს ვაფასებ, როგორც ტრენერი და ვთვლი, რომ თითოეული ტრენინგის საჭიროება აუცილებელია.

- როგორც ტრენერი, როგორ ფიქრობთ, მასწავლებლები რამდენად სწორად აღიქვამენ და შემდეგ გადასცემენ, თქვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას?
- ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ისე ყოფილა გაგებული, როგორც გადამიცია. ტრენერზე ბევრი რამაა დამოკიდებული, რადგან ის გასცემს ინფორმაციას. თავადაც მასწავლებელი ვარ და კარგად ვიცი მასწავლებლების ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე როგორ მიდგომებს საჭიროებენ... აღქმის პრობლემა არ მქონია, პირიქით იქვე უჩნდებათ ხოლმე იდეები, რომლებსაც უზიარებენ ერთმანეთს. ტრენინგი უნდა იყოს წვრთნა, მათ საჭიროებაზე მორგებული კონკრეტული მაგალითების ჩვენების ხარჯზე.

- მასწავლებლებს ონლაინ და საკლასო სწავლებასთან ერთად, ტრენინგებზეც უწევდათ სიარული. ამის ფონზე, რამდენად იყვნენ პროდუქტიულები გაკვეთილზე?
- მაქსიმალურად ვცდილობდით საგაკვეთილო ცხრილები მოქნილი ყოფილიყო, თუმცა გეთანხმებით, რომ ნამდვილად გადატვირთულები იყვნენ. საათების განაწილების მხრივ, ვითვალისწინებდი პედაგოგის საცხოვრებელ ადგილსაც,  რომ დისტანციურ გაკვეთილებამდე ცოტა დასვენება შესძლებოდა, ასევე ვის, როგორი დატვირთვა ჰქონდა... ყველანაირად მათზე მორგებული ვიყავი. მიხარია, რომ წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. მათთვის სტიმულის მომცემი იყო დამატებითი საათების ანაზღაურებაც. მინდა თითოეულ პედაგოგს და არა მარტო ჩემი სკოლის, მადლობა გადავუხადო, ქედს ვიხრი მათ წინაშე.

- მასწავლებლის საქმე ყოველთვის დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად დაფასებული იყო. როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ შეიცვალა რამე?
- დღევანდელმა რეალობამ უფრო მოთხოვნადი გახადა ეს პროფესია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სამუშაო ადგილებზე დიდი მოთხოვნაა. რაც მთავარია, ახალგაზრდების მხრიდანაა დაინტერესება - აქტიურად გადიან გამოცდებზე. ჩემი სკოლიდანაც ერთი სპეცმასწავლებელი, ორი პრაქტიკოსი და ერთიც მაძიებელი გადის. ეს იმანაც განაპირობა, რომ სტატუსების მიხედვით გარკვეული ანაზღაურება ემატებათ. კარგია ისიც, რომ უნივერსიტეტები თანამშრომლობენ სკოლებთან და გვთხოვენ პრაქტიკის გავლას, რასაც მივესალმები. დიდი გულშემატკივარი ვარ მათი და აქტიურად ვთანამშრომლობ არაერთ უმაღლეს სასწავლებელთან. მოაზროვნე ახალგაზრდები მოდიან და მეც მაქსიმალურად ვცდილობ სურვილი გაუმძაფრდეთ სკოლაში სწავლების. 2-3 წლის უკან, როცა მოსწავლეებთან პროფესიაზე მქონდა საუბარი, გული მეტკინა - არც ერთს სურდა მასწავლებლობა. მერე ვუთხარი: მათ შეეძლოთ გამხდარიყვნენ ისეთი მასწავლებლები, როგორიც თად სურდათ ჰყოლოდათ. ჩავატარებინე გაკვეთილი და მოიხიბლნენ ამ პროცესით, ისიც კი თქვეს, თურმე რა რთული ყოფილა ერთი გაკვეთილის ჩატარებაო.

- სკოლებში სპეცმასწავლებლების ყოფნა ახალი გამოწვევაა, რამდენად ეხმარებიან ისინი მასწავლებელს?
- სპეცმასწავლებელი აუცილებად სჭირდება სკოლას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, როგორი საგანმანათლებლო საჭიროებაც არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ კი ვცდილობთ თითოეული ბავშვის ადაპტირებას სასკოლო გარემოსთან და სასწავლო პროცესთან, მაგრამ სპეცმასწავლებელი ძალიან გვეხმარება. თავადაც ვვითარდები ამ მიმართულებით და კარგი შედეგებიც გვაქვს. პირველ კლასში გვყავდა ტყუპი, რომლებსაც აუტიზმი სპექტრის დიაგნოზი ჰქონდათ - ვერ  მეტყველებდნენ. პედაგოგმა აღმოაჩინა, რომ ბავშვებს სმენის პრობლემაც ჰქონდათ. ჩაერთო სამედიცინო პერსონალი, მოხდა გადაფასება და ბავშვებს ჩაუსვეს ყურის აპარატები. ახლაც ემოციურად მახსენდება პირველი კლასის ბოლოს ორივემ, ოთხ სტროფიანი ლექსი, რომ ჩააჭიკჭიკა. მეოთხე კლასში ისევ მოხდა მათი გადაფასება - მოხსნეს ყურის აპარატი. ახლა მე-5 კლასელები არიან და აზროვნებით თანატოლებს უსწრებენ. ამით მინდა ვთქვა, სპეცპედაგოგის, ფსიქოლოგის და თითოეული ჩვენგანის სწორმა ჩარევამ მოგვცა საუკეთესო შედეგი.

- სსსმ ბავშვების გაერთიანებას საკლასო ოთახში, ზოგჯერ მშობლების პროტესტი ახლდა. რა შეიცვალა ამ მხრივ დღეს?
- წინსვლა ნამდვილად გვაქვს, რადგან ამ ბავშვების კლასში ყოფნა ბევრ რამეზე ახდენს დადებით გავლენას: თანაკლასელები მეტად ზრუნავენ და პატივს სცემენ ერთმანეთს. ეს ყოველივე გარკვეული ღირებულებების ამაღლებას და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს. თავიდან, სსსმ ბავშვების მშობლებსაც არ ჰქონდათ ამის მზაობა. ამიტომ ჩვენ მათთან ინდივიდუალური შეხვედრები ჩავატარეთ. ვუხსნიდით, რომ ეს სტატუსი არ გამოარჩევთ მათ სხვა ბავშვებისგან და საკლასო გარემო დადებითად იმოქმედებდა მათზე. ამ შეხვედრებმა გაამართლა და როცა  მშობელმა დაინახა, თუ რამდენს ცდილობდა სკოლა მისი შვილისთვის თავადაც აქტიურად ჩაერთო. დადებითი შედეგების შემდეგ, არასოდეს დამავიწყდება მათი მადლიერებით სავსე, ცრემლიანი თვალები.

- რამდენი წელია, რაც განათლების სფეროში მუშაობთ და რა გზა განვლეთ დირექტორობამდე?
- პედაგოგობით დავიწყე 2000 წელს. დაწყებითი კლასი მყავდა, პარალელურად კოლეჯში ვმუშაობდი. დირექტორობა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც სკოლაში შევიყვანე ბავშვი. მაშინ ბევრი რამ დავინახე სხვა კუთხით, თუნდაც, როგორი უნდა ყოფილიყო მასწავლებელი. სურვილი გამიჩნდა გამოცდილება სხვისთვის გამეზიარებინა, პარალელურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი ვიყავი და ბევრმა მკითხა - მანდ რა გინდაო?! დღეს მიმაჩნია, სწორი ნაბიჯი გადავდგი. უკვე მეშვიდე წელია, რაც დირექტორის პოზიციაზე ვარ და როგორც მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი, მათემატიკას ვასწავლი ბავშვებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება