„ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“ - გოდერძი ჩოხელის „უმისამართო წერილი“
"ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული" - ეს ფრაზა გოდერძი ჩოხელის, ნაწარამოებიდან „უმისამართლო წერილი“-დანაა. შეუძლებელია გაეცნო მწერლის შემოქმედებას და მის მიმართ გულგრილი დარჩე. ჩოხელს ადამიანთა სევდის შემგროვებელსაც კი უწდებნენ.
etaloni.ge გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთ ნაწარმოებს, „უმისამართო წერილის“ გთავაზობთ:
" - მე შენ მიყვარხარ! - არა გჯერა? - ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ… მე შენ მიყვარხარ! ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს როგორიც იყავი. დილა არის. თოვს. ფანჯრიდან გხედავ, რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები. თოვს. ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გავხარ. დგეხარ ჩემს ფანჯარასთან და მელოდები. სახეზე გათოვს. შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ.
ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა. თოვდა. მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა - ჩვენ ცაში ავფრინდით! ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვაში მაღლა იყურები. მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ რომ გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა, თუ არა. როგორ გვეწყინა, რომ ისევ მიწაზე ვიდექით. მერე ხშირად ვმაღლდებოდით ხოლმე თოვაში. შენ ჩემს ფანჯარასთან დგეხარ და სახეზე გათოვს, ვიცი რომ ამ წუთში მაღლა მიფრინავ და არ გამოვდივარ სახლიდან, არ მინდა მიწაზე დაგცე. - დაგაგვიანდა - მეუბნება დედაჩემი. თოვს. მე ვერ ვბედავ გარეთ გამოსვლას. ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის. იცი რა მახსოვს? ერთხელ დავალება მოგვცა: წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი. დილით რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე. მეტი რა გზა მქონდა, ის გადათხუპნული ნაწერი წამოვიღე. ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დამიწერდა. თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით. მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა. თოვს… შენ უცებ თავს დახრი და ფანჯრისაკენ მოიხედავ. შენ ახლა ისევ მიწაზე ხარ და მე გულადად გამოვდივარ სახლიდან. თოვს. ჩვენ სკოლაში მივდივართ. - მე შენ მიყვარხარ. - დამიჯერე რა. - ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არა გჯერა ჩემი. მე კი… მე კი, რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ. ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ზოგჯერ მეშინია კიდეც, სიმარტოვისა მეშინია. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველღამე სიზმარში გხედავ, ისეთს როგორიც იყავი. შენ არ იცი რატომ გავაცდინე მაშინ სკოლა. თავი რომ მქონდა გატეხილი, იმას გეუბნები. იქნებ არც უნდა გითხრა, მაგრამ იმიტომ ვამბობ, მაშინ რომ მოგატყუე ხიდან ჩამოვვარდი - მეთქი, ტყუილი მინდა დავიბრუნო. მერვე კლასელმა ბიჭებმა მცემეს სკოლის უკან… მაგრამ თურმე აღარაფერი ბრუნდება უკან. მე დროში გავლილ მოვლენებზე გეუბნები. ის რაც იყო, ერთხელ იყო, განსაზღვრულ დროში და განსაზღვრულ სივრცეში. მე მაშინ მოგატყუე. სხვასაც რამდენ რამეს გატყუებდი. გეუბნებოდი რომ ქალაქში ვიყავი და იქ სპილოები და აქლემები ვნახე - მეთქი. ერთხელ ისიც კი მოგატყუე, რომ შენი სახლის უკან დევი ვნახე ღამე - შენ გჯეროდა. რატომ გატყუებდი, არ ვიცი. ალბათ ვაჟკაცად მინდოდა დამენახვებინა ჩემი თავი. ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი, არ მოკვდებოდი… დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა - ეტყობა ცხადად ვტიროდი.
ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა. მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ. იცი როგორ გელოდები. როდესმე ისევ წავალთ სკოლაში. პირველი თოვლი, რომ მოვა, მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს… სკოლის უკან ისევ მცემენ მერვე კლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ, რომ ხიდან ჩამოვვარდი. ისევ ვნახავ დევს შენი სახლის უკან… ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად. ოღონდ დამიჯერე. სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე, რომ - სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება… ოღონდ დამიჯერე, რომ თუ როდისმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო თავს აღარ მოიკლავ… ოღონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ არ მიყვარდი, პირიქით… შენ მიყვარხარ!“