სიახლეები
პიროვნება

„ხარისხი არ არის რაოდენობაში, თუ შევძლებთ თითოეულ ბავშვამდე ცოდნის მიტანას ეს იქნება საუკეთესო“- მარინე ტაბატაძე, ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2021
-
+


„პერსონა 2021“ წლის ტიტულის მფლობელი მარინე ტაბატაძე გახდა, რომელიც ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორია. აღნიშნულ დაჯილდოებაზე წარდგენილნი არიან წარმატებული ადამიანები საქართველოს მასშტაბით... მარინე ტაბატაძეს წარმატებაზე, ახალ რეფორმებზე და სკოლაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრეთ.

- ქალბატონო მარინე, რას ნიშნავს ეს ტიტული თქვენთვის?
- აღნიშნული ტიტული ყოველ წელს  50 ადამიანს ეძლევა სხვადასხვა მიმართულებით. წელს განათლების სფეროდან ოთხმა პედაგოგმა მივიღეთ, მხოლოდ სკოლის დირექტორეობიდან - მარტო მე, რაც ძალიან მახარებს. „პერსონა 2021“-ის ტიტული მეტ პასუხისმგებლობას და დიდ სტიმულს ნიშნავს, რომ უფრო მეტი გავაკეთო ამ სფეროში და უფრო მეტად შევუწყო ხელი ჩვენი სკოლის განვითარებას. გულწრფელად, არ ველოდებოდი თუ მე დამასახელებდნენ და მადლიერების, სიხარულის გაორმაგებული განცდა მაქვს.

- ცოტა თქვენზეც გვიამბეთ...
-  40 წელზე მეტს ითვლის ჩემი, როგორც მასწავლებლის გამოცდილება. ტექნიკური მიმართულებით მაქვს განათლება მიღებული - ფიზიკა-მათემატიკოსი ვარ. როცა გამოცხადდა დირექტორის კონკურსი, დავუკავშირდი რამდენიმე ადამიანს და ვუთხარი, რომ მონაწილეობა მიეღოთ. მათ მიპასუხეს, რომ მე უკეთესად გავართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის არქიმანდრიტის მეუფე ისაიას ლოცვა-კურთხევით მოვკიდე ხელი ამ ღირსეულ საქმეს, მან ასეთი სიტყვები მითხრა: თუ გინდა იყო ლიდერი, პირველი რიგში, უნდა გახდე ყველას მსახურიო. მეც სიამოვნებით ვემსახურები ჩემს ყელქცეულს.

- როგორ გაუმკლავდით 2020-2021 სასწავლო წელს?
- რთული გამოწვევის წინაშე დავდექით, მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ ტრაგედიასთან, რაც სკოლას დაატყდა თავს - ორი პედაგოგი დავკარგეთ, ერთი კოვიდით, მეორე - სიმსივნით. დეკემბრის თვე გვქონდა საშინელი... ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, ადგილი დაიკავეს რჩეულმა ახალგაზრდებმა, ჩვენი სკოლის აღზრდილებმა.

იმ ბავშვებს, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ ონლაინ რეჟიმში ინტერნეტის არ ქონის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთობის“ ხელმძღვანელმა იულია ხარაშვილმა, სიმ ბარათები აჩუქა მოსწავლეებს, რომლებზეც თანხის გარკვეული რაოდენობა იყო ჩარიცხული. ამის შემდეგ, გაკვეთილებზე სრული დასწრება გვქონდა. ჩვენი სკოლა ერთი თვის განმავლობაში იყო ონლაინ რეჟიმზე. რეგულაციებსაც მაქსიმალურად ვიცავდით - საპირფარეშოებიც სასკოლო სივრცეში შემოგვიტანეს და უკეთ კონტროლდებოდა ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები.

- რამდენად კმაყოფილი ხართ წლევანდელი შედეგებით?
- წელს მე-12 კლასი არ გვყავდა, ამის მიზეზი კლასკომპლექტი გახდა, რომელიც სკოლაში ჩემს მოსვლამდე იყო დანერგილი. მინდა ყველა სკოლის დირექტორს ვთხოვო, თითო-თითო ბავშვის შემთხვევაშიც კი, არ გააკეთონ კლასკომპლექტი, ვინაიდან ეს იწვევს კლასის დაშლას და სასწავლო პროცესის ცუდად წარმართვას. საბოლოო ჯამში კარგი შედეგები ჰქონდათ ბავშვებს.

- ანუ, კლასკომპლექტები არ ამართლებს?
- მინდა გითხრათ რომ არ ამართლებს. როცა 40 წუთის მანძილზე 2 კლასს ერთად ასწავლის ერთი მასწავლებელი. საუბარია სხვადასხვა კლასზე, მაგალითად, მეორე და მესამე. ამ სწავლებას შედეგი ჰქონდა იმდენად ცუდი, რომ მშობელმა ერთი მოსწავლე მეოთხე კლასიდან სხვა სკოლაში გადაიყვანა, მეორე კი წინა კლასში დატოვა.

- არ შეგეძლოთ უარი გეთქვათ ამ მიდგომაზე?
-  არა, რადგან კლასები უკვე დაკომპლექტებული იყო ჩემს მოსვლამდე და ვერ გავაუქმებდი. სწორედ ამიტომ წლევანდელ წლამდე თითო კლასი არ გყავდა და ეს დარჩა გამოწვევად. მასწავლებლებს ჰქონდათ შემოთავაზება კვლავ ყოფილიყო მსგავსი მიდგომით სწავლება, რადგან მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, მაგრამ ვინაიდან ჩვენს სკოლაში არ გაამართლა კლასკომპლექტმა, უარი ვთქვით ამ მიდგომაზე. ხარისხი არ არის რაოდენობაში, თუ ჩვენ შევძლებთ თითოეულ ბავშვამდე ცოდნის მიტანას, ეს იქნება საუკეთესო. არავის უფლება არ უნდა დაირღვეს, ყველას აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. დღეს წარმატების მისაღწევად ისეთი შესაძლებლობებია, რაც არასოდეს არ ყოფილა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები, როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო კონკურსებში იღებენ მონაწილეობას და მათ შესაძლებლობა აქვთ სწავლა უცხოეთში განაგრძონ. მსგავსი მიდგომებით კი, რატომ უნდა ჩავუქროთ სწავლის სურვილი, პირიქით ფრთები უნდა შევასხათ მათ, რომ იფრინონ. წელს გამოსწორდა ის შეცდომა, რაც 11 წლის მანძილზე იყო. მომავალი წლის მე-12 კლასში უკვე 2 მედლის კანდიდატი გვყავს და მჯერა, რომ საქართველო იამაყებს ყელქცეულის სკოლის მოსწავლეებით.

- კიდევ არის სკოლაში სხვა საკითხები, რომლებიც გასაუმჯობესებელი ან შესაცვლელი გგონიათ?
- ზოგადად წუწუნი არ მახასიათებს, მაგრამ ჩვენს სკოლას აქვს ისეთი გამოსასწროებელი პრობლემა, რომელიც ათწლიანი „ომის“ შედეგადაც კი ვერ გამოვასწორე. სკოლის ეზოში, შენობიდან ხუთ მეტრზე განთავსებულია სოფლის ელექტრო ქვესადგური და  მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს, ვინაიდან სიცოცხლისთვის საშიშია. ჩაერთო ბევრი ადამიანი, მაგრამ შედეგი დღემდე არ გვაქვს. დაუსრულებლად გვამისამართებენ სხვადასხვა ინსტანციებში და მე მათი დევნა ფიზიკურად არ შემიძლია, მაშინ არც გაკვეთილი არ უნდა ჩავუტარო ბავშვებს  და ვერც სკოლას ვუხელმძღვანელო. ძალიან მინდა ვისაც ეხება ამ საკითხის მოწესრიგება, მიხედოს - მის იმედზე ვართ.

სკოლა, რომ ავარიულ მდგომარეობაშია ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია, რადგან პროფესიონალი მასწავლებლებითაა დაკომპლექტებული და ბავშვებს სათანადო განათლებგას ვაძლევთ. გარდა სასკოლო პროგრამისა, გვაქვს სხვადასხვა წრეები, რომლითაც დიდ შედეგებზე გადიან ბავშვები. ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოა, ამიტომ თავისუფლად ვამბობ, რომ საუკეთესო კოლექტივი მყავს. დასასრულს, იმედს ვიტოვებ, მომავალი წელი უფრო ნაყოფიერი იქნება, როგორც ჩვენი სკოლისთვის ისე, სრულიად საქართველოსთვის.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება