„ეტალონი“ ჩვენი განათლების სისტემისთვის ნამდვილი საჩუქარია“ - ქუთაისში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა
წელს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი სახეცვლილი - დისტანციური ფორმატით მიმდინარეობს, მიზანი კი უცვლელია და მალე მუნიციპალიტეტების „ეტალონი მოსწავლეები“ ერთმანეთს ფინალში შეეჯიბრებიან; პროექტი, რომელმაც არაერთი წარმატებული თაობა გაზარდა, ათეულ წელზე მეტია ბავშვებს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს და ისინიც ერთმანეთს ღირსეულ მეტოქეობას უწევენ იქ, სადაც განათლება უპირველესია, წარმატებისკენ მუდმივი სწრაფვა კი - უმთავრესი.ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა მეცხრეკლასელი ლანა გურეშიძე, ქუთაისის N31 საჯარო სკოლიდან, რომელმაც მოგვიანებით,
Etaloni.ge-სთან გამარჯვების სიხარული ვერ დამალა და ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის დისტანციური ფორმატით ჩატარებულ ინტელექტ-ჩემიონატში მონაწილება ძალიან კომფორტული იყო:
„გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა თავი არ დამიზოგავს, მაქსიმალურად ვეცადე ყველა კითხვაზე მეპასუხა და საოცარი ემოცია დამეუფლა, როდესაც შევიტყვე, რომ გამარჯვებული ვიყავი. რაც შეეხება ფორმატს, უნდა ვაღიარო, ძალიან მომეწონა ონლაინ-ჩემპიონატი... ნებისმიერი ლოკაციიდან შემეძლო ჩართვა და ეს ძალიან კომფორტულია, თუმცა ვისურვებდი „ეტალონი“ სრული შემადგენლობით მალე დაგვიბრუნდეს და ინტელექტ-ჩემპიონატიც ტრადიციისამებრ ჩატარდეს“.
როგორც ქუთაისის N31 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა შველიძე გვეუბნება, მოსწავლეები მთელი სასწავლო წელი ემზადებოდნენ „ეტალონის“ ჩემპიონატისთვის და ამისთვის ცალკე ჯგუფიც კი ჰქონდათ გაკეთებული teams-ში:
„მინდა გითხრათ, რომ ზოგადად გამორჩეულები მოსწავლეები გვყავს და ლანას კლასიც გამორჩეულად კარგია. არაერთ საგანმანათლებლო პროექტში არიან ჩართულნი და ხშირად აღწევენ წარმატებას. „ეტალონის“ ჩემპიონატისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყეს. ცალკე ჯგუფი შექმნეს teams-ში და იქ მეცადინეობდნენ. აკეთებდნენ ტესტებს, უხსნიდნენ და რჩევებს აძლევდნენ ერთმანეთს. „ეტალონთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და წინა წლებში ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე „ეტალონის“ გამარჯვებულიც იყო.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ვართ ჩართულნი izrune.ge- ს პროექტშიც და დიდი სურვილი გვაქვს, რომ უფრო მეტად გავაქტიურდეთ ამ მიმართულებითაც.
ვულოცავ ლანას ამ წარმატებას და მთლიანად მის კლასს. 13 მოსწავლიდან, რომელიც მეორე ეტაპზე იღებდა მონაწილეობას, 7 მოსწავლე საუკეთესო ათეულში გავიდა და ნამდვილად ძალიან გახარებული და ამაყი ვარ. მადლობა „ეტალონის“ პროექტს და მის გუნდს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია მურუსიძემ კი განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა:
„ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა ზოგადად საგანმანათლებლო პროექტებში და განსაკუთრებით ისეთში, როგორიც - „ეტალონია“. ქუთაისის სკოლების ჩართულობა მაღალი იყო და ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის დაუჭერს მხარს; მით უმეტეს, აშკარად გამოჩნდა ადგილობრივი ახალგაზრდების ინტელექტუალური შესაძლებლობები, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც არაერთი წარმატება ელით და ჩვენი მეგობრობა „ეტალონთან“ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის წარმომადგენელმა, სალომე ფუტკარაძემ კი დასძინა, რომ „ეტალონი“ ემსახურება მოსწავლეთა წინსვლა-განვითარებას, ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია პროექტის მხარდაჭერა:
„ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განვითარება, როგორიც „ეტალონია“ - ის ემსახურება მოსწავლეთა წინსვლასა და ცოდნის გაღრმავებას. ასეთი პროექტების გარეშე ჩვენს მოსწავლეებს არ ექნებოდათ მოტივაცია, მეტად განვითარებულიყვნენ და გამოევლინათ ცოდნა.
Etaloni.ge-ს საშუალებით, ვულოცავ გამარჯვებულს და საამაყოა, რომ ერთი სკოლის წარმომადგენლებმა რამდენიმე საპრიზო ადგილი მოიპოვეს“.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის წარმომადგენელმა, მაყვალა ქობულაძემ კი გვითხრა, რომ ქუთაისი გოჩა ტყეშელაშვილისა და მისი პროექტების გარეშე ვერ წარმოუდგენია:„ბატონი გოჩას ყველა პროექტი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველია, როგორც „ეტალონი“, ისე izrune.ge. მით უმეტეს, საამაყოა, რომ ქუთაისიდან ბევრი მოსწავლე ჩაერთო ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში, ჰქონდათ საოცარი შედეგები. ჩვენც გვქონდა წვდომა პორტალთან და შეგვეძლო თვალი გვედევნებინა ეროვნული ინტელქტ-ჩემპიონატისთვის, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული; გაირკვა, რომ ქუთაისის N31 საჯარო სკოლას წარმატებული მოსწავლეები და საოცარი დირექტორი ჰყავს - ორმა მოსწავლემ აიღო 100 ქულა, უბრალოდ ერთმა სულ მცირე დროით აჯობა. მოხარული ვარ, რომ ქუთაისს ჰყავს გოჩა ტყეშელაშვილი და გვაქვს მისი პროექტები - „ეტალონი“ და
izrune.ge.
მაია ცქიტიშვილმა, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შეაფასა პროექტი და ისიც გვითხრა, მეგონა, დისტანციური ფორმატის გამო დაინტერესება ნაკლები იქნებოდა, თუმცა მიხარია, ასე რომ არ მოხდაო:
„სიმართლე გითხრათ, მეგონა დისტანციურ ფორმატში ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება მოსწავლეთა შედეგებზე იმოქმედებდა, თუმცა საამაყოა, რომ ბავშვებმა თავი არ დაზოგეს - ეს იყო ღირსეული ბრძოლა, სადაც ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა. იმედი მაქვს, მომავალ წელს ერთმანეთის პირადად ხილვის საშუალება გვექნება, „ეტალონიც“ ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდება და ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება. ჩემთვის „ეტალონი“ არის განათლებასა და მომავალ თაობებზე ზრუნვის მაგალითი“
ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა კი განაცხადა: „ეტალონი ჩვენი განათლების სისტემისთვის ნამდვილი საჩუქარია. ამ პროექტმა უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდას გაუკვალა გზა. წელს კი დისტანციურად გამართულ შეჯიბრებაში ჩვენმა თანაქალაქელმა გვასახელა. ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა გურეშიძე გამარჯვებულია. მინდა მივულოცო ეს წარმატება მასაც და N31 სკოლის პედაგოგებს, დირექტორს, რადგან კარგი სკოლის და სწორი სწავლების მეთოდიკის პირობებში ხდება წარმატებების მოპოვება. „ეტალონი“ მართლაც რომ ეროვნული პროექტია. ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის უჭერდა მხარს და მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას“.