მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დირექტორობამდე პედაგოგობის დიდი გზა განვლო, შემდეგ იყო დირექტორის მოადგილე და ბოლოს, თავადაც გადაწყვიტა სკოლას ჩასდგომოდა სათავეში. უზომოდ უყვარს თავისი საქმე, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ თითქმის 10 წელია შვებულება არ აუღია - თავდაუზოგავად შრომობს მისი მოსწავლეებისა და სკოლის წარმატებისთვის. საუბარი თბილისის N67 საჯარო სკოლის დირექტორზე, ნანა ჟორჟოლიანზეა, ადამიანზე, რომელმაც იმ სკოლებში, სადაც მუშაობის შესაძლებლობა მიეცა, ბევრი რამ შეცვალა მომავალი თაობის სასიკეთოდ.
ნანა ჟორჟოლიანი: 22 წლის ვიყავი, როცა პირველად მასწავლებლად მივედი სკოლაში. მერე 15 წელი დირექტორის მოადგილე ვიყავი, ბოლოს დირექტორის გამოცდები ჩავაბარე და 214-ე საჯარო სკოლაში დავინიშნე დირექტორად. იქაც რთული მდგომაროება დამხვდა, მაგრამ შევძელი და სკოლას სრული რეაბილიტაცია გავუკეთე - ინფრასტრუქტურის სააგენტოს და განათლების სამინისტროს დახმარებით, სარეზერვო ფონდიდან გამომიყვეს თანხები. ეს არც თუ ისე მარტივი საქმე იყო.
- არ გაგიჭირდათ სკოლის შეცვლა?
- ვამბობდი ხოლმე, გადაბარგების პროცესი რთულია - მეთქი და ასეც აღმოჩნდა. ტერიტორიულად შორს იყო ჩემი სკოლა და ამიტომ ვამჯობინე შეცვლა. 2018 წელს გადმოვედი N67 საჯარო სკოლაში, აქაც მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა დამხვდა და დღემდე ვცდილობ ეს პრობლემა მოვაგვარო. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ მასპინძელი სკოლა, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში - N43 საჯარო სკოლაა ჩვენთან და მათი შენობის რეაბილიტაცია, რომ დასრულდება, მერე ჩვენსას დაიწყებენ. ჩემ დროს და რესურსს მაქსიმალურად ვხარჯავ სკოლაში, ვცდილობ ყველაფერი მოსწავლეების და თანამშრომლების სასიკეთოდ გავაკეთო. ბოლო 10 წელია შვებულებაც არ ამიღია, რადგან საქმე ასე მოითხოვს.
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს?
- 2020-2021 სასწავლო წელი დიდი სიახლე იყო. დისტანციური სწავლება არ ყოფილა პრობლემა, რადგან წინა წლის გამოცდილება გვქონდა, მაგრამ წელს იყო ჰიბრიდული სწავლების მოდელი. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ, როგორ სურდათ სწავლა: დისტანციურად თუ სკოლაში. შეიქმნა ვირტუალური კლასები და ასე მოვახერხეთ მათი სასწავლო პროცესში ჩართვა. ეს რთული იყო იმ მხრივ, რომ ჩვენ გვყავს 30 სსსმ მოსწავლე (ახალი სასწავლო წლიდან კიდევ დაგვემატებიან) და ზოგს ეკრანთან დიდი ხნით ყოფნა უჭირდა. მშობლების დახმარებით, ასეთი მოსწავლეები სკოლაში დადიოდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს სსსმ მასწავლებლების და ფსიქოლოგების, რომლებიც ცდილობენ სსსმ მოსწავლეები მაქსიმალურად ადაპტირებულები იყვნენ სასწავლო პროცესში. ახლა კიდევ ორი ასისტენტი ავიყვანეთ იმ ბავშვებისთვის, ვისაც სჭირდებათ მათი დახმარება. უნდა აღვნიშნო, რომ წელს მასწავლებლებს გვქონდა თვითდასწრება გაკვეთილებზე - ვესწრებოდით სხვადასხვა გაკვეთილებს, პედაგოგები ერთად განიხილავდნენ საგაკვეთილო თემებს და მაქსიმალურად ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
- გაკვეთილებზე დასწრება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, დაიწყეთ?
- დიახ, ჩვენ გავიარეთ ტრენინგები და ჩავერთეთ ამ პროგრამაში, პირველად დაწყებითების მასწავლებლები ჩაერთნენ, შემდეგ - ყველა. მათთან ერთად ტრენინგებზე მეც შევდიოდი და მათ ვეხმარებოდი მიღებული ინფორმაციის გადმოტანაში საგაკვეთილო პროცესში.
- რამდენად რთული იყო ამ ყოველივეს პრაქტიკაში დანერგვა?
- მარტივი არაა, მაგრამ არც შეუძლებელი. იმდენად საინტერესო ინფორმაცია მიიღეს მასწავლებლებმა, რომ თავად იყვნენ მოტივირებულები ეს ყველაფერი პრაქტიკაში, გადაეტანათ. დადებითად შეხვდნენ ამ სიახლეს, მოეწონათ და მოტივაცია გაუჩნდათ. თითოეული ტრენინგის შემდეგ, ტრენერს ვუბრუნებდით ჩვენ მიერ მომზადებულ მასალას. ელექტრონული რესურსი გვაქვს ბევრი, უბრალოდ, როგორ მოარგებს კონკრეტულ ინფორმაციას მასწავლებელი მის თემას, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. პედაგოგმაც უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, რომ საბოლოოდ კარგი შედეგი მიიღოს.
- გამოდის, რომ მასწავლებლების გადატვირთულ გრაფიკს, კიდევ დაემატა ახალი საქმე. ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად ახერხებენ ისინი პროდუქტიულები იყვნენ საგაკვეთილო პროცესში?
- კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს გამზადებული რესურსი და მასწავლებელს წინასწარ შეუძლია მთელი წლის პროგრამა ელექტრონულად გაწეროს და მერე ეტაპობრივად გამოიყენოს. მისი სურვილის მიხედვით, თუ წინასწარ რამოდენიმე დღე დაიხარჯება, მერე მთელი წელი შეუმსუბუქდება საქმე. ჩვენ უკვე დავგეგმეთ, თუ როგორ უნდა იმუშაონ პედაგოგებმა მომავალი წლიდან ისე, რომ მეტი ელექტრონული რესურსი მიაწოდონ ბავშვებს. ელექტრონული რესურსი უამრავია, უბრალოდ ამ ინფორმაციას კარგად დამუშავება და მიტანა სჭირდება მოსწავლემდე. ეს ყველაფერი კი ბავშვებისთვის კეთდება.
- რამდენად ახერხებენ ისინი „ინფორმაციას კარგად დამუშავება და მიტანას მოსწავლემდე“ ?
- ტრენინგები იმდენად საინტერესო იყო და ინფორმაციული, რომ ამის პრობლემა არ გვქონია. ჩემს ყველა მასწავლებელს დიდი სურვილი ჰქონდათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების. ეს იყო შესაძლებლობა და მათ ბევრი რამ ისწავლეს. კმაყოფილი ვარ მათი და ასევე საკუთარი თავის - მათემატიკის მასწავლებელი ვარ და თავადაც ვიყავი ჩართული. მიღებულ ცოდნას აუცილებად გადმოვიტანთ საკლასო ოთახში, რადგან ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის.
- გამოდის, რომ მოსწონთ მასწავლებლებს აღნიშნული რეფორმა?
- კი, ნამდვილად. სიახლეების მიმღებლობა უნიკალური რამაა. თუ ჩვენ უარს ვიტყვით სიახლეებზე, მაშინ ჩვენი მოსწავლეები და მშობლებიც ვერ მიიღებენ მას. უპირველეს ყოვლისა, თავად უნა გვქონდეს ამის მოტივაცია და მერე, როგორც გადავცემთ მიღებულ ინფორმაციას, ისეთივე შედეგს მივიღებთ - ბავშვი არის სუფთა დაფა, რასაც დავწერთ იმას წავიკითხავთ. მასწავლებლებმა ეს კარგად იციან და ამიტომ მონდომებულები იყვნენ, რომ ჯერ თავად ესწავლათ, მერე - ბავშვებისთვის გადაეცათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.
- ქალბატონო ნანა, წელს სოცმუშაკები გამოჩნდნენ სკოლაში. რამდენად ხედავთ მათ საჭიროებას?
- ჩემს სკოლაში ჯერ არ შემოსულა, თუმცა ნამდვილად მივესალმები მათ ყოფნას. მანდატურის სამსახურს აქვს ფსიქოლოგის უფასო მომსახურება და მათთვის მიგვიმართავს ხოლმე დასახმარებლად. ერთხელ სხვა სკოლიდან გადმოსულ მოსწავლეს ცოტა გაუჭირდა შეგუება და მის მშობელს ვურჩიეთ ფსიქოლოგთან გაევლოთ კონსულტაცია. დავეხმარეთ ამ ბავშვს და გადალახა რთული პერიოდი. როცა მსგავს პრობლემასთან გვაქვს ხოლმე საქმე, აქ მეც ვერევი და შეხვედრებს ვმართავ მშობლებთან. აქამდე, რაც ყოფილა, ყველაფერი მარტივად მოგვიგვარებია და ამ საქმეში თუ სოცმუშაკი დაგვეხმარება, მოხარული ვიქნები.
- ელექტრონულ ჟურნალზე გადახვედით?
- ამ ეტაპზე ორივე გვქონდა - ელექტრონული და მატერიალური. საცდელი წელი იყო და მთლიანად ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლა ვერ გავბედე. თან მშობლებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე ბავშვების ნიშნების ფურცელი თუ სხვადასხვა დოკუმენტი და ამიტომ, წელს ასე ვამჯობინე. მომავალი წლიდან მხოლოდ, ელექტრონული ჟურნალით ვისარგებლებთ.
- ტექნიკის მხრივ გაქვთ ამის მზაობა? მასწავლებლები რამდენად კმაყოფილები არიან ელექტრონული ჟურნალით?
- სიახლეს ყოველთვის აქვს სირთულე და ასევე, დადებითი და უარყოფითი მხარეები. თავიდან დიდად არ იყვნენ კმაყოფილები, მაგრამ შემდეგ მიეჩვივნენ. ახლა უკვე მზად არიან, მხოლოდ ელექტრონული ჟურნალზე იმუშაონ. ჩვენ არ გვაქვს ტექნიკის პრობლემა, საკმარის კომპიუტერია სკოლაში, ამ მხრივ სამინისტრო არასოდეს ამბობს უარს დახმარებაზე, უბრალოდ სწორი მიმართვა სჭირდება კონკრეტული პრობლემის დროს.
- ახსენეთ, რომ სსსმ მოსწავლეები გყავთ. თავიდან ცოტა რთულად მიიღეს ეს ბავშვები სკოლებმა. დღეს როგორი დამოკიდებულებაა მათ მიმართ?
- სხვა სკოლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, როცა თავიდან შემოვიდნენ სკოლაში სსსმ მოსწავლეები, მაშინ გაჩნდა პრობლემა - ერთ მასწავლებელს არ ჰქონდა მიმღებლობა. კარგად მახსოვს ჩვენი დიალოგი, ვუთხარი ასეთი რამ: თავად თუ ხარ დაზღვეული შენს შვილს, შვილიშვილს ან ახლობელს მსგავსი პრობლემა არ ექნება-მეთქი. ეს იყო და ეს - პრობლემა მოგვარდა. ბოლო წლებია არ მახსენდება რაიმე გართულება ყოფილიყო ამ მხრივ. ჩვენთან ყველა კლასში სწავლობენ სსსმ მოსწავლე. ჩვენ ყველანი, განურჩევლად მოსწავლისა, მშობლისა, მასწავლებლისა, ერთი დიდი ოჯახი ვართ; ერთი პრობლემა გვაქვს, რომლის გადაჭრის გზებს ყველა ერთად ვეძებთ.
დასაწყისში აღვნიშნე, როცა ამ სკოლაში მოვედი რთული მდგომაროება დამხვდა ინფრასტრუქტურის მხრივ - მეთქი. ასევე ძალიან ცუდ მდგომაროებაში იყო სსსმ მოსწავლეების კაბინეტი - იატაკი ჩავარდნილი, გაფუჭებული ავეჯი... ეს ბავშვები გადავიყვანე გაცილებით დიდ და კომფორტულ ოთახში, სადაც მოვაწესრიგეთ ყველაფერი და სუფთა, უსაფრთხო გარემოში ისვენებენ, როცა ამის საჭიროებაა. თითოეული მათგანი ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც ყველა გაკვეთილზე დასწრება არ შეუძლია და სჭირდება დასვენება - სწორედ მათთვისაა ეს ოთახი.
- როგორც ცნობილია, თანაკლასელები ძალიან მეგობრულები არიან სსსმ მოსწავლეების მიმართ...
- ნამდვილად. ეს ბავშვები საზოგადოების ნაწილია და მათი სოციალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი საკლასო ოთახში ყოფნა ტიპიური განვითარების ბავშვებისთვისაც კარგია, ვინაიდან ისინი სწავლობენ გულწრფელ მეგობრობას, ერთმანეთის უფრო მეტ პატივისცემას, დახმარებას, ტოლერანტობას... ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამაში რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავთ - სკოლა ყველასია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა
„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა ლიტერატურული საღამოები, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება“
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ილია იყო, არის და იქნება ერის საამაყო შვილი