ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლინდა მესხიძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
28-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლინდა მესხიძემ მშობლიური სკოლა ასახელა და საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტი „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ChildFund Deutschland-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ხუთი რეგიონის 37 წარმატებულ მონაწილეებს ინდივიდუალური და ჯგუფური მცირე გრანტი გადაეცათ.
პროექტში სკოლის მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. არაფორმალური განათლების მეშვეობით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, უნარ-ჩვევების მიღებასა და სოციალურ მეწარმეობაში სოფლად არსებული თემების რესურსების გამოყენების ინტეგრირების მნიშვნელობის გააზრებას ისახავდა მიზნად.
მცირე გრანტების კომპონენტი პროექტის დამასრულებელ ეტაპს წარმოადგენდა. გამარჯვებული მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სოციალური მეწარმეობის იდეები 11 სფეროში გადანაწილდა.
ცნობიერების ამაღლებისა და ტრენინგ-სესიები სამიზნე რეგიონების 40-ზე მეტი სკოლის 270 მოსწავლეს მოიცავდა, რომელთაც გერმანელ ექსპერტებთან ერთად, ქართველ ტრენერთა კვალიფიციური გუნდი ხელმძღვანელობდა.