მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტ „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, ნატა კვარაცხელია ჯერ მაღალმთიანი სვანეთის ერთ-ერთ სოფელში ასწავლიდა ბავშვებს, ხოლო შემდეგ - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში გადავიდა. დღეს იშვიათია ისეთი მასწავლებლები, როგორიც ნატაა, ის საკუთარი შვილებისგან მოშორებით სხვისი შვილების განათლებაზე, სწორ აღზრდაზე და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ზრუნავს; დიდი მონდომებით ასწავლის ეთნიკურ უმცირესობას ქართულ ენას და მათში ქართული სულის გაღვივებას ცდილობს.
ნატა კვარაცხელია: პედაგოგობა ბავშვისთვის ყოველთვის მიმზიდველი პროფესიაა, მეც მქონდა ამის სურვილი, თან დედაც მასწავლებელი მყავდა, მაგრამ პროფესიული არჩევანი ერთმა მომენტმა შემაცვლევინა. ერთხელ, ქუჩაში დავინახე ახალგაზრდა ინჟინერ-მშენებელი გოგონა და იმდენად მოვიხიბლე ამ საქმით, გადავწყვიტე მომავლის პროფესიად ამერჩია. მაშინ სტერეოტიპული შეხედულებები იყო, მსგავს სფეროში ქალები იშვიათად იყვნენ და ეს გოგონა ჩემი ინსპირაცია გახდა. მამა ინჟინერი მყავდა, დედა, როგორც უკვე აღვნიშნე პედაგოგი და სპეციალობა მომიძებნეს ისეთი, რომელსაც ინჟინერ-პედაგოგი ერქვა - მშენებლობის მიმართულებით ვიქნებოდი მასწავლებელი სპეცსასწავლებელში. ამ სასწავლებლებში ძირითადად ის ბავშვები სწავლობდნენ, ვინც სკოლას არიდებდნენ თავს, მათთან მუშაობა მარტივი არ იყო, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, საკმაოდ კარგად გავართვი თავი. შემდეგ გაუქმდა სპეცსასწავლებლები და სადაც ვცხოვრობდი, იმ სოფელში არსებულ პატარა სკოლაში დავიწყე დაწყებითების პედაგოგად მუშაობა. ეს გახლდათ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხური. 1996 წლიდან მოყოლებული დაწყებითების მასწავლებელი ვიყავი, მერე მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებმაც მომისწრო და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. ინტერნეტში ვაკანსიის ძიებისას გადავაწყდი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსს „ასწავლე საქართველოსთვის“. როგორც გავარკვიე, მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლების დეფიციტი იყო და იწვევდნენ პედაგოგებს. გადავწვიტე მასში ჩავრთულიყავი, სერტიფიკატი უკვე მქონდა და მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე წავედი სვანეთში სასწავლებლად და იქ 2 წელი დავყავი. სვანეთის ულამაზესი სოფლის, იელის საჯარო სკოლაში ვასწავლიდი, სადაც მხოლოდ 11 ბავშვი სწავლობდა.
- რამდენად რთული იყო თქვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება და როგორი შედეგი გქონდათ ამ ორ წელში?
- რთული იყო, რადგან ორი შვილი და მეუღლე თბილისში ცხოვრობდა, მე კი წელიწადში ორჯერ ვახერხებდი მათთან ჩასვლას, თუმცა ასეთი გამოწვევები და საკუთარი თავის გამოცდა მიყვარს. ორი წელი ვიმუშავე იელის სკოლაში, რომელსაც ძალიან კარგი დირექტორი და კოლექტივი ჰყავდა. სულ ოთხი მასწავლებელი იყო და პედაგოგების სიმცირის გამო, დაწყებით საფეხურს გაკვეთილებს იმავე სკოლის 9 კლასს დამთავრებული გოგონა უტარებდა. ნიჭიერი და მონდომებული ბავშვები დაგხვდა და ერთ წელში კარგი შედეგები დავდეთ. 85 კომლიან სოფელში მხოლოდ, 19 ოჯახი ცხოვრობდა. ისეთი კმაყოფილები იყვნენ საკუთარი შვილების შედეგით აღარ იცოდნენ, როგორ გამოეხატათ კმაყოფილება. ჩემთან ერთად ერთი გოგონაც იყო ამ პროექტის ფარგლებში. ადგილობრივები, რომ ხედავდნენ ჩვენს კეთილგანწყობას, ხელის გულზე გვატარებდნენ და ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მათი შვილებისთვის კარგ საქმეს ვაკეთებდით.
იელის სკოლაში, ერთხელ მესამე კლასელმა გოგონამ მკითხა: მასწავლებელო რეკლამაში აჩვენეს, რაღაცას ბურგერი ეწერა და ხომ არ იცით რა არისო. ეს ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო და გული ჩამწყდა მის სიტყვებზე. შევადარე ქალაქის ბავშვი, რომელმაც ამ კუთხით ყველაფერი იცოდა და ეს ბავშვები, რომლებიც ბევრ რამეს იყვნენ მოკლებულნი. სახლში, რომ მივედი ვერ მოვისვენე, გადავწვიტე ეს ბავშვები თბილისში ჩამომეყვანა. დავწერე პროექტი და გავუგზავნე სხვადასხვა კომპანიებს. ერთ-ერთი კომპანია გამომეხმაურა და მათ დააფინანსეს ამ ბავშვების 3 დღიანი ექსკურსია თბილისში. ბავშვებმა თბილისის ყველა ღირსშესანიშნაობა დაათვალიერეს, ბევრი ბურგერიც მიირთვეს და მეც უზომოდ კმაყოფილი ვიყავი, როცა მათ ბედნიერ სახეებს ვხედავდი.
- ირგანჩაის სკოლაში, როგორ მოხვდით?
- „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ვაკანსია გამოჩნდა დმანისში და იქედან გამომდინარე, რომ უფრო ახლოს იყო თბილისთან, მენეჯერს ვთხოვე ადგილი გაეცვალა. მაშინ ეყრებოდა საფუძველი ირგანჩაის საჯარო სკოლაში ქართულ სექტორის, თუმცა მასწავლებელთა სიმცირის გამო, დახურვა ემუქრებოდა. რთული მდგომარეობა დამხვდა, ეს სოფელი 25 კილომეტრით არის დაშორებული რაიონის ცენტრს და მკაცრი ზამთარი იცის, ტრანსპორტირების პრობლემაც იყო და ვერ ახერხებდნენ მასწავლებლები სკოლაში სიარულს. გარდა ამისა, ქართული ენის მხრივ იყო რთული მდგომარეობა მოსახლეობაში, ჩემმა თაობამ რუსული იცოდა და კონტაქტი შესაძლებელი იყო, მაგრამ მოსწავლეების მშობლებმა - არც რუსული და არც ქართული. სკოლის ბავშვები რაღაცას ახერხებდნენ ქართულად. მაშინ მივხდი რეალურად, რომ თურმე საქართველოში არსებობს რეგიონები, სადაც შენს მშობლიურ ენას დღის განმავლობაში ვერ გაიგებ. ჩავედი საკუთარი მანქანით და რესურსცენტრის უფროსს შევთავაზე, რომ ჩემი მანქანით ვატარებდი რამდენიმე მასწავლებელს. მოკლედ, ასე შევკრიბე მასწავლებლები და ჩავიბარეთ პირველი კლასი.
- ახლა რა მდგომარეობაა ამ მხრივ სკოლაში?
- 6 თვე ვიცხოვრე ირგანჩაიში. იქ არ მიჭირდა ცხოვრება, საკმაოდ კარგ ოჯახში ვიყავი, მაგრამ რაიონიდან სიარული იმიტომ იყო კარგი, რომ მასწავლებლები მეტარებინა. ამ მეთოდმა გაამართლა, მოგვემატა მასწავლებლები და ახლა ჯამში 14 პედაგოგი ვართ ქართულ სექტორზე და 100-მდე მოსწავლე გვყავს. ბავშვები თავისუფლად მეტყველებენ ქართულად. თავიდან იყო ხელის შემშლელი გარემოებები, მაგრამ მშობლების თანადგომით დავძლიეთ ეს პრობლემები. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ავაღორძინეთ ქართული სექტორი და ის, რომ ირგანჩაის საჯარო სკოლაში ნამდვილად ტრიალებს ქართული სული. მშობლები გვეუბნებიან, რომ მათ ქორწილებში ბავშვებს ქართულად ამღერებენ და აცეკვებენ. ჩვენ ამით ამაყები ვართო.
- ქალბატონო ნატა, რამდენად ხედავენ სოფელში ქართული ენის ცოდნის აუცილებლობას?
- ახალ თაობაში დიდი ინტერესია და აცნობიერებენ, რომ ქართული ენა სჭირდებათ. მშობლებისგანაც მოდის ინიციატივა, რადგან თავად აწყდებიან უამრავ წინაღობას ენის არ ცოდნის გამო. როცა ისინი მიდიან გამგეობაში, ბანკში, საავადმყოფოში კომუნიკაციის პრობლემა აქვთ და ამიტომ, მე-3 კლასელი შვილები მიჰყავთ ხოლმე თარჯიმნად. ჩვენ, მასწავლებლებმა დავანახეთ ამ ხალხს, რომ ისინი საქართველოში ცხოვრობენ და ამ ქვეყნის ენა ცოდნა აუცილებელია თავის დამკივდრებისთვის. მათი პოზიციაც გასაგებია, ამბობენ, რომ არასოდეს ჰყოლიათ ქართველი, ვინც მათ ეკონტაქტებოდა. მისასალმებელია, რომ ახალ თაობას ქართული ენის სწავლის სურვილი აქვს და ჩვენც არ ვიშურებთ ენერგიას.
- სახელმწიფო რამდენად გეხმარებათ ამ საქმეში?
- რა პროექტიც წამომიწყია და რესურსცენტრისთვის ან მერიისთვის მიმიმართავს, გაწბილებული არ დავრჩენილვარ. გულწრფელად, ყველანაირად გვეხმარებიან. ერთი დიდი პროექტი გავაკეთე და ვიდრე ამ სკოლაში ვიქნები არ დავასრულებ, ეს ეხება ქართულენოვან ბიბლიოთეკას. ერთი ქართული წიგნი არ იყო სკოლაში, სახელმძღვანელოს გარდა, და პირველი წერილი, რომლითაც გამგეობას მივმართე ბიბლიოთეკას ეხებოდა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის უამრავი ზღაპარი და წიგნი ჩამოგვიტანეს. ბიბლიოთეკისთვის ოთახი კი გამოგვიყო სკოლამ, მაგრამ გასარემონტებელი იყო. კიდევ დავწერე პროექტი და გაგვირემონტეს. შემდეგ ეროვნულმა ბიბლიოთეკამაც მოგვამარაგა წიგნებით. დამატებით მოვიგეთ რამოდენიმე კონკურსი და ბიბლიოთეკისთვის შევიძინეთ თანამედროვე ინვენტარი და კომპიუტერი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა