ქუთაისის N21 საჯარო სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს - ზაზა ზანგურაშვილს გვაცნობს
29-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N21 საჯარო სკოლას წარმატებული და მისაბაძი კურსდამთავრებული ზაზა ზანგურაშვილი ჰყავს, რომლის თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას და თავის მოსწავლეებს დიდი სიხარულით უზიარებს.
ზაზა ზანგურაშვილი, პროგრამა „მომავლის თაობის“ წარმატებული კურსდამთავრებულია.
ზაზა ზანგურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია. ის პარალელურად საქართველოს უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს ასწავლის. ზაზა აღნიშნულ პროგრამაში, ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში 9 წლის წინ ჩაერთო. მონაწილეობდა და განახორციელა სხვადასხვა სასკოლო პროექტი. მან უმაღლესი განათლება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიიღო. ასევე, წარმატებით გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა.
„9 წლის წინ, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსწავლეთა სასწავლო ვიზიტის შემდეგ გადავწყვიტე იურისტი გავმხდარიყავი. შეხვედრა სასამართლოს თავმჯდომარესთან, ჩვენს შორის შემდგარი კომუნიკაცია და იქ არსებული გარემო დამეხმარა ამ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებაში. სამოქალაქო აქტივობებით მიღებული გამოცდილება არა მარტო პროფესიული მიმართულებით დამეხმარა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები შემძინა, როგორიცაა სოლიდარობა, ემპათიის განცდა, საკუთარი თავის რწმენა და გვერდით მყოფების დახმარება. მოსწავლეებს სამოქალაქო აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ეს საინტერესო პროცესი, მათთვის პიროვნული თავისუფლების და წარმატების მიღწევის საწინდარი გახდება“, - ამბობს ზაზა ზანგურაშვილი.
მისაბაძი კურსდამთავრებულის შესახებ დიდი სიყვარულით საუბრობს ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან ჭეიშვილი: „ზაზა ზანგურაშვილი N21 საჯარო სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულია. სკოლაში სწავლისას ძალზე მაღალი იყო დასახული მიზნისკენ მისი სწრაფვა, ჰქონდა მაღალი შინაგანი მოტივაცია და ინტერესი, გაბედული ნაბიჯები, კომპეტენტური აზრი, შეუნელებელი ტემპი და რიტმი, მაღალი მოლოდინები, წარმატებულად განხორციელებული საინტერესო პროექტები და პროგრამები. ზაზა გამოირჩეოდა ინიციატივებით, მრავალმხრივი განვითარებით, მაღალი აქტივობებით, კომპლექსური აზროვნებით, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარებით, მიღებული ცოდნის ღირებულობებით. სკოლა კვლავაც ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს ზაზას“ - ასე დაახასიათა ზაზა ზანგურაშვილი დირექტორმა.