მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგობას არ აპირებდა, თუმცა არამხოლოდ მასწავლებელი, არამედ სკოლის დირექტორიც გახდა. დღემდე მათემატიკას ასწავლის ბავშვებს და მიაჩნია, რომ დირექტორს საგაკვეთილო საათები აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რათა გაითავისოს რა სირთულესთანაა დაკავშირებული მასწავლებლის პროფესია. სიამაყით საუბრობს მის კოლექტივზე, მასწავლებლის როლზე და შესაძლებლობებზე. ეს ადამიანი თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი, ლარისა მელაძე გახლავთ. მისივე თქმით, N37 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან, სწავლა-სწავლების უწყვეტ პროცესში, ნებისმიერი ტიპის სწავლებისთვის მზადაა.
ლარისა მელაძე: ჩვენი სკოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართვა იყო. ნოვატორი და აქტიური მასწავლებლები ისედაც ორიენტირებულები იყვნენ, რომ მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომები ჰქონოდათ, მაგრამ აღნიშნულმა მოდელმა სულ სხვა სტრატეგიები დაუსახა მასწავლებლებს. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა გვთავაზობს თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების კონცეფციას, რომელიც არამხოლოდ, გარეგან მოტივაციას უქმნის ბავშვს, არამედ - შინაგანსაც. განმავითარებელი შეფასებისას მნიშვნელოვანია მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და განვითარება. ეს ყველაფერი კი მასწავლებელზეა დამოკიდებული, რადგან უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით ხდება სასწავლო პროცესში ამ გეგმის განხორციელება.
- რამდენად რთული იყო გასული სასწავლო წელი მასწავლებლებისთვის?
- სიმართლე გითხრათ, 2020-2021 სასწავლო წელი ძალიან რთული იყო მასწავლებლებისთვის, რადგან არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. პედაგოგები ზრუნავდნენ პროფესიულ განვითარებაზე, თუმცა გახანგრძლივდა მასწავლებლის შრომის არეალი - გადარბენაზე იყვნენ, ჯერ სკოლაში ატარებდნენ გაკვეთილებს, მერე ონლაინ და საღამოს ტრენინგებს ესწრებოდნენ. სკოლამ, ჩვენი მწირი რესურსით, შევძელით სამი კაბინეტი მოგვემზადებინა, სადაც მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებოდათ სკოლიდანვე ჩაეტარებინათ დისტანციური გაკვეთილი. თუმცა ეს რესურსი, ხშირ შემთხვევაში, არ იყო საკმარისი, ასევე გამოიკვეთა ინტერნეტის პრობლემა და ტექნიკის გაუმართაობა - „თიმსის“ პროგრამა კი გამართულად მუშაობდა, მაგრამ ჩვენი ტექნიკა მოძველებულია, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს გვიქმნიდა. მასწავლებელიც ადამიანია და მასაც აქვს შესაძლებლობების ზღვარი, ამ ყველაფერს ტექნიკური პრობლემებიც, რომ ემატებოდა საქმე უფრო რთულდებოდა. სიამაყით ვამბობ, რომ პედაგოგებმა შეუძლებელი შეძლეს, გაგებით მიუდგნენ არსებულ სიტუაციას და ბევრი ახალი უნარებიც გამოიმუშავეს.
- „ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა“ სასკოლო კულტურაზე როგორ აისახა?
- ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდათ მასწავლებლებს, გავაძლიერეთ კათედრები და კომბინირებულმა მუშაობამ შეგვაძლებინა ამ პროცესების სწორი წარმართვა. როცა სასკოლო კულტურაზე ვსაუბრობთ, სწორედ იმ რთულ პერიოდში ვიგრძენით ის დადებითი შედეგი, რაც ჩვენს სკოლას ამ მიმართულებით ჰქონდა, თუმცა, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართვამ სასკოლო კულტურის ხარისხი გაზარდა. კომპლექსურ დავალებებზე, მატრიცებზე, კურუკულუმებზე ერთდროულად მუშაობამ და საკუთარი გამოცდილების ერთმანეთში გაზიარებამ, სულ სხვა შედეგი მოგვცა. ეს წელი მზაობა იყო იმისთვის, რომ შეძენილი ახალი ცოდნა მასწავლებლებს უშუალოდ პრაქტიკაში განეხორციელებინა.
არსებული გეგმის ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტზე დაიწყო სკოლამ მუშაობა. ჩვენს სკოლაში ეთნიკური უმცირესობის და სხვადასხვა აღმსარებლობის დიდი სპექტრია. მასწავლებლებმა დაიწყეს მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი პროექტის განხორციელება, სახელწოდებით - „კულტურული მრავალფეროვნება“. თავადაც ვიყავი მასში ჩართული და მუშაობის პროცესი ორმაგად საინტერესო იყო - რეალური პროდუქტი დადო სკოლამ. ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ მატერიალური მუზეუმი შეგვექმნა, გავაკეთეთ ვირტუალური სახით. ეს იმდენად მოეწონა ჩვენს კურატორს, აღნიშნა, მსგავსი გამოცდილება არცერთ სკოლასთან არ ჰქონია.
- დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, რამდენად პროდუქტიულები იყვნენ მასწავლებლები გაკვეთილზე?
- ყველა პროფესიაში არის ისეთი ადამიანი, რომელიც ბოლომდე იხარჯება. მასწავლებლების შემთხვევაშიც, თითქმის ყველას ეს მიდგომა და პასუხისმგებლობა ჰქონდა. მათი საგაკვეთილო პროცესის ხარისხიან წარმართვაზე მეტყველებს უამრავი მადლიერი მშობელი. რთული წელი იყო, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე გადაირა ამ ყველაფერმა, თუმცა მასწავლებლებმა არსებულ გამოწვევას ნამდვილად გაართვეს თავი. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ რეჟიმში მუშაობა მარტივი არაა. თავადაც მასწავლებელი ვარ, მათემატიკას ვასწავლი და ვიცი, ამ პერიოდში მათ რა შრომაც გაწიეს.
- ქალბატონო ლარისა, ამ ყველაფრის ფონზე, მასწავლებლები არიან ჩვენი დროის გმირები?
- დიახ, ნამდვილად არიან. ჩემ თითოეულ შეხვედრას მასწავლებლებთან, ეს იყო „თიმსში“ თუ სკოლაში, ვიწყებდი მადლობით. 24 საათიანი რეჟიმით მუშაობდნენ და თავადაც ვიყავი ამ „ფერხულში ჩაბმული“. ვფიქრობ, დირექტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საგაკვეთილო საათები და ყველა იმ საქმეს აკეთებდეს, რასაც თავად სთხოვს მასწავლებელს. მერე გაითავისებს რა სირთულესთანაა ეს პროფესია დაკავშირებული. მე კარგად მესმის მათი, როგორც მასწავლებელს და როგორც დირექტორს.
- „ახალ ეროვნულ გეგმაზე“ ისაუბრეთ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მასწავლებლებს ტრენინგების მიმართ?
- არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეიძლება იყო, მაგრამ მოლოდინი ჰქონდათ დიდი. პანდემიიდან გამომდინარე, ტრენინგები დისტანციურად გვიტარდებოდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, არაჩვეულებრივი ქოუჩები გვყავდა - ბოლომდე იხარჯებოდნენ, ცოდნას და გამოცდილებას მაქსიმალურად გვიზიარებდნენ. მაგრამ, მსგავსი ტრენინგების დროს პირდაპირი კავშირის დამყარებას სულ სხვა დატვირთვა აქვს, რაც აკლდათ მასწავლებლებს და ამიტომ, თითქოს ხიბლი დაეკარგათ. ადამიანი სოციალური არსებაა, სჭირდება ცოცხალი ურთიერთობები, თუმცა ისიც გასაგებია, რომ ამის შესაძლებლობა მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ არ მოგვცა. ვფიქრობ, ეს ტრენინგები, რომ არ ყოფილიყო დისტანციურ რეჟიმში უფრო პროდუქტიული იქნებოდა. ისიც აღსანიშნია, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ ძირითადად ელექტრონულ რესურს ითვალისწინებს, ჩვენი სკოლის კომპიუტერული სისტემა კი ამას ვერ უძლებს.
- როგორც ჩანს, თქვენს მსგავსად, კომპიუტერული ტექნიკის პრობლემა არაერთ სკოლას აქვს. განათლების სამინისტროსთვის მიგიმართავთ დახმარებისთვის?
- ჩვენი ინიციატივით არ მიგვიმართავს, მაგრამ წლებია, რაც დირექტორი ვარ და თავად განათლების სისტემა ახერხებდა ტექნიკის განახლებას ან შემოტანას ჩვენი მოთხოვნის გარეშე. ყველამ იცის, რამდენ წელში სჭირდება ტექნიკას განახლება, რადგან იცვლება კონფიგურაცია, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ასე შემდეგ. ეს არავისთვისაა სიახლე და ყველამ ვიცით, რა შესაძლებლობები აქვს მოძველებულ ტექნიკას.
- ელექტრონულ ჟურნალზე გადადიხართ და როგორ მოახერხებთ ამ პირობებში შეუფერხებელ მუშაობას?
- ელექტრონული ჟურნალით უკვე ვსარგებლობდით და ამ მხრივ გამოცდილება მივიღეთ. ელექტრონული ჟურნალის აპლიკაცია მობილურ ტელეფონებში აქვთ მასწავლებლებს ჩაწერილი და ასე ახერხებენ მუშაობას, თუმცა ეს მათ არ უქმნის დაბრკოლებას, ზოგს პირადი ტექნიკა დააქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ელექტრონულ რესურსებზე გადადის, სკოლებში გამართული კომპიუტერები ნამდვილად საჭიროა.
- ისევ მესამე თაობის ეროვნულ გეგმას, რომ დავუბრუნდეთ. რამდენად არის შესაძლებელი მისი პრაქტიკაში დანერგვა?
- შესაძლებელია, გააჩნია, როგორ იმუშავებს მასწავლებელი. აქ საუბარია მიმღებლობაზე, მორგებაზე და იმაზე თუ, რამდენად იცნობს პედაგოგმა თითოეულ კლასს და მოსწავლეს, რათა განსაზღვროს რა ფორმით მიაწოდოს მათ ინფორმაცია. ჩვენ არ „ვაკოპირებთ“ ერთ მიდგომას რამოდენიმე კლასზე. შესაბამისად, ზოგადად მასწავლებელზე და მის შემოქმედებით უნარზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
- თუ ახალი სასწავლო წელი ისევ დისტანციურად გაგრძელდება, ამისთვის სკოლა მზადაა?
- ჩვენ ისეთი გზა გამოვიარეთ, რომ ცალსახად შეიძლება ითქვას, სკოლა ამისთვის მზადაა. გამოცდილება გვაქვს, როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და არ გაგვიჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია საკლასო ოთახში სწავლება. უპირველესი, უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა, შესაბამისად თუ ეპიდსიტუაცია რთული იქნება, ჩვენი სკოლა მზადაა ნებისმიერი ტიპის სწავლებისთვის და უწყვეტი სწავლა-სწავლების პროცესისთვის.
- ამდენი ტრენინგების და გამოცდების ფონზე, როგორ ფიქრობთ მასწავლებლის პროფესია დაფასდა?
- მგონი, ამ ყველაფერმა მასწავლებლებს თვითშეფასება აუმაღლა, რადგან ბევრ რამეს გაართვეს თავი. სასურველი იქნება, ეს პროფესია საზოგადოებამდე პოზიტიური მესიჯებით მივიტანოთ, თუნდაც პედაგოგების შრომას სატელევიზიო გადაცემა დაეთმოს. სამწუხაროდ, მასწავლებლის მიმართ სკოლის გარეთ საზოგადოება არ არის დადებითად განწყობილი.
- თავად რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
- რომ გითხრათ ვოცნებობდი მასწავლებლობაზე-მეთქი მართალი არ ვიქნები. სკოლა კარგი გაგებით ჭაობია, რომელშიც შედიხარ და უკან ვეღარ ბრუნდები. აქ გხვდება ყველაზე გულწრფელი საზოგადოება და გარემო, სადაც სიყალბე არ არის. სიამოვნებას იღებ ბავშვებთან ურთიერთობით და მხოლოდ, კი არ ასწავლი, არამედ თავადაც სწავლობ. რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა არასოდეს მიფიქრია პროფესიის შეცვლაზე, თუმცა მანამდე გულწრფელად არ მინდოდა მასწავლებელი ვყოფილიყავი - მეცნიერებაში ვხედავდი საკუთარ თავს, ოჯახიდან გამომდინარე კი ამ მიმართულებით ვერ შევძელი წასვლა.
ზოგადად, დირექტორი და ადმინისტრატორი დროებით ხარ. როცა სკოლაში მუშაობ შენი ძირითადი მისიაა იყო მასწავლებელი. ჩემთვის მისაღებია დირექტორი ატარებდეს გაკვეთილს და შედიოდეს ბავშვებთან, თუმცა ერთმა საქმემ, მეორეს ხელი არ უნდა შეუშალოს. სკოლა დიდ სახელმწიფოში პატარა სახელმწიფოა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა