ბლიც-ინტერვიუს სტუმარი ამჯერად ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ იობიძეა
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუ ამჯერად, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთან, მარიამ იობიძესთან შედგა.- წარმატება არის. . . - საპასუხისმგებლო ბედნიერება. წამი, როცა ხვდები, რომ შედეგიც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც გზა მიზნისკენ - საინტერესო.
- ჩემი სკოლა მახსენებს. . . - სიტყვებს, როგორიცაა - ზრუნვა, მეგობრობა, სიყვარული, თანადგომა, ერთობა, იმედი.
- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . - არც ისე ბევრი წლის წინ, თუმცა იმ დროში მასავით კრეატიული ცოტა იყო. სწავლების ტრადიციულ ფორმას ირჩევდნენ, მე კი მახსოვს რამდენს შრომობდა, რამდენ ვატმანის ქაღალდს ხატავდა ჩემი პირველი მასწავლებელი ჩვენი მოტივაციის ასამაღლებლად.
- მოსწავლე რომ ვიყავი. . . - ახლაც მოსწავლე ვარ და ვისურვებდი, არასოდეს გამქრალიყოს ჩემში სურვილი, დავრჩე მოსწავლედ. თუ აქ სკოლის მოსწავლე იგულისხმება, ვფიქრობ არაფერს შევცვლიდი. განა იმიტომ, რომ ცუდი დღეები არ მქონია, ან დრო და დრო ზარმაცი არ ვყოფილვარ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ რაც იყო და როგორც იყო, ისე უნდა ყოფილიყო. ახლა მეტი გამოცდილება მაქვს, ნოსტალგია, შეიძლება მცირედი სინანულიც, მაგრამ ახლა სხვა ადამიანი ვარ და მაშინ სხვა ვიყავი, ეს ტრანფორმაცია მომწონს და ნამდვილად არ ვისურვებდი ახლა ამ გონებით და ამ აზრებით სკოლაში დაბრუნებას. ასე რომ, არ ვიტყვი ბანალურად რომ უფრო მეტს ვიშრომებდი ან უფრო მეტს ვიმეცადინებდი. უბრალოდ მიხარია რომ ვარ იმ ერთეულ ადამიანებს შორის, რომელთაც შეუძლიათ თავიანი სკოლა გაიხსენონ სასიამოვნოდ და დატკბნენ ამ მოგონებებით.
- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . - ვერ ვიტყვი რომ ერთი მაქვს. საერთოდ, მიყვარს წიგნის ნელა კითხვა, იქნება ეს რომანი თუ მით უმეტეს პროფესიული. ალბათ ჩემს სამაგიდო წიგნად ითვლება „დაო დე ძინი“ და ფსიქოლოგიის ენციკლოპედია.
- ზაფხულში ვცდილობ. . . - ზაფხულში ვცდილობ მაქსიმალურად დავისვენო, გავერთო. წავიკითხო ნაკლები პროფესიული წიგნი და ვისიამოვნო რომანების კითხვით. აღვიდგინო ძალები და მოვიკრიბო ენერგია ახალი წლისთვის. თუმცა თითქმის ყველა ზაფხულის ერთ თვეს ან ორ კვირას ვუთმობ ახალი რაიმეს შესწავლას, იქნება ეს პროფესია, რელიგია, ხელსაქმე თუ სხვა. მოკლედ, ზაფხული ჩემთვის არის მიქსი დასვენებისა და ახალი გამოწვევების მიღების.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . - თავი ასწიე, გაიღიმე და გზა განაგრძე !
იხილეთ ფოტო: