მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს 2021 წლის 8 აგვისტოა, ზუსტად 13 წლის წინ ომი დაიწყო, დაკარგულ ტერიტორებს ფართობი მიემატა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. რთულია იმ დღეების გახსენება მათთვის, ვინც ომისა და რუსული ჩექმის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა,.. მას შემდეგ 13 წელი გავიდა და დღეს - 2021 წლის 8 აგვისტოს, კონფლიქტის ზონის სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან 2008 წლის აგვისტოს იხსენებენ.
„პირველის ან ორის ნახევარზე ჩემს სახლში ოცამდე შეიარაღებული რუსი სამხედრო შემოვიდა. უსაშინლესი წუთები იყო, სახლში მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვიყავით. მაშინ ის 15 წლის იყო. ერთადერთი იმის მეშინოდა, რომ შვილი არ მოეკლათ“, - გვეუბნება ლიანა ქოჩიშვილი, ატოცის საჯარო სკოლის დირექტორი.
იგი აგვისტოს ომის მიმდინარეობისასაც ატოცის სკოლის ხელმძღვანელობდა და გვიამბობს, რომ უშუალოდ მათ სოფელს ომის საშინელება 13 აგვისტოს შეეხო, სწორედ ამ დღეს მივიდნენ რუსი სამხედროები, ადგილობრივებს ეკლესიის ეზოში მოუყარეს თავი და მოსახლეობის კუთვნილი ნივთების გატანა დაიწყეს. დირექტორის სახლიდან, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, სკოლის სამი კომპიუტერიც გაიტაცეს.
იმ დღეს, დაძაბულობის ფონზე, პირველად შვება მაშინ იგრძნო, როდესაც ეკლესიის ეზოში თანასოფლელები დაინახა და მიხვდა, რომ მარტო არ იყო.
ლიანა ქოჩიშვილის თქმით, რუსმა სამხედროებმა სახლში შემოსვლამდეც იცოდნენ, რომ თვითონ სკოლის დირექტორი იყო:
„პირდაპირ მომადგნენ - შენ სკოლის დირექტორი ხარ, შენ გაზარდე მებრძოლები, ვინც ცხინვალი აიკლოო. იცოდნენ, ვინც ვიყავი და ასე იმიტომ მომმართავდნენ“,- ამბობს ქალბატონი ლიანა.
ცხოვრება ომის დასრულების შემდეგაც არ ყოფილა მარტივი, სოფლიდან ხალხი გაიხიზნა. მათი ნაწილი სახლს სექტემბრის ბოლომდე, ნაწილი კი დღემდე არ დაბრუნებია. სწორედ ამის გამოა, რომ სკოლა, რომელშიც ომამდე 100 მოსწავლე ირიცხებოდა, თანდათან დაიცალა და ახლა ისიც უხარიათ, რომ შარშან 49 მოსწავლე ჰყავდათ, წელს კი 3 დაემატათ. წინა წლებთან შედარებით, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილია. ეს სიტუაციის მეტ-ნაკლებად დასტაბილურებასთან ერთად, იმანაც განაპირობა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების კურსდამთავრებულებს უმაღლესი განათლება სრულად უფინანსდებათ. სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც მიენიჭა, რაც მოსახლეობისთვის მეტი სტიმული იყო, რათა სოფელში დაბრუნებულიყვნენ.
ლიანა ქოჩიშვილის თქმით, სოფელში ახლა სიმშვიდეა და მოსახლეობა არსებულ რეალობას შეეგუა. თუმცა, ყოფილა სკოლის მოსწავლის გატაცების შემთხვევაც, მაგალითად, 2 წლის წინ მეთორმეტეკლასის მოსწავლე გაიტაცეს და მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ დააბრუნეს.
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს მომხდარზე მშვიდად საუბარი ისევ არ შეუძლიათ. ყოველი მათგანის ამბავი ომსა და გადარჩენისათვის ბრძოლაზეა, თუმცა, ფაქტობრივად, ვერც ერთ მათგანზე ვერ იტყვით, რომ რომელიმე ისტორია მეორეს ჰგავს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორს ცირა აწკარუნაშვილს აგვისტოს ომის მიმდინარეობისას სახლის დატოვება და თბილისში ჩამოსვლა მოუწია. ჯიბეში სულ 7 ლარი ჰქონდა, დიდუბეში გაჩერებული ტაქსისთვის თანხა ვერ ეყო, საბედნიეროდ, თავის შვილიშვილებს აღმოაჩნდათ ხურდა და თანხა 10 ლარამდე შეავსეს.
„მძღოლმა გვითხრა 7 ლარი არ არის საკმარისიო, ახლაც მეტირება ამ ამბავზე, ბავშვებმა ჯიბეები მოიჩხრიკეს“, - ამბობს ცირა აწკარუნაშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად, გლდანში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დააბინავეს. თბილისში ჩამოსვლამდე კი უფრო მძიმე წუთებიც იყო:
„ჩვენს სოფელში 65-მა რუსულმა ტანკმა გაიარა, სამხედროებს გზა შეშიალთ და სოფელზე ჩამოიარეს, უდიდესი შიში იყო და ხალხმა რა ქნა, იცით? საწოლებიდან წამოხტნენ და მინდორში გაიქცნენ, სახლები დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ერთი ტყვიაც არ გავარდნილა, წლები დაგვჭირდა, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავით. თუ რამე ხმას გავიგებდით, ყოველთვის გვეგონა, რომ ბომბი ჩამოვარდა ან ტანკმა გაიარა. შიშმა ბევრის ჯანმრთელობაზე იმოქმედა.“, - იხსენებს სკოლის დირექტორი ცირა აწკარუნაშვილი.
ომის დროს თბილისში თითქმის მთელი ოჯახით წამოვიდა, გამონაკლისი მხოლოდ მეუღლე აღმოჩნდა, რომელსაც სახლი ერთი წუთითაც არ დაუტოვებია. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, რუსები იარაღს და ტექნიკას ეძებნენ, ამიტომაც მინდვრებში შეგროვებულ თივასაც წვავდნენ ხოლმე. ამ დროს ისეთი ძლიერი ცეცხლი ჩნდებოდა, ხალხს ეგონა, რომ რომელიღაც სოფელი დაიწვა.
თავიდან მეუღლეს ვერ ელაპარაკებოდა, არც იცოდა რა ეთქვა, ეშინოდა.
„ჩემმა მეუღლემ მითხრა, სამი დღე პური არ მქონდაო“,- იხსენებს ქალბატონი ცირა... რაც შეეხება იმ კვალს, რაც ომმა სკოლის მოსწავლეებზე დატოვა, ამას ერთ-ერთი შემთხვევაც თვალნათლივ დაგვანახებს:
„ომის შემდეგ ბავშვები დაზაფრულები იყვნენ. ერთხელ თვითმფრინავმა გადაიფრინა და რაღაც ქაღალდები ჩამოყარა. ამის დანახვამ ბავშვებზე ძალიან იმოქმედა, შეშინებულები სხვადასხვა მხარეს გარბოდნენ.“
ქვემო სობისის სკოლა საბაზო განათლებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს იქ სწავლა მხოლოდ მე-9 კლასის ჩათვლით შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ომის დასრულების შემდეგ, მე-10 კლასელები სხვა სკოლაში არ წავიდნენ. ორი თვის განმავლობაში ისევ ქვემო სობისის სკოლაში სწავლობდნენ.
„არავინ წავიდა, ეშინოდათ. 2 თვე აქ სწავლობდნენ, არც მშობლებს ჰქონდათ ბავშვების წაყვანის სურვილი. ჩვენს სკოლაში მოსვლისაც კი ეშინოდა ზოგიერთს.“, - ამბობს ცირა აწკარუნაშვილი.
რთულია, ემოციების გარეშე უსმინო ასეთ ისტორიებს, ომი ყველაფერს ვერ ჩამოწერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა