მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მზია სულამანიძე რამოდენიმე თვეა, რაც თბილისის N16 საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა. გამოცდილმა ტრენერმა და ექსპერტმა, გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სკოლის განვითარებისკენ მიემართა. მან მცირე პერიოდში არაერთი პროექტი განახორციელა წარმატებით. მზია სულამანიძემ etaloni.ge-სთან სკოლებში არსებულ რეფორმებზე, გასული სასწავლო წლის გამოწვევებსა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
- მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რთული წელი იყო. სკოლის ერთიანმა გუნდმა შევიმუშავეთ სწავლების სხვადასხვა მიდგომები და მათი სწორად წარმართვის გზები. თავიდან, როგორც ყველა, ჩვენც დისტანციურ რეჟიმზე ვიყავით, მეორე სემესტრიდან დავბრუნდით საკლასო ოთახებში. სკოლაში ჰიბრიდული მოდელის სწავლება გვქონდა, რაც დიდი სიახლე იყო ჩვენთვის; ამიტომ დაკვირვებით დავიწყეთ და საბოლოოდ, კარგად გავართვით თავი.
- რა პრობლემებს გადააწყდით აღნიშნული მოდელით სწავლებისას?
- ძირითადი სირთულეს ტექნიკური მხარე წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ინტერნეტის პრობლემა არ გვაქვს, ტექნიკის მხრივ გვქონდა ხარვეზები. სულ თავიდან, ამ მიდგომას მასწავლებლებიც და მშობლებიც სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ წინააღმდეგი არავინ ყოფილა. სირთულე ისიც იყო, რომ მასწავლებელს არატრადიციული გაკვეთილის ჩატარება მოეთხოვებოდა, რაც აქამდე პრაქტიკაში არ არსებობდა. ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდებოდა პროცესს და ძირითადი რეკომენდაციები, რაც მასწავლებლებს მისცეს, მოსწავლეებისთვის თეორიული ნაწილის სხვადასხვა რესურსით მიწოდება იყო.
- ახალი სასწავლო წელი, თუ ისევ დისტანციურად გაგრძელდება ამისთვის სკოლა მზადაა?
- ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი სასწავლო წლისთვის მზადება - მთელი წლის გეგმაც კი გავწერეთ. აბსოლუტური მზაობა გვაქვს ნებისმიერი ტიპის სწავლებისთვის. იმდენად დიდი გამოცდილება მოგვცა გასულმა სასწავლო წელმა, ვფიქრობ, სექტემბრიდან უწყვეტი სწავლა-სწავლებისთვის არც ერთი მიდგომა არ შეგვაფერხებს.
- აღნიშნეთ, რომ ტექნიკის მხრივ ხარვეზი გქონდათ. ახლა რა მდგომარეობაა, თან ელექტრონული ჟურნალიც სავალდებულო ხდება?
- 7 კომპიუტერი მჭირდებოდა ჰიბრიდული სწავლებისთვის და ყველა სკოლაშივე მოვიძიე. გყავს IT სამსახური, რომელიც დაგვეხმარა კომპიუტერების გამართულად მუშაობაში. თუ ჰიბრიდული სწავლება გაგრძელდება, ვფიქრობ, სკოლის ტექნიკური ბაზა დააკმაყოფილებს საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვას. რაც შეეხება ელექტრონულ ჟურნალს, მასწავლებლებს სკოლაშივე შეუძლიათ გაკვეთილების შემდეგ დარჩნენ და კომპიუტერების ოთახით ისარგებლონ, ან სახლში გადაიტანონ ინფორმაცია. ონლაინ სწავლების დროს 2 შემთხვევა გვქონდა, როცა პედაგოგს სახლში არ ჰქონდა გამართული ტექნიკა. სკოლამ ორივე მათგანს დროებით ათხოვა კომპიუტერი. წელსაც მზად ვართ დავეხმაროთ ყველა პედაგოგს, თუ საჭიროება მოითხოვს. სკოლაში 51 მასწავლებელი მყავს, დაწყებით კლასებში ყველას თავისი ლეპტოპი აქვს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოდგენს სკოლის ბაზაზე ელექტრონული ჟურნალის წარმოება.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული იყო გასული წელი მასწავლებლებისთვის?
- ჩვენ „ახალი სკოლის მოდელში“ ვართ ჩართული და ამ ყველაფრის ფონზე, პედაგოგებს მართლა დატვირთული წელი ჰქონდათ. დისტანციური და პირდაპირი სწავლების გარდა, სისტემატურად ესწრებოდნენ ტრენინგებს. ეს არ არის მარტივი, თუმცა მინდა გითხრათ, ტრენინგებზე მიღებული გამოცდილება ძალიან დაეხმარათ სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვაში. როცა პირისპირ სწავლებაზე გადავედით, პრაქტიკაში გადმოიტანეს ტრენინგზე მოსმენილი ინფორმაცია. იქედან გამომდინარე, რომ მოდელი დანერგვის პროცესშია, ამ ეტაპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა ხარისხი, არამედ მასში ჩართულობა იყო. ვაკვირდებოდით რა, როგორ გამოგვივიდოდა. პედაგოგებს საშუალება მიეცათ ტრენინგზე ნასწავლი რეალურად გაეანალიზებინათ პრაქტიკაში. ყველაზე მთავარი რაც არის, მასწავლებელთა ნაწილმა ამ მოდელის მნიშველობა სწორად დაინახა, გააცნობიერა და მიხვდა რას ნიშნავს „ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით“ ხედვა.
- რამდენად აქვთ მასწავლებლებს მიმღებლობა სიახლეების მიმართ?
- უშუალოდ ამ მოდელზე თუ ვისაუბრებთ, ნაწილი ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს და ნაკლებად ცდილობს პრაქტიკაში მის გადატანას. არ არის სრულყოფილი მიმღებლობა. ახალი გამოწვევის წინაშე ნებისმირი ადამიანი, მათ შორის მეც, პირველ რიგში, იწყებს ფიქრს: რა, როგორ იქნება. მასწავლებლების ნაწილმა მოისმინა თეორიულად და დაიწყო პრაქტიკაში მისი დანერგვა. გასულ სასწავლო წელს ზუსტად ამ პროცესში ვიყავით - თეორიული ცოდნა გადაგვქონდა პრაქტიკაში. საბოლოოდ ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა და ახალი სასწავლო წლიდან უკვე სხვა თვალით შეგვიძლია დავაკვირდეთ პროცესებს.
2010 წლიდან ვმუშაობ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში“ და მოქმედი ტრენერ-კონსულტანტი ვარ, ასევე საგნობრივი ექსპერტი გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით. თავად ვიყავი ჩართული ეს მოდელი საქართველოს მასშტაბით, რომ დანერგილიყო. ახლა კონკრეტული ორიენტირი ჩემს სკოლაზე მაქვს აღებული. პედაგოგებს ინფორმაციას ვაწვდი ისე, რომ არ იყოს მიუღებლობა, აგრესია. მასწავლებელმა უნდა დაინახოს შედეგი, რომ სწორად აღიქვას, თუნდაც არსებული ტრენინგების მნიშვნელობა და შემდეგ, თავად გააგრძელოს წარმატებით მუშაობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაკვირდებოდით თითოეულ პროცესს და ამ ეტაპზე ხარისხზე არ ვიყავით ორიენტირებულები. ამ მიდგომამ გაამართლა.
- როგორც ტრენერი, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად აღიქვამენ მასწავლებლები ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას და შემდეგ - გადასცემენ ბავშვებს?
- ეს ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში. პედაგოგები ინტერპერსონალური პიროვნებები ვართ, საზოგადოების აზრს ვუსმენთ და ვიზიარებთ მათ შეხედულებებს. მასწავლებლები ცდილობენ სხვა სკოლის პედაგოგებიდან მიიღონ ინფორმაცია, რომელსაც თავად გაითვალისწინებენ. ხშირად ეს მიღებული ინფორმაცია არასწორია და ცდება იმას, რაც ტრენინგზე იყო ნათქვამი. შესაბამისად, მსგავსი სახით არასწორად მიღებული და აღქმული ინფორმაცია, საკლასო ოთახამდეც არასწორად მიდის. მასწავლებელი ყოველთვის ფრთხილია სიახლეების მიმართ, რადგან მას არ უნდა საგაკვეთილო პროცესში დისკომფორტი შეექმნას. პედაგოგებს საკმარისი გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ იცოდნენ, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს მოსწავლემ მათ მიერ არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა. ამიტომაც არის, რომ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ.
- რამდენად სჭირდებათ ტრენინგები მასწავლებლებს, ქალბატონო მზია?
- მას შემდეგ, რაც საქართველოს განათლების სისტემაში რეფორმები და ტრენინგები დაიწყო თითოეულ მათგანში ვარ ჩართული. ტრენინგების მეშვეობით პედაგოგებმა ბევრი რამ ისწავლეს და რაც მთავარია, სხვადასხვა მიმართულებით განავითარეს საკუთარი უნარები. „ახალი სკოლის ფარგლებში“ ლიდერებსაც გვაქვს შეხვედრები და უამრავი სიახლე მოდის ჩემამდე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხარისხიანი ტრენინგი არაერთი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.
- ესწრებიან მასწავლებლები ტრენინგებს? ეს საკითხიც პრობლემატურია...
- ჩემს შემთხვევაში სრულყოფილი დასწრება მაქვს ხოლმე - ბოლოს 400 მასწავლებელთან ჩავატარე ტრენინგი და ყველა აღნიშნავდა კმაყოფილებას. არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა ვერ ახერხებენ დასწრებას - თავისუფლები არიან ამ მხრივ. პედაგოგები დიდი გამოწვევების წინაშე არიან, მარტივი არაა ონლაინ და პირისპირ გაკვეთილებთან ერთად, დამატებით ტრენინგებზე დასწრება, მაგრამ ეს ყოველივე მათი განვითარებისთვის აუცილებელია.
- ამ მეთოდის დანერგვის პროცესში, როცა მასწავლებლებიც პრაქტიკას გადიან, მოსწავლე ხომ არ ზარალდება?
- მოსწავლის დაზარალება არც ერთი მიმართულებით არ ხდება. „ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა“ მთლიანად ორიენტირებულია ბავშვზე. მასწავლებელი თუ ხედავს, მოსწავლე ვერ აღიქვამს მიწოდებულ ინფორმაციას, მაშინ აუცილებლად შეცვლის მიდგომას და თუ საჭიროება მოითხოვს, დაუბრუნდება ტრადიციულ მეთოდს. პედაგოგმა უნდა იცოდეს თითოეული ბავშვის შესაძლებლობები, რომ პრაქტიკაში სწორად დანერგოს მისი გამოცდილება. სწავლების პროცესში ყოველთვის არის ხარვეზი. წელს ჩვენ კომპლექსურ-შემაჯამებელ გაკვეთილებს ვაკეთებდით და ამ მიდგომამ გაამართლა. მომავალი წლიდან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- აღემატება თუ არა მასწავლებლის შესაძლებლობას ის მოთხოვნები, რის წინაშეც დღეს არიან?
- მოთხოვნები მართლაც დიდია, მაგრამ ამ პროცესში ყველაზე მთავარი უწყვეტი განვითარებაა. ნამდვილად რთული წელი იყო, პანდემიის გამო ბევრი რამ შეიცვალა და ამას დაემატა სტატუსის შესაბამისი გაკვეთილების ჩატარება, ტრენინგები, გამოცდები... ამ ყველაფერს სჭირდება დრო, ნებისყოფა, ენერგია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ წარმატებით გაართვეს თავი.
- მასწავლებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უსამართლობაა და ამდენი გადამზადება არ სჭირდებათ...
- ვერ ვიტყვი, რომ ეს უსამართლობაა, რადგან ისევ განვმეორდები, უწყვეტი განვითარება წარმატების საწინდარია. ჩემი სკოლის მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლები არაერთი, არამედ რამოდენიმე პროექტის ტრენინგებში იყვნენ ჩართულები საკუთარი სურვილით. რაც შეეხება „მესამე თაობის ეროვნულ გეგმას“ ეს სიახლეა, რომელშიც ვფიქრობ, ყველა პედაგოგი უნდა ჩაერთოს.
- როგორ ფიქრობთ, დღეს მასწავლებლები კრედიტებზე და სტატუსზე უფრო არიან ორიენტირებული, თუ მოსწავლეებზე?
- ჩვენს სკოლაში ყველა მასწავლებელს აქვს სტატუსი, მხოლოდ 3 გვყავს პრაქტიკოსი. დიდი დრო არაა გასული, რაც ამ სკოლის დირექტორი ვარ და პირველი, რაც გავაკეთე, პროფესიული ხარისხის მართვის ჯგუფი ავამოქმედე. გამოიკვეთა უმნიშვნელო ხარვეზები, რომელთა მოგვარებაც მარტივად შესაძლებელია. დაკვირვების პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რამდენად მიემართებოდა მასწავლებლის კომპეტენცია მოსწავლის შედეგს და იყო თუ არა მასზე ორიენტირებული. ხარისხის მართვის ჯგუფის მოვალეობაც ეგ არის, რომ პედაგოგის კომპეტენცია სწორად წარმართოს, როლელიც მკვეთრად აისახება მოსწავლის შედეგზე. ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლებს კომპეტენცია არ აქვთ - ძალიან კომპეტენტურები არიან, უბრალოდ საჭიროა სწორი მიმართულება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება არ არის ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლის ცოდნა და გამოცდილება ყველა მოსწავლეში აისახოს და არა მხოლოდ, წარჩინებულებში.
ჩემი მიზანიც ის არის, რომ საკუთარი გამოცდილება მაქსიმალურად მოვახმარო სკოლის განვითარებას, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დირექტორობა. ვფიქრობ, ის კომპეტენცია, რაც სკოლაში არსებულ თითოეულ თანამშრომელს გააჩნია, სკოლის და მოსწავლეების განვითარებისკენ უნდა მივმართოთ, რათა ამ თაობამ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი საზოგადოება შექმნას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა