სიახლეები
პიროვნება

„ვერ ვპატიობ თავს, სკოლიდან წამოსვლამ რომ მომიწია“ - „ცერცვისტოლა ამბების“ ავტორი ბავშვების სიყვარულსა და გამომცემლობების უყურადღებობაზე საუბრობს
24-08-2021
-
+


„როგორც სულს სჭირდება ლოცვა, ისე მჭირდება მე წერა“ - ეს სიტყვები ქართველ საბავშვო მწერალს, „ცერცვისტოლა ამბების“ ავტორს, ნინო ქადაგიძეს ეკუთვნის. მისი ყოველი ამბავი გულწრფელობით, ბავშვური სილაღით, ადამიანური სიტკბოთი და სიმწარით არის სავსე.  ქართველ ავტორს პედაგოგობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და მის ხელში უამრავი თაობა გაიზარდა. etaloni.ge - სთან ინტერვიუში ნინო ქადაგიძე თავისი შემოქმედების, ბავშვებთან ურთიერთობისა და სხვა მრავალი საინტერესო საკითხის შესახებ საუბრობს.

- თქვენს „ცერცვისტოლა ამბებზე“ მოგვიყევით....

- „ცერცვისტოლა ამბები“ პატარ-პატარა მინიატურებია. დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებას ძალიან ადვილად ერგება მინიატურული ჟანრი, რადგან ერთი ამოთქმით იწერება. იმ ენაზე წერა, რომელიც გიყვარს, წერის პროცესს უფრო საინტერესოს ხდის, მით უმეტეს, როდესაც შენი ენა უამრავ მივიწყებულ სიტყვას ინახავს;  სულ ვკითხულობ ძველ ლიტერატურას, სხვადასხვა ლექსიკონში ვეძებ მივიწყებულ სიტყვებს, იმ სიტყვებს, რომლებსაც ნაკლებად ვიყენებთ. ძალიან მიყვარს ეს პროცესი, რადგან სიტყვებს მძივივით ებნევა პერსონაჟის სახე, ხასიათი და სიუჟეტიც ამოდის.

- რთულია, იყო საბავშვო მწერალი?

- წერის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, როგორც სულს სჭირდება ლოცვა, ისე მჭირდება მე წერა; ამ დროს ძალიან საინტერესო სამყაროში აღმოვჩნდები ხოლმე და რეალობას საერთოდ ვეთიშები. ყოველთვის ვცდილობ, ვისთვისაც ვწერ, იმას მოვარგო ტექსტი, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებისთვის ვწერ. ამ დროს სულ ვფიქრობ, ახლა აი, ამ კონკრეტული სიტყვის გამოყენება შეიძლება თუ არა, ეს ამბავი ჩემთვის რომ საინტერესო და სასაცილოა, მათთვისაც ასე იქნება? ყოველ ემოციასა და სიტყვას ვწონი.  ბავშვებთან ურთიერთობაში ძალიან გულწრფელი უნდა იყო და არასოდეს მოატყუო. ისინი ყველაფერს ადვილად გრნობენ და ვერაფერს გამოაპარებ. ბავშვებისთვის ზღაპრების წერა ძალიან უცნაურად დავიწყე. სკოლაში 20 წელზე მეტი გავატარე. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით ვმუშაობდი მოსწავლეებთან, თუმცა უფროსკლასელებთანაც მიწევდა შესვლა. ისე მოხდა, რომ პატარებს სხვადასხვა ამბავს ვუამბობდი... რა თქმა უნდა, საგაკვეთილო პროცესის დროს სხვადასხვა კლასიკოს მწერლებს ვიყენებდი, თუმცა  ხანდახან, რომ თავად ვიგონებდი ამბებს და ვუამბობდი. შემდეგ მთხოვდნენ ბავშვები, აი, გუშინ რომ მოგვიყევი, იგივე ამბავი გვინდაო და რომ ვასხვაფერებდი ისტორიებს, თვითონვე მისწორებდნენ - ასე არ იყოვო. ამიტომაც დავიწყე ზღაპრების ჩაწერა - ასე შეიქმნა ჩემი ზღაპრები.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად ვურთიერთობთ უფროსები ბავშვებთან? პედაგოგს რა როლი აქვს ბავშვის სწორად ჩამოყალიბებაში?

-  როდესაც ბავშვებს ვუკითხავ, ხოლმე ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ. მაღალკლასელებიც კითხულობენ თავისთავად, თუმცა მათ სკოლა აქვთ დასამთავრებელი, გამოცდები ჩასაბარებელი და ათას რამეზე უწევთ ფიქრი, ზრუნვა, მაგრამ პატარებს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა შევაყვაროთ ლიტერატურა. ეს, რა თქმა უნდა, უფროსი ადამიანებისგან ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. პირველ რიგში ჩვენ, უფროსები უნდა ვიყოთ  ბავშვებისთვის მაგალითის მიმცემები. უნდა გვხედავდნენ წიგნით ხელში, უნდა ვუკითხოთ ძილისწინ. მათში უნდა ჩავაგდოთ მარცვალი, რათა წიგნები შევაყვაროთ. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო თაობა გვყავს, მაგრამ ხელშეწყობა და ყურადღება სჭირდებათ. დღეს, ამ ტექნოლოგიურ პროგრესის ეპოქაში ბავშვებზე მეტად ვფიქრობ უფროსებშია პრობლემა. მშობლებისა და გარშემომყოფი უფროსების მოუცლელობის გამო იჩაგრებიან. ბავშვთან ურთიერთობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, უფროსებს უნდა გვქონდეს დღეში თუნდაც ერთი საათი, რათა დავუსხდეთ და ვესაუბროთ, მოვისმინოთ - რა აწუხებთ, სტკივათ და უხარიათ. მშობლები და მასწავლებლებიც პირველ რიგში ბავშვების მეგობრები უნდა იყვნენ. ყველაფერი მეგობრობითა და გულწრფელი ურთიერთობებით იწყება. ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობდი და იქიდან წამოსვლა მომიწია, უკვე 2-3 თვე იყო გასული, როდესაც მშობელმა დამირეკა და შვილზე მითხრა, ძილისწინ ჩემზე რომ ეუბნებოდა - „ნინო მხოლოდ მასწავლებელი კი არ იყო ჩემთვის, როგორც მეგობარი მაკლია, ვეღარავის ვესაუბრები“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვმა, როგორც მეგობარი ისე უნდა მიგიღოს. დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს, სკოლიდან წამოსვლა რომ მომიწია და ალბათ ეს მთელი ცხოვრება სანანებელი მექნება. სკოლიდან წამოსვლისას ყველაზე დიდ ტკივილად ბავშვების დატოვება მოგყვება და მათი კითხვები: რატომ მიდიხარ, გვტოვებ? ჰგონიათ, რომ შენ ისინი არ გიყვარს. ბავშვებთან არ უნდა დამალოს უფროსმა ემოციები, გეტირება? უნდა იტირო, დიახ უნდა აჩვენო რომ შენც ზუსტად მისნაირი ადამიანი ხარ. ახლა, ინგლისში, ოთხ ემიგრანტ ბავშვ ვასწავლი ქართულს. ონლაინ ვამეცადინებ და ეს ჩემთვისაც და მათთვისაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. ისე მიხარია, როდესაც თითოეულ ქართულ სიტყვას იმახსოვრებენ და როდესაც ქართულად ვეკითხები რამეს, ქართულადვე მიბრუნებენ პასუხს. ამ დროს უბედნიერესი ვარ ხოლმე.

- საბავშვო მწერლებს რამდენად აქვთ ხელშეწყობა? როგორც ვიცით, ბევრ ლიტერატურულ კონკურსში გაქვთ მონაწილეობა მიღებული...

- მწერლისთვის კონკურსი ძალიან საინტერესოა, რადგან ამ დროს საკუთარ ძალებს სინჯავ, მნიშვნელოვანია როდესაც ლიტერატურული ჟიური გაფასებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურში მეორე ადგილის მფლობელი გავხდი, რაც ძალიან გამიხარდა. კონკურსის მიზანი იყო, რომ ბავშვებს ტექსტის გააზრებაში დაეხმარონ. ბედნიერი ვარ, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეს აქტივობა დაიწყო, რადგან ბავშვებში ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც  წაკითხული ტექსტის გააზრება უჭირთ. გამოცდების ეროვნული ცენტრს უცხო ტექსტები შემოაქვს და თანამედროვე ავტორები დააინტერესა, რაც მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩემთვის კი იმედის მომცემი - მითხრეს, რომ ჩემთან თანამშრომლობას სიამოვნებით გააგრძელებენ. ასევე, 2014 წელს ჟურნალ „ანეულთან“ არსებული რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსი იყო და იქაც მეორე ადგილი დავიკავე, ხოლო 2015 წელს გოდერძი ჩოხელის ლიტერატურულ კონკურსში „ერთგულება“ პრემიის მფლობელი გავხდი. ეს კონკურსი მინიატურული ჟანრის იყოს და ჩემი „ცერცვისტოლა ამბები“ გავგზავნე. ისევ გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში 2017 წელს საუკეთესო ნამუშევრის ჯილდო დავიმსახურე. რომელიმე კონკურსში რომ პირველ ან მეორე ადგილზე გადიხარ ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ გიშრომია და შენი ნამუშევარი არამხოლოდ მკითხველისთვის, არამედ ლიტერატორებისთვისაც საინტერესოა. ერთი დიდი გულისწყვეტა მაქვს, რომ ხშირად ხდება სხვადასხვა გამომცემლობასთან მეილით აგზავნი შენს ნამუშევრებს და პასუხს ან საერთოდ არ გცემენ ან მოგდის - მადლობა, არ გვაინტერესებს. იმ ადამიანისთვის, რომელიც წერს და ამ სფეროში იხარჯება ძალიან მტკივნეულია.  აუცილებელია თანადგომა, აბა, მაშ რიღასთვის წერ, თუ მხარდაჭერა არ იგრძენი?! როდესაც ბავშვებს ვხვდები და ამბებს ვუკითხავ ხოლმე მეკითხებიან წიგნი თუ მაქვს... და ასე რაღაცნაირად მოხდა, რომ დღემდე ჩემი ზღაპრების წიგნი გამოცემული არ არის... ჩემი ხარჯებით კი დავბეჭდავდი,  მაგრამ შენ რომ დაბეჭდო მერე მაღაზიაში უნდა შეიტანო. მაღაზიებში კი ვერ შეიტან ინდმეწარმე თუ არ ხარ და ამიტომ სამწუხაროდ უკან დახევა გიწევს... ჩემს ამბებს, პერიოდულად საბავშვო ჟურნალები ბეჭდავენ, როგორიც არის „შოკოლიდი“ და ახლა, ჟურნალ „კარუსელთანაც“ დავიწყე თანამშრომლობა. ჩემი პირველი დებიუტი, ლიტერატურულ პალიტრაში შედგა, რომელიც სამწუხაროდ დაიხურა.

- რას ურჩევდით დამწყებ მწერლებს? 

- უნდა იკითხონ ძალიან ბევრი. წლები რომ გადის, ბევრ მწერალსა და ნაწარმოებს გაიცნობ, ეს ყველაფერი კი შენი საკუთარი მწერლური ხმის პოვნაში დაგეხმარება. ხშირია ხოლმე დამწყებები სხვებს ბაძავენ, ამიტომაც უნდა იკითხონ ბევრი ავტორი, რომ საკუთარი ადგილი და ხმა იპოვონ.

- რას ისურვებდით ბავშვებისთვის?  

- ვისურვებდი, რომ ბავშვებს უფროსებმა კითხვა შევაყვაროთ. ნამდვილი, ღირებული წიგნის წაკითხვის შემდგომ აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლები, შენ საკუთარ პიროვნებაზე დაფიქრდები, თუ როგორ გახდე უკეთესი ადამიანი. რაც მეტი ნაკითხი თაობა და საზოგადოება გვეყოლება, მით ნაკლები სიბოროტე და შუღლი იქნება დედამიწაზე. სიტყვისგან შეიქმნა ეს სამყარო და სიტყვას დიდი წონა აქვს...

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება