მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რომელი ფორმატით დაიწყება ახალი სასწავლო წელი, რა სირთულეებია მოსალოდნელი დისტანციური სწავლებისას, როგორი დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს ტრენინგების მიმართ და რამდენად დაფასდა წინა წლებთან შედარებით მასწავლებლის პროფესია, ამ და სხვა საინტერესო თემაზე etaloni.ge- ს თბილისი N207 საჯარო სკოლის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ესაუბრა.
ზურაბ ჩხაიძე: ქვეყანაში იმდენად რთული ეპიდსიტუაციაა, რომ საეჭვოა ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდეს, დიდი ალბათობით სწავლა დისტანციურად დაიწყება. ჩვენი სკოლა ორივე ტიპის სწავლებისთვის ემზადება და წინა წლის გამოცდილება დაგვეხმარება, წარმატებით წარვმართოთ სასწავლო პროცესი. ბოლო ორმა წელმა ბევრი რამ გვასწავლა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. ჩემდა გასაკვირად, მასწავლებლებმა მალე აითვისეს ის ტექნოლოგიური საჭიროებები, რასაც ამ ფორმატით სწავლება მოითხოვდა. ყველა მასწავლებელს დიდი მადლობა ეკუთვნის იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც ბოლო წლებში გაწიეს. მათ შეძლეს და მოსწავლეები არ დატოვეს განათლების მიღმა.
- ის პრობლემები, რაც წინა წლებში დისტანციური სწავლებისას იყო გამოწვეული, წელს აღარ იქნება?
- ძირითადად ტექნიკის პრობლემა იყო ხოლმე. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ გადაგვეჭრა ეს პრობლემა და სკოლის რესურსით დავეხმარეთ, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს - კომპიუტერები და ლეპტოპები გადავეცით დროებით საკუთრებაში. გარდა ამისა, სკოლაში მოვაწყვეთ სივრცეები, სადაც ბავშვებს შეეძლოთ ინდივიდუალურად ონლაინ გაკვეთილზე დასწრება. დისტანციურ რეჟიმში მოსწავლეთა ჩართულობის პრობლემა, ვფიქრობ, წელსაც იქნება, რადგან პანდემიიდან გამომდინარე, ბავშვების უმეტესობა რეგიონშია წასული, სადაც ინტერნეტის სიხშირის და ტექნიკის პრობლემაც აქვთ.
- ახალი სასწავლო წელი მალე დაიწყება, პირველკლასელთა რეგისტრაციამ როგორ ჩაიარა და რა რაოდენობას ელოდებით?
- ნორმალურად ჩაიარა რეგისტრაციამ. პირველკლასელთა იმ რაოდენობას ველოდებით, რაც წინასწარ გათვლილი გვქონდა. წელს ოთხი პირველი კლასი გაიხსნება. მოთხოვნა დიდი იყო რეგისტრაციის დროს. გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც უცხოეთში ყოფნის გამო ვერ მოახერხეს დროულად დარეგისტრირება, თუმცა სკოლაში ადგილები დარჩენილია და იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო გამონაკლისს დაუშვებს და ისინიც შეძლებენ რეგისტრაციის გავლას.
- როგორ გეგმავთ პირველ კლასელების „თიმსში“ შეხვედრას?
- ყველა დამრიგებელს საკუთარი გეგმა აქვს, საკმაოდ კრეატიულები არიან და დარწმუნებული ვარ, ორიგინალური იქნება მათი პირველი შეხვედრა. შარშან, როცა სკოლაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ, მაშინ მოვუწყვეთ ზეიმი და კმაყოფილები იყვნენ, როგორც ბავშვები, ასევე მშობლები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველკლასელებისთვის სკოლის პირველი დღე „თიმსში“ ძალიან რთულია. ვიცი, რომ მასწავლებლები მათ დაინტერესებას შეძლებენ და საგაკვეთილო პროცესი შედგება, მაგრამ ეს ორივე მხრისთვის არ იქნება მარტივი.
- წინ წლის გამოცდილება, როგორი იყო ამ მხრივ?
- სხვათაშორის, როცა სკოლაში დაბრუნდნენ ბავშვები, არ ჰქონდათ გაუცხოება მასწავლებლების მიმართ, რაც ნამდვილად გასაკვირი იყო. ახლა მაინც სხვა თაობაა, განსხვავებული შეხედულებები და შესაძლებლობები აქვთ. ყოველ წელს, ყველა პირველ კლასელი უფრო მომზადებული მოდის სკოლაში.
- მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის დანერგვის პროცესში ჩართულია თქვენი სკოლა?
- ჯერ არ ვართ ჩართულები, თუმცა, მასწავლებლები, მოხალისე სკოლის წარმომადგენლების სახით, აქტიურად ესწრებიან ტრენინგებს, თან ჩვენი რამდენიმე პედაგოგი ქოუჩია. იმედია, ახალი სასწავლო წლიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ჩავერთოთ.
- როგორი დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს ტრენინგების მიმართ?
- რაც მთავარია, სკეპტიკურად არ არიან განწყობილნი, რადგან თავიანთი სურვილით, მოხალისედ ესწრებიან ტრენინგებს. ისე, ტრენინგების საკითხი მნიშვნელოვანია, თუ წინა წლებში მასწავლებლებს ჩვენ ვაძლევდით ბიძგს, რომ დასწრებოდნენ, ახლა პირიქითაა - თავად აქტიურობენ და ერთვებიან. ეს დამოკიდებულება ძალიან მახარებს. ნათელია, რომ ბოლო ორი წელია ამ მხრივ უკეთესობისკენ შეიცვალა მდგომარეობა და მათ დაინახეს ტრენინგების მნიშვნელობა და საჭიროება.
- თავად, რამდენად ხედავთ მასწავლებლების გადამზადების და ტრენინგების აუცილებლობას?
- ვფიქრობ, გადამზადება აუცილებელია და ეს ხშირად უნდა ხდებოდეს, რადგან თუ პედაგოგმა პროფესიული ზრდა შეაჩერა, დროს ჩამორჩება. ნებისმიერი ტრენინგიდან შეიძლება ისეთი რამის სწავლა, რომელიც საკუთარი საქმის უკეთ წარმართვაში დაგეხმარება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებელს აქვს არჩევანი რა მიმართულებით დაესწროს ტრენინგს, რადგან მთვარია მას სად უჭირს და რაში სჭირდება დახმარება.
- რამდენად რთული იყო გასული სასწავლო წელი მასწავლებლებისთვის?
- ძალიან დატვირთული რეჟიმი ჰქონდათ, ფაქტობრივად 24 საათიანი რეჟიმით მუშაობდნენ. ჩემი მეუღლე მასწავლებელია და მშობელს არაერთხელ დაურეკავს დილის 7 საათზე, ღამის 12 საათზე და უკითხავს კონკრეტული რამ. ბოლო წლებში მასწავლებლების შრომა გაათმაგდა, მაგრამ ასეთი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, არ დაუწუწუნიათ. ვთვლი, რომ მასწავლებლები ჩვენი დროის გმირები არიან, რადგან მარტივი არაა ასეთი დატვირთვით მუშაობა. ეს გამოწვევა თითოეულმა მათგანმა წარმატებით დაძლია.
- როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად დაფასდა მასწავლებლის პროფესია?
- ამ მხრივ არსებითად შეიცვალა რამე-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მშობელმა დაინახა მასწავლებლის შრომა. დისტანციური სწავლებისას ხშირად მოსწავლესთან ერთად არა მხოლოდ მშობლები, არამედ ოჯახის წევრებიც ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში. ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვებისთვის შენიშვნაც კი მიუციათ გაკვეთილის მიმდინარეობისას. აქედან გამომდინარე, მშობლებმა კარგად გაიაზრეს რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მასწავლებლის პროფესია და რაც მთავარია, დააფასეს პედაგოგის მიერ გაწეული შრომა.
უნდა აღვნიშნო, რომ დისტანციურმა სწავლებამ მშობლების ჩართულობა გაზარდა. თუ აქამდე მშობელი სკოლაში იშვიათად მოდიოდა, ახლა თავად სკოლა მივიდა მასთან და მშობელმა საკუთარი თვალით გადააფასა რიგი პროცესები. თუმცა, ამ ყოველივემ მასწავლებლის აუდიტორიაც გაზარდა და როგორც უკვე აღვნიშნე, მათ არა მხოლოდ მოსწავლეები ესწრებიან გაკვეთილზე, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.
- მასწავლებლების გამოცდებზე რას ფიქრობთ და რამდენად საჭირო იყო პრაქტიკოსებისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა?
- საჭირო იყო იმდენად, რამდენადაც მასწავლებლების ნაკლებობაა ზოგიერთ საგანში. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ჩემთვის მიუღებელია 1 ან 4 კრედიტის აღების შემთხვევაში, რომ ჩაბარებულად ეთვლებათ გამოცდა. თუ გამოცდა ტარდება, მაღალი ბარიერი უნდა იყოს და რაც მთავარია, მასწავლებელს საკუთარ საგანში გამოცდის არ უნდა ეშინოდეს. ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ არის მეორე მხარე - კადრების სიმცირე. თავიდან, როცა გამოცდები დაიწყო, საკმაოდ მაღალ ქულებს ითხოვდნენ, მერე, რადგან ბევრი დაბალი შეფასება დაიწერა დასწიეს ბარიერი. მასწავლებლებს, რომლებიც 2011-2012 წლებში გავიდნენ გამოცდაზე ქულების მაქსიმუმს სთხოვდნენ, მერე კი ბარიერი საგრძნობლად დაწიეს და ვფიქრობ, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, მაშინ იმ მასწავლებლებს არათანაბარ პირობებში მოუწიათ გამოცდის ჩაბარება. თუმცა, მეორე მხრივ ბარიერის დაწევა, საჭიროებამ განაპირობა.
ჩვენ ერთადერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი გვყავს, რომელიც ბრწყინვალეა თავის საქმეში, უამრავი მიღწევა აქვს. გამოცდაზეც იყო გასული და ამჟამად შედეგების მოლოდინში ვართ.
- რომელ საგნებში არის მასწავლებლების დეფიციტი?
- ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნებს ეხება ეს პრობლემა, უფრო ქიმია-ფიზიკას. როცა ჩვენ კონკურსს ვაცხადებთ ამ მიმართულებით კადრების არჩევანის ნაკლებობა გვაქვს. ბიოლოგიაში საკმაოდ ბევრია მსურველი და ძირითადად ახალგაზრდები მოდიან.
- კადრების ახალგაზრდა მასწავლებლებით ჩანაცვლება რამდენად მისაღებია თქვენთვის?
- მივესალმები, შესაცვლელია და უნდა მოხდეს მათი დროული ჩანაცვლება. ჩემი ნება, რომ იყოს მასწავლებლის სკოლაში ყოფნის ზღვარსაც დავაწესებდი. პირველკლასელები ითხოვენ ახალგაზრდა მასწავლებლებს და რაღაც ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ ეს ჩანაცვლება დროულად მოხდეს.
- თუმცა, თუ კადრების სიმცირეა, ეს როგორ მოხდება?
- კი, ამ მხრივ სირთულე არის და იმედია, ეს საკითხიც მოგვარდება.
- იმის ფონზე, რომ პრაქტიკოსებს უკვე არაერთი შანსი მისცეს სტატუსის ამაღლების, ხოლო სპეცმასწავლებლებს, მხოლოდ 2 წელი, ეს უსამართლობა ხომ არ არის?
- სპეცმასწავლებლებს აქამდე არც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ. თუმცა მომავლის საჭიროებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კიდევ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. სპეცმასწავლებელი ყველა სკოლაში აუცილებელი კადრია. სხვათა შორის მშობლების მიმღებლობაც გაიზარდა მათ მიმართ, წინა წლებში თუ მშობლები მალავდნენ საკუთარი შვილების საჭიროებას, ახლა პირიქით ითხოვენ გადაფასებას. ესეც გარკვეული პროგრესია ამ მიმართულებით.
- სოციალური მუშაკის საჭიროებას რამდენად ხედავთ?
- სოცმუშაკების შემოსვლა ჩვენს სკოლაში დაგვიანებით მოხდა - მაისში. შესაბამისად, სექტემბრიდან ისევ განაახლებენ მუშაობას. ეს არის აუცილებელი კადრი სკოლაში - საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევენ მოსწავლეებს. სოცმუშაკი იქნება დამაკავშირებელი რგოლი ოჯახსა და სკოლას შორის. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით დიდი შედეგებზე გავალთ.
- ბატონო ზურაბ, ცოტა თქვენზეც გვიამბეთ...
- 43 წელია, რაც სკოლაში ვარ - უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე პედაგოგად დავიწყე მუშაობა. მერე სასწავლო ნაწილი ვიყავი, შემდეგ ჩემს მშობლიურ სკოლაში - დირექტორი. 2007 წელს დირექტორების კონკურსში მივიღე მონაწილეობა და 20 პროცენტში გავედი, რის შედეგადაც მოვხვდი N207 საჯარო სკოლაში და უკვე 14 წელია, რაც ამ სკოლის დირექტორი ვარ.
სკოლაში რეორგანიზაციის გამო, 2012 წელს შემოგვიერთდა მე-15 საჯარო სკოლა, ესეც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებულ, მაგრამ გადავლახეთ და დღეს მეგობრული კოლექტივი გვყავს.
- რამდენად რთული იყო სკოლების გაერთიანება მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე?
- პირველ წელს იყო სირთულეები, ბავშვებში გაჩნდა დამოკიდებულება - „ჩემი“ და „შენი“. მაღალ კლასებში ცოტა დაძაბულობაც იგრძნობოდა, მაგრამ ორივე სკოლის კოლექტივმა შევძელით მშვიდობიანად, გართულებების და კონფლიქტის გარეშე მომხდარიყო მათი ერთ შენობაში სწავლება. ჩვენ სითბოთი მივიღეთ თითოეული მათგანი, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავუკეთეთ, მათაც დაინახეს, დააფასეს და ასე მოხდა ორი სკოლის შეერთება.
- ახსენეთ, რომ პედაგოგობით დაიწყეთ, რომელ საგანს ასწავლიდით და ახლა თუ გაქვთ საგაკვეთილო საათები?
- ისტორიას ვასწავლიდი. საგაკვეთილო საათები არ მაქვს, მაგრამ პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი რა რთული პროფესიაა მასწავლებლობა. უბრალოდ, სკოლის მართვის დროს იმდენად ბევრი საქმეა, დროის დეფიციტის გამო, ვერ ვახერხებ საათების აღებას. ხანდახან დაუგეგმავ შეხვედრებზე მიწევს გასვლა, გაკვეთილს კი ვერც გადაცვლი და ვერც ჩაშლი. თუმცა ვფიქრობ, დირექტორს მასწავლებლობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რადგან მათი გადმოსახედიდანაც შეხედოს სკოლას.
- ანუ, გეხმარებათ პედაგოგობის გამოცდილება სკოლის წარმატებით მართვაში?
- რა თქმა უნდა, მე ვიცი მასწავლებლის შრომის ფასი. იმისთვის კი, ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს, სკოლის მართვის პროცესში რთული აღსაქმელია რიგი საკითხები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა