დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის გუნდი კონკურსის ფინალში მოხვდა
19-08-2021
დაკოპირებულია
-
+
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაოგები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. სკოლის გუნდმა კონკურსში წარმატებას მიაღწია და ფინალში გავიდა.
გურჯაანის ტექნოპარკის ორგანიზატორობით გამართულ პროექტში სკოლის მე-5 კლასის გუნდი (კლასის დამრიგებელი სოფიკო ალადაშვილი) ჩაერთო. გუნდის კაპიტანმა გიორგი მეხრიშვილმა დიდი შრომა ჩადო რესურსში, რომელიც „ჰაკათონში“ წარადგინა. კაპიტნებს მიეცათ დავალება, რომ ძველი თამაშები გაეცოცხლებინათ. 78 სკოლას შორის დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის პროექტი „ქალაქობანა“ „გიორგისეული“ ვერსია სამეულში მოხვდა და შესაბამისად ფინალშიც.
„ჩვენმა საამაყო გიორგიმ, მიუხედავად თავისი მცირეწლოვნებისა ღირსეული მეტოქეობა გაუწია თავისზე უფროსებს. გამარჯვებულები ბატონმა დავით სონღულაშვილმა დააჯილდოვა. წარმატებები გიორგის, სოფოს და მათ გუნდს, ასევე დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლას“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.