მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი, ელენე ფუტკარაძე ახალი სასწავლო წლის მოლოდინებზე, რეფორმებსა და სიახლეებზე გვესაუბრა. მისი თქმით, თუ სწავლა დისტანციურად განახლდება N167 საჯარო სკოლას ამისთვის სრული მზაობა აქვს.
ელენე ფუტკარაძე: მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლა სავარაუდოდ დისტანციურად განახლდება. ჯერ სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ელოდება, სექტემბერში რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში.
- რამდენად არის სკოლა მზად ონლაინ სწავლებისთვის?
- სკოლა მზად არის, რადგან ჩვენ უკვე „გენერალური რეპეტიცია“ გავიარეთ, ვიმუშავეთ ამ ფორმატით და „თიმისსი“ პროგრამით ვურთიერთობდით ბავშვებთან, თუ რომელიმე მათგანს კომპიუტერი არ ჰქონდა სხვა საშუალებებით ვახერხებდით მათთან დაკავშირებას. შესაძლებლობის ფარგლებში, სკოლა და მასწავლებელი მაქსიმუმს აკეთებდა, რომ სწავლა-სწავლების პროცესი ხარისხიანი ყოფილიყო. ჩვენ 24 საათიანი რეჟიმით ვეხმარებოდით ბავშვებს რიგი პრობლემების დაძლევაში და ამ ყველაფერში სამინისტროდანაც გვქონდა ხელშეწყობა.
- საკმაოდ დაძაბული იყო გასული სასწავლო წელი...
- ნამდვილად დატვირთული და დაძაბული წელი იყო. წელს რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სამინისტრო სწავლებასაც ისე განვაახლებთ. დღეს ვიმყოფებით „ბიოლოგიურ ომში“, სადაც ექიმები არიან წინა ხაზზე, ხოლო შემდეგ ჩვენ - მასწავლებლები. ნამდვილად არაა მარტივი იმ გამოწვევებს კარგად გაართვა თავი, რის წინაშეც აღმოვჩნდით.
- პირველკლასელთა რა რაოდენობას ელოდებით და როგორ აპირებთ მათ დახვედრას?
- წელს 75 მოსწავლეს ველოდებით. სამი პარალელური კლასი გვეყოლება. სასურველი იქნება, თუ მათ საკლასო ოთახებში მივიღებთ, თან მერხები დისტანციის დაცვით გაქვს დალაგებული, სადეზინფექციო ხსნარების მარაგის ნაკლებობასაც არ ვუჩივით - პირიქით გადაჭარბებულადაც კი გვაქვს. აბსოლუტურად ყველაფერი სათანადოდ მუშავდება, ისე, როგორც მითითებულია რეგულაციებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ყველანაირი წესების დაცვით, პირველკლასელებს საკლასო ოთახში მოვუწყოთ პირველი შეხვედრა, რადგან ეს მათთვის მნიშვნელოვანია. თუ საერთო ბრძანება იქნება ონლაინ სწავლებაზე, მაშინ ყველანი დისტანციურად გადავალთ. ჩემი დიდი სურვილია საკლასო ოთახებში სწავლის განახლება, მაგრამ მეორე საკითხია ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინება.
- გასული წლის შედეგებით რამდენად კმაყოფილი ხართ? როგორ გაართვით თავი არსებულ გამოწვევებს?
- დამაკმაყოფილებლად გავართვით თავი. ყველა აღიარებს, რომ ფიზიკური სწავლება გაცილებით უკეთესია, ვიდრე დისტანციური და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საკლასო ოთახში ის ბავშვიც კი, რომელიც ზარმაცობს მაინც ერთვება საგაკვეთილო პროცესში, მისი გონება იმახსოვრებს გარკვეულ ინფორმაციას. დისტანციური სწავლების დროს სულ სხვანაირი მობილიზება სჭირდება.
- ის პრობლემები, რაც წინა წელს იყო ონლაინ სწავლებისას, წელსაც იქნება, როგორ ფიქრობთ?
- ტექნიკის მხრივ არ იქნება, რადგან ყველა პედაგოგს აქვს თავისი პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი; ბავშვებს კომპიუტერი თუ არა, ტელეფონები მაინც აქვთ - ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებსაც კი. წინა წელს დავალების გარეშე ბავშვი არ დაგვრჩენია. თუმცა, წელსაც იქნება რიგი პრობლემები, ჩვენ არ ველოდებით იმას, რომ ყველაფერი მოგვარდება, მარგამ შევეცდებით მაქსიმალურად კარგად გავართვათ თავი არსებულ ვითარებას, მთავარია თანადგომა იყოს ოჯახიდან. მშობლები ზოგჯერ თვითონ აზარმაცებენ შვილებს და მერე გვაბრალებენ ჩვენ. სკოლა და მასწავლებელი მობილიზებულია, რომ ნებისმიერი საშუალებით გადასცეს ბავშვს ცოდნა. სკოლის ბრალია, როდესაც ბავშვი არ სწავლობს და მშობელი თავადაც არ უქმნის სწავლისთვის სათანადო პირობებს?! თუ სკოლაა დამნაშავე მაშინ რატომ გვყავს ოქროს მედალოსნები? კომპიუტერების კანდიდატები? მასწავლებლები ხომ ერთნაირად გავცემთ ცოდნას და ერთნარად ვემსახურებით ბეჯით და ზარმაც მოსწავლეებსაც? აი, ამ ბეჯითს და ზარმაცს აღარ უსვამენ ხაზს და სკოლა გამოჰყავთ დამნაშავე.
გამოიჭერს ხოლმე, რომელიმე ტელევიზიის ჟურნალისტი მოსწავლეს, რომელსაც დავითის, თამარის, ერეკლე მეორეს ეპოქა ერევა და თურმე ეს სკოლის ბრალია. სკოლა კი არაა დამნაშავე, არამედ ბავშვი რომ წიგნს არ შლის იმის შედეგია - ოჯახში განათლების მიღების კულტურა არ აქვთ. აბა, სკოლაში მოვიდნენ და ვინც გაკვეთილს უსმენს ის გამოკითხონ თუ ვერ უპასუხებს. ჩემ თაობაშიც იყო ისეთი კატეგორია, რომელიც არ სწავლობდა და მათ ატესტატში უწერდნენ: მოისმინა. ახლა საუბედუროდ, მომრავლდა ეს კატეგორია და თურმე მათ სკოლა არ აძლევს სათანადო განათლებას. ვისაც სწავლა უნდა სკოლაში საშუალო განათლების მიღება თავისუფლად შეუძლია; ვისაც გაღრმავება სურს, გააგრძელოს - უმაღლესში, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი და ინტელექტი ექნება. სკოლისკენ იშვერენ სულ ხელს. რეპეტიტორი ერთ წელში მაღალ შედეგებზე ვერ მოამზადებს ბავშვს, რაც არ უნდა გენიოსი იყოს, თუ მას საფუძველი სკოლიდან არ აქვს. ეს არის სიმართლე და ამას 30 წლიანი გამოცდილებით ვამბობ.
- მშობელთა ჩართულობა გაიზარდა დისტანციურად სწავლებისას?
- მშობლების უმეტესობა გვისმენს რას გადავცემთ ბავშვს, როგორ ვასწავლით და ასე შემდეგ. გვისმენენ ასევე ბებია-ბაბუები და დიდი პატივისცემა ამ ხალხს ჩემგან. ხედავენ კარგსაც და ცუდსაც, უფრო მეტად აფასებენ მასწავლებლის შრომას. თუ რაიმე არ მოეწონებათ, არც მისი დაფიქსირების მოერიდებათ - ძალიან შეცვლილია დამოკიდებულებები...
- მასწავლებლებს საკმაოდ დაძაბული წელი ჰქონდათ, როგორ გაართვეს თავი?
- დამაკმაყოფილებელ დონეზე და უკეთესადაც კი გაართვეს თავი. არა მარტო ჩემმა მასწავლებლებმა, არამედ ყველამ საქართველოს მასშტაბით. პედაგოგი გარდა იმისა, რომ არის მასწავლებელი ის დედა, მეუღლე და ოჯახის დიასახლისია. უნდა დავაფასოთ ეს ხალხი, შეიძლება ვიღაცას რაღაც შეეშალა, რაღაც ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ბევრი იშრომა, გაართვა თავი ამდენ კომპლექსურ დავალებებს, მატრიცებს... ყველას ვთხოვ, კრიტიკაზე ნუ ვიქნებით გადასული. განვმეორდები, დღეს „ბიოლოგიური ომია“ დედამიწაზე და ჩვენ ამ პირობებში გვიწევს მუშაობა.
- მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის პრაქტიკაში დანერგვა რამდენად შესაძლებელია?
- „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულები ვართ საკმაოდ აქტიურად. თავიდან ყველაფერი რთული გვეჩვენება, მაგრამ გზას რომ გაივლი, ერთ კომპლექსურს გააკეთებ, მეორეს, მესამეს და ამ ყველაფერს გადასცემ ბავშვებს, მერე გიმარტივდება. სიახლე მარტივი მისაღები არ არის ხოლმე. დალაგდეს მსოფლიო, ქვეყანა და უფრო მეტად შევძლებთ ამ მოდელის პრაქტიკაში დანერგვას. რაც მთავარია, მასწავლებლებს აქვთ მიმღებლობა, ექსპერტებს რომ გადაუგზავნეს დავალებები კარგი შეფასებები მიიღეს, რაც მახარებს.
- ელექტრონული ჟურნალი სავალდებულო ხდება ახალი სასწავლო წლიდან და ტექნიკის მხრივ როგორი სიტუაცია გაქვთ ?
- არც ეგ არ არის პრობლემა, ინფორმატიკის კაბინეტი გვაქვს, თუ რომელიმე მასწავლებელი სახლიდან ვერ შეძლებს ჩართვას, შეუძლია სკოლაში მოვიდეს და აქედან იმუშაოს. ჩვენი ინფორმატიკის კაბინეტი სათანადო ტექნიკითაა აღჭურვილი და სკოლის კარები ყველასთვის ღიაა. სკოლა ვალდებულია პედაგოგს ყველანაირი პირობა შეუქმნას, რომ არ შეფერხდეს მუშაობის პროცესში. მე ასე მიმაჩნია და ჩვენ ასე ვცდილობთ მუშაობას. კი, არის რაღაც ხარვეზები, მაგრამ ბევრი კარგიც ხდება. დღევანდელ რეალობაში მუშაობა მარტივი ნამდვილად არაა და ჩვენ ამას მხოლოდ ხელფასის გამო არ ვაკეთებთ, ხალხს და ბავშვებს ასე სჭირდებათ.
- როგორია თქვენი გზა დირექტორობამდე?
- თავიდან სკოლაში, როგორც მასწავლებელი ისე მივედი. მერე გავიარე ყველა საფეხური, ვარ ისტორიის პედაგოგი, ვასწავლიდი რელიგიასაც. კონკურსის საფუძველზე მოვხვდი N167 საჯარო სკოლაში. ვთვლი, რომ ვარ ჯარისკაცი, ოღონდ გენერლის მუნდირით. იყო დირექტორი ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ექიმივით ოპერაციას არ ვაკეთებ, მაგრამ სხვა მხრივ მევალება „ოპერაციების“ ჩატარება. როცა ხელმძღვანელი ხარ ყველა პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს გააზრებული. ეს მარტივი საქმე არაა.
- რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა?
- სიმართლე გითხრათ, იურისტობა მინდოდა, მშობლებს ექიმი სურდათ, რომ გამოვსულიყავი. იურიდიულზე და ისტორიულზე თანაბარი კონკურენცია იყო, მაშინ სულ სხვა გამოცდები ბარდებოდა, ბევრად რთული იყო უნივერსიტეტში სწავლა ვიდრე ახლაა. დღეს ყველა აბარებს, ბარიერი ძალიან დაბალია. მაშინ პირიქით იყო - 14 კაცი რჩებოდა მესამე გამოცდის მერე. ძალიან მიყვარდა ბავშვები და ამიტომ გადავწყვიტე სკოლაში მივსულიყავი, ღმერთს მადლობა ამისთვის. ვთვლი, იმ ადგილზე ვარ სადაც საჭიროა.
- საგაკვეთილო საათები დღესაც გაქვთ?
- ყოველთვის მაქვს საგაკვეთილო საათები, ვთვლი, რომ სასურველია დირექტორი იყოს პედაგოგი. დირექტორებს შორის არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ძალიან კარგი მენეჯერები, ხელმძღვანელები და მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი აზრით, სასურველია დირექტორი იყოს პედაგოგი და შეხება ჰქონდეს საგაკვეთილო პროცესთან. როცა გაკვეთილზე შედიხარ სკოლის პულსზე გიჭირავს ხელი. ბავშვი უნდა გიცნობდეს და უნდა გრძნობდეს შენგან მხარდაჭერას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა