„ხულოს ეტალონი მოსწავლის“ გამარჯვებას მორიგი წარმატება მოჰყვა
22-01-2018
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ირემაძეების საჯარო სკოლას ესტუმრა. გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო
წლის „ხულოს ეტალონ მოსწავლეს" ზეზვა გორგაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.
ამასთან, ირემაძეების სკოლას „ეტალონის'' ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე, სკოლის დირექტორი ბადრი ირემაძე, მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ირემაძეების
საჯარო სკოლაში „ეტალონს" სიხარულით შეხვდნენ და გაწეული შრომისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ ზეზვა გორგაძის „ეტალონში“ გამარჯვებას მორიგი წარმატება მოჰყვა. მან ექსტერნის გამოცდები წარმატებით ჩააბარა და დღეს უკვე 100%-იანი გრანტით უმაღლესში აგრძელებს სწავლას.
შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.