მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N6 საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ აბაზაძე ბავშვობაში თეთრ ხალათზე და ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა, საბოლოოდ სკოლის სათავეში აღმოჩნდა. ასე ხდება, როცა მშობელი შვილის პროფესიულ არჩევანში ერევა - ცხოვრება სულ სხვა რელსებზე დგება ხოლმე... როგორი დირექტორი ჰყავს თბილისის N6 საჯარო სკოლას, როგორია მისი პროფესიული გზა; როგორ გაუმკლავდა სკოლა გასული წლის გამოწვევებს და რა მოლოდინებია ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამარ აბაზაძე: დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია წინასწარ პროგნოზირება და როგორ განახლდება სწავლა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს თქმით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ დაიკლებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის გაგრძელება გაგვიჭირდება. დიდი სურვილი მაქვს, სწავლა სკოლაში განახლდეს, მაგრამ რამდენად მოგვცემს ამის შესაძლებლობას ეპიდმდგომარეობა საკითხავია.
- ონლაინ სწავლებისთვის მზადაა სკოლა?
- ჩვენ გასული სასწავლო წელს დავდექით ამ გამოწვევის წინაშე და გარკვეული პერიოდი მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. თუმცა, ჰიბრიდული მოდელით ვსარგებლობდით და საკლასო ოთახებშიც მიმდინარეობდა სწავლა-სწავლების პროცესი. ჩვენი სკოლა და მასწავლებლები ამჯერადაც მზად არიან დისტანციური სწავლებისთვის.
ბუნებრივია, უკეთესია მოსწავლეებს სასკოლო სივრცეში სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ, თუმცა გეტყვით, რომ ონლაინ სწავლებასაც არაერთი დადებითი მხარე ჰქონდა - ბავშვებმა დამოუკიდებლად სწავლა ისწავლეს და ის მოსწავლეები, რომლებიც სასკოლო სივრცეში საკუთრი თავის რეალიზებას ვერ ახდენენ, უფრო გააქტიურდნენ. დისტანციურმა სწავლებამ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა გახადა შესაძლებელი.
- როგორ ფიქრობთ, ის პრობლემები რაც, დისტანციურ სწავლებას ახლდა, წელსაც იქნება?
- გარკვეული პრობლემების აღმოფხვრა გასულ სასწავლო წელსაც შევძელით, ეს ძირითადად ეხებოდა ტექნიკას, რომელიც დისტანციური სწავლებისთვის იყო საჭირო. ამ მხრივ ვიზრუნეთ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე და მაქსიმალურად დავეხმარეთ მათ. სასწავლო პროცესს არცერთი მოსწავლე ჩამორჩენია. წელსაც მაქსიმალურად ვეცდებით მათ დახმარებას.
- თუ სწავლა დისტანციურად განახლდება, როგორ აპირებთ პირველკლასელებთან შეხვედრას „თიმსში“?
- ჩვენ გეგმები ყოველთვის გვაქვს. ზოგადად სკოლა ტრადიციულად ხვდება პირველკლასელებს, მაგრამ წელს რამდენად შევძლებთ ამ ყველაფერს ვერ გეტყვით, თუმცა, იმდენად აქტიური პედაგოგები გვყავს, რომ მათ ონლაინ რეჟიმისთვისაც გაწერილი აქვთ გეგმა, თუ, როგორ უნდა შეხვდნენ პირველკლასელებს და როგორ გაულამაზონ პირველი დღე. ამ მეთოდს ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავიტოვებ. დიდი იმედი მაქვს, რომ პატარები სკოლაში შეხვდებიან მათთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, რადგან სულ სხვა დატვირთვა და ხიბლი აქვს.
წელს 4 პირველი კლასი გვეყოლება, თუმცა რეგისტრაციის დროს მსურველი გაცილებით მეტი იყო - წამებში შეივსო ადგილები. იქედან გამომდინარე, რომ ორ ცვლაზე ვართ გადასულები, ფიზიკურად ვერ შევძლებთ მოსწავლეთა რიცხვის გაზრდას, სკოლას არ აქვს ამის რესურსი. იმედია, სამომავლოდ მეტი პირველკლასელს მიიღებს N6 საჯარო სკოლა.
- წინა წლის გამოცდილება, როგორია ამ მხრივ?
- გასული სასწავლო წელი, საბედნიეროდ, სასკოლო სივრცეში დავიწყეთ და ბავშვებმა მოახერხეს მასწავლებლებთან დაახლოება. შემდეგ მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. თუმცა ამ პროცესს ძალიან მობილიზებული შეხვდა სკოლა და მასწავლებლები. თავისუფლად შემიძლია შევაქო ჩემი პედაგოგები, რადგან ყველა გამოწვევას დროულად უწყობენ ფეხს და მადლობა მათ ამისთვის. მასწავლებლებს მომზადებული ჰქონდათ სპეციალური პროგრამა პირველკლასელებისთვის, თუ როგორ უნდა ესწავლებინათ ონლაინ. ეს გამოწვევა მშობლებთან ერთად წარმატებით დავძლიეთ.
ძალიან საინტერესო იყო მათი გაკვეთილები, პედაგოგებმა ზღაპრების გმირები გააცოცხლეს და მულტფილმის სახით მიჰქონდათ ბავშვებამდე. ასევე, არაერთი ღონისძება ჩავატარეთ ონლაინ, მათ შორის: საახალწლო და დედის დღისადმი მიძღვნილი. წლის ბოლოს მშობლებიც კმაყოფილები იყვნენ და ბავშვებიც. გასული წლის გამოცდილება წელს დაგვეხმარება, უფრო უკეთ წარვმართოთ სასწავლო პროცესი. ვფქრობ, თუ ადამიანი მოინდომებს დაუძლეველი არაფერია.
- დისტანციურმა სწავლებამ მასწავლებელი უფრო შემოქმედებითი გახადა?
- რა თქმა უნდა, თან გასული სასწავლო წელს „ახალი სკოლის მოდელში“ ჩავერთეთ. ჩვენ ისედაც ერთი გუნდი ვიყავით, ერთად ვგეგმავდით ყველაფერს სასკოლო საზოგადოება: პედაგოგი, მშობელი, მოსწავლე, თუმცა ამ პროცესებმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა და მშობელთა ჩართულობა გაააქტიურა.
- რამდენად შესაძლებელია „მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის“ პრაქტიკაში დანერგვა და მის ფარგლებში, ონლაინ სწავლება?
- უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ ამ ახალ გამოწვევას პედაგოგები საკმაოდ თამამად შეხვდნენ. გაიარეს ტრენინგები ქოუჩებთან და მშობლებთან, მოსწავლეებთან ერთად დაგეგმეს ძალიან საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებაც ბოლომდე ვერ მოვასწარით რიგი მიზეზების გამო - მასწავლებელთა უმეტესი ნაწილი დაინფიცირებული იყო. წელს ვაპირებთ ეს პროექტი დავასრულოთ და ასევე, ახალზეც ვიმუშაოთ. აღნიშნული პროექტი იყო „წარსული მომავლის ანარეკლში“. მოსწავლეების ჩართულობა გვქონდა მაღალი - არაერთი ღონისძიება განახორციელეს. საერთოდ, „ახალი სკოლის მოდელი“ ხელს უწყობს ბავშვების რეალიზებას და მათი უნარების წარმოჩენას. პროექტზე მუშაობისას გამოიკვეთა, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელი სკოლაში. ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ მოსწავლის განვითარებაზე და ნათელ მომავალზე.
რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, შესაძლებელია, თუნდაც ჩვენი პროექტის ფარგლებში დისტანციურად იყო დაგეგმილი უამრავი აქტივობა, მათ შორის გამოჩენილ პიროვნებებთან ვებინარები და მათთან გასაუბრება ონლაინ ხდებოდა.
- და მაინც, როგორ აისახა ეს ყოველივე სასკოლო კულტურაზე?
- ჩვენ ერთ გუნდად შეკრული კოლექტივი ვართ, ყველა ვთანამშრომლობთ და ორიენტირებულები ვართ ჩვენი მიღწევების დახვეწაზე. ამ პროექტმა კიდევ უფრო გააერთიანა კათედრების თანამშრომლობა, თუმცა ამ საკითხს არც მანამდე ვუჩიოდით. მშობლებსაც მოსწონს აღნიშნული პროექტი და ძალიან მოტივირებულები არიან, მაქსიმალურად ჩართულები - საკუთარ იდეებს გვთავაზობენ მომავალი პროექტებისთვის. რომ არა პანდემია, უფრო კარგი მიღწევები გვექნებოდა, თუმცა ისეთი ცხოვრება მოვიდა, ძალიან რთულია წინასწარ დაგეგმო და განსაზღვრო რა იქნება ერთი ან ორი თვის შემდეგ.
- მასწავლებლებს საკმაოდ დატვირთული და დაძაბული გრაფიკი ჰქონდათ...
- დიახ, ნამდვილად. აქტიურად იყვნენ ტრენინგებში ჩართულები, ერთდერთი პრობლემა, რაც გამოიკვეთა დროის დეფიციტი იყო - გეგმავდნენ ონლაინ დ პირისპირ სწავლების საგაკვეთილო პროცესს და შემდეგ, ესწრებოდნენ ტრენინგებს. თუმცა, ეს პრობლემაც მოგვარებადი იყო. იმ ტრენინგების ჩანაწერი კეთდებოდა, რომლებიც უტარდებოდათ და შესაძლებლობა ჰქონდათ, მაშინ მოესმინათ, როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდათ. ამ ჩანაწერებმა ნაწილობრივ დროის პრობლემაც მოაგვარა.
- სოციალური სამსახურის საჭიროებას რამდენად ხედავთ?
- სოცმუშაკების დახმარებით ხდება მოკვლევა იმ მოსწავლეების, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში არ არიან ჩართულები. თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენს სკოლას მათი დახმარება არ დაგვჭირვებია - არ გვყავს მსგავსი კატეგორიის მოსწავლეები. თუ შემთხვევა იქნება, როცა აღნიშნულ პრობლემასთან მოგვიწევს გამკლავება, მაშინ, აუცილებად მივმართავთ დასახმარებლად. ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი განათლება.
- ქალბატონო თამარ, თქვენზეც რომ გვიამბოთ, რა იყო დირექტორობამდე?
- საკუთარი მიღწევების შესახებ, ალბათ სკოლის შედეგები უნდა მეტყველებდნენ - არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. ვარ ადამიანი, რომელიც ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, მიყვარს ჩემი სკოლა და ბავშვები. თავიდან სკოლაში ჩემი პირველი ნაბიჯები მასწავლებლობით დაიწყო, თუმცა გეტყვით, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ექიმობა იყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მშობლებს არ სურდათ ექიმი ვყოფილიყავი და ამიტომ გავხდი მათემატიკოსი. საკუთარი გამოცდილებიდან, მშობელი არასოდეს უნდა ჩაერიოს შვილის პროფესიულ არჩევანში და ზოგადადაც. არასოდეს მქონია ამბიცია იმის, რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი, ეს ალბათ ბავშვების სიყვარულმა გადამაწყვეტინა.
- ნანობთ, რომ ეს გზა აირჩიეთ?
- არ ვნანობ ჩემს არჩევანს, მიყვარს ჩემი საქმე, თუმცა დღესაც კეთილი შურით მშურს ხოლმე „თეთრხალათიანების“. დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე დავდექით, ნაკლები დრო რჩება ადამიანს სხვა რამეებზე ფიქრის, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი პარალელურად, როგორც მოხალისე ექიმი.
- როგორ ფიქრობთ, როგორი დირექტორი ჰყავს N6 საჯარო სკოლას?
- სკოლის დირექტორ არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ლიდერი იყო. ლიდერს უნდა ესმოდეს აბსოლუტურად ყველა საკითხი, პრობლემა. ჩემთვის მთავარია მოსწავლე და ეს ჩემმა პედაგოგებმა კარგად იციან - ჯერ ორიენტირებული ვარ მოსწავლეზე და შემდეგ, დიდ პატივს ვცემ მასწავლებლებს. სკოლის დირექტორის კარები ყოველთვის ღიაა ყველა მოსწავლისთვის, მათ ნებისმიერ დროს აქვთ ჩემთან შემოსვლის შესაძლებლობა. მე ვარ დირექტორი, რომელიც ბავშვების სურვილებს და მოთხოვნებს ყოველთვის ითვალისწინებს და ასრულებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა