მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექტორის, მაია მეტონიძის პროფესიაზე გავლენა მისმა სკოლამ და მასწავლებლებმა იქონიეს. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურ რეჟიმში მოუწია სკოლის დამთავრება, საოცრად თბილი პედაგოგები ჰყავდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, ბევრი არ უფიქრია რა მიმართულებით გაეგრძელებინა სწავლა - მასწავლებლობა და სკოლაში დარჩენა გადაწყვიტა, რათა, ისეთი გარემო შეექმნა მოსწავლეებისათვის, როგორიც თავად ჰქონდა ბავშვობაში...
მაია მეტონიძე: საამაყოდ მაქვს ის, რომ ქუთაისის მათემატიკის სკოლა-ინტერნატი დავამთავრე, დღეს ცნობილია, როგორც ანდრია რაზმაძის სახელობის N41 საჯარო სკოლა. კომუნისტური რეჟიმის დროს ვიყავი სკოლის მოსწავლე, მაგრამ საოცრად თბილი გარემო იყო ჩვენს სკოლაში - არაჩვეულებრივი დირექტორი და პედაგოგები გვყავდა. დღემდე, როცა მათ ვხვდები, მგონია ჩემს თანატოლებს ვესაუბრები, იმდენად მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთის მიმართ. დირექტორის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე გოგელია მასწავლიდა მათემატიკას, რომელმაც უზომოდ შემაყვარა ეს საგანი. ისეთი სითბო გამომყვა სკოლიდან, ბევრი არ მიფიქრია რომელი პროფესია ამერჩია - მასწავლებლობა გადავწყვიტე. ახლაც, რომ მკითხონ რა პროფესიას აირჩევდიო, ისევ პედაგოგიკას ვიტყოდი. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, მერე გავზარდე შვილები, მყავს ოჯახი; ასევე, მონიჭებული მაქვს ინჟინერ-ფიზიკოსის დოქტორის ხარისხი. ბავშვებს ვასწავლი მათემატიკას და ფიზიკას, მაგრამ ფიზიკაზე წინ მათემატიკას ვერ დავაყენებ. ფიზიკის გაკვეთილს, როცა ვხსნი სხვა განზომილებაში გადავდივარ... უსაზღვროდ მიყვარს ჩემი პროფესია და საქმე, რომელსაც ვემსახურები.
პირველად მუშაობა თბილისის N163-ე საჯარო სკოლაში დავიწყე, სადაც „მოვინათლე“ პედაგოგად, შემდეგ ვიყავი რამდენიმე სკოლაში და ბოლოს მოვედი N117-ში - 2014 წლიდან ამ სკოლის დირექტორი გახლავართ. გულწრფელად მიყვარს ჩემი კოლექტივი და მათთან ურთიერთობა. 86 მასწავლებელია ჩვენს სკოლაში, ყველას გასაჭირი და სიხარული ვიცი. როცა ჩემს კარს შემოაღებენ მაშინვე ვხვდები, ვის რა სტკივა და რა უხარია. რომ არა ეს ადამიანები, დღეს არ ვიცი, როგორ ვიქნებოდი. 33 წლის შვილი გარდამეცვალა და საოცარი მხარდაჭერა მქონდა ჩემი თანამშრომლებისგან, რომ არა N117 საჯარო სკოლა შეიძლება დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი... ჩემთვის დირექტორობა არ არის უფროსობა, ეს - თანამშრომლობაა; კოლექტივის მიმართ გამოხატული სითბო, სიხარული და სიყვარულია. ყველა საფეხური გავიარე და ბოლოს ვიფიქრე დირექტორობაზე. მაინტერესებდა, როგორ შევძლებდი და ის, თუ, როგორ გამომივიდა ეს საქმე, სხვამ შეაფასოს.
- ქალბატონო მაია, თქვენი აზრით, როგორ განახლდება სასწავლო პროცესი?
- დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ერთი რამ შემიძლია ვთქვა - უნდა ავიცრათ! ჩემი მასწავლებლების თითქმის 60 პროცენტი უკვე აცრილია. ამ საკითხს უდგებიან იმ კუთხით, რომ ყველას გვინდა სწავლა სკოლის კედლებში დავიწყოთ. ამას არ სჭირდება ზედმეტი საუბარი და მე მათთან არ მქონია აგიტაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თითოეულმა მათგანმა თავად გაიაზრა აცრის აუცილებლობა და ჩაერთო საყოველთაო ვაქცინაციაში.
- თავად იყავით მასწავლებლებისთვის მაგალითი?
- მე ცოტა გვიან მომიწია აცრა. როცა „ასტრაზენეკა“ შემოიტანა სახელმწიფომ მაშინ მინდოდა, მაგრამ ანალიზებმა აჩვენა, რომ ანტისხეულები მქონდა მაღალი და ამიტომ ვერ ამცრეს. ივლისში მომიწია პირველი დოზის გაკეთება, რამოდენიმე დღის წინ მეორეც გავიკეთე და უკვე, კოვიდპასპორტიც მაქვს. ძალიან კარგად გადავიტანე აცრა. არც პირველ დოზაზე მქონია გვერდითი მოვლენა და არც - მეორეზე. მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა. ჩემამდე აიცრა მასწავლებელთა ნაწილი, არიან ისეთები, ვისთვისაც არ შეიძლება ვაქცინა ჯანმრთელობის გამო და ეს ფორმა 100-შიც მითითებული აქვთ. უნდა გავუფრთხილდეთ არა მარტო, საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს და ნათესავებს. თუ იმის შეგნება არ აქვს ადამიანს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე თავად მივიდეს და ვინმემ დააძალოს, მასზე დადებითი წარმოდგენის შექმნა გამიჭირდება. ძალდატანებით არ უნდა მოხდეს ეს პროცესი, თვითშეგნებით და საკუთარი სურვილით უნდა გაიკეთონ ვაქცინა მასწავლებლებმა.
- სწავლა, რომ სკოლაში განახლდეს პედაგოგების და მშობლების ვაქცინაცია გამოსავალია?
- რა თქმა უნდა, აუცილებელია ორივე კატეგორიის აცრა, რადგან ჩვენ არ ვიცით სკოლაში ვინ რა ინფექციის მატარებელია, არც ის ვინ შეიძლება გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო. „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“.
- პირველკლასელთა რეგისტრაციამ, როგორ ჩაირა?
- წელს გათვლილი გვქონდა 6 პარალელი გაგვეხსნა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ახლოს სხვა სკოლებიც არის, მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, იძულებულები გავხდით მე-7 პარალელი დაგვემატებინა. ამ ეტაპზე 176 პირველკლასელი გვყავს. რეგისტრაციამ ძალიან კარგად ჩაიარა.
- რთული იქნება პირველკლასელებისთვის დისტანციური სწავლება?
- პირველკლასელებს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ყველაზე რთული მათთვის არის ამ პროცესების აღქმა. მათთვის პირველი დღეა დასამახსოვრებელი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ. აუცილებელია, ეს ბავშვები მაინც შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს სკოლაში, მაგრამ როგორი სიტუაცია იქნება სასექტემბროდ რთული წარმოსადგენია. არ გამოვრიცხავ, ქვეყანაში ეპიდმდგომაროების დამძიმებას. შარშან ოქტომბერში დავიწყეთ სწავლა. წინასწარ დავიბარეთ კლასები, მშობლები და ღია სივრცეში გადავეცით სახელმძღვანელოები და „ბუქები“. იქედან გამომდინარე, რომ მშობლებს და ბავშვებს აინტერესებდათ რა ხდებოდა სკოლის შენობაში, სხვადასხვა დროს გვქონდა მათთან შეხვედრა და ვათვალიერებინებდით გარემოს.
სკოლის ყოველდღიური დეზინფექცია მაღალ დონზე ტარდებოდა - სასწავლო პროცესშიც კი ორჯერ ვახერხებდით. საკლასო ოთახებში, დერეფნებში, რა თქმა უნდა, სადეზინფექციო სითხეები გვქონდა განთავსებული. სანიტარული ნორმები მოწმდებოდა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე, განათლების სამინისტროც აწარმოებდა მონიტორინგს. მიხარია, რომ მათგან შენიშვნა არ მიგვიღია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 1700-მდე ბავშვი სწავლობს, სკოლის დახურვის საჭიროება არ ყოფილა. წერტილოვანი შეზღუდვების დროს, მხოლოდ, რამდენიმე კლასი დავკეტეთ. ჰიბრიდული მოდელით ვსწავლობდით, მაქსიმალურად დავიტვირთეთ მასწავლებლები, მაგრამ სკოლა მოსწავლის გარეშე ცარიელი კედლებია, რომლის ყურებაც ძალიან რთულია. ამიტომ, არ დაგვიზოგავს ენერგია, რომ ეს კედლები ცარიელი არ ყოფილიყო. გაგვიჭირდა, მაგრამ მშვიდობიანად ჩავამთავრეთ სასწავლო წელი. იმედი მაქვს, ახალ სასწავლო წელს მშვიდობიანად შევხვდებით.
- ის პრობლემები, რაც დისტანციური სწავლების დროს გქონდათ, წელსაც იქნება, როგორ ფიქრობთ?
- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ყველა მოსწავლეს, ვისაც პრობლემა ექმნება საგაკვეთილო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. მე-10-მე-11 კლასამდე თითქმის ყველას „ბუქები“ აქვთ, მარგამ ტექნიკა ვერ უძლებს წლებს, ზოგს ინტერნეტი არ მიეწოდება გამართულად და ასე შემდეგ. ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, ვცდილობდით სკოლაში მოგვეყვანა და ინფორმატიკის კაბინეტიდან ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. იქედან გამომდინარე, რომ კომპიუტერების დეფიციტი არ გვაქვს, ვცდილობთ ჩვენი ტექნიკა მოსწავლეებისათვის მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი.
ზოგადად, დისტანციური სწავლების დროს მასწავლებელს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე მოსწავლეს. სასკოლო სივრცეში გაცილებით მარტივია მუშაობა. ონლაინ გაკვეთილის ჩატარება პრეზენტაციის გარეშე შეუძლებელია. თავად ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი ვარ და ვიცი ეს რა სირთულესთან არის დაკავშირებული. თან, ამ ყველაფერს დიდი დრო მიაქვს.
- ანუ, მასწავლებლის შრომა გაიზარდა?
- ნამდვილად. დღეს დიდი დატვირთვა აქვს პედაგოგს. ამბობენ, ონლაინ სწავლების დროს ბავშვებმა პროგრამა ვერ დაძლიესო და სწავლის დონე დაეცაო, ასე არაა. ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ, მათთვის არაფერი ყოფილა დაუძლეველი და მშვენივრად მივიდნენ ბოლომდე. წელს 9 მედალოსანი - გვყავდა 7 - ოქროს, 2 - ვერცხლის. საკმაოდ მაღალი ქულებიც აიღეს ეროვნულ გამოცდებზე ბავშვებმა. კი, რეპეტიტორებთანაც დადიოდნენ, მაგრამ სკოლის დამსახურებაც დიდია. თუ საფუძველი არ აქვს ბავშვს ერთ წელში შედეგს ვერ დადებს.
- იმის ფონზე, რომ მასწავლებლის შრომა გაიზრდა, რამდენად დაფასდა ეს პროფესია?
- ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა ვერც იმას, რომ შრომის ანაზღაურება იმის მიხედვით გვეძლევა, რასაც ვაკეთებთ. ნამდვილად ხედავენ რასაც ვაკეთებთ და იციან, რა რთული პროფესიაც გვაქვს.
- მშობელთა ჩართულობა, როგორია დისტანციური სწავლების დროს?
- დისტანციური სწავლებისას გაცილებით მეტია მშობელთა ჩართულობა, რადგან უნებლიე მონაწილეები ხდებიან საგაკვეთილო პროცესის. ხანდახან ძალით ვერ მოიყვან მშობელს სკოლაში და ასეთი რეჟიმის დროს, უნებურად ერთვებიან. სხვათა შორის, დიდ ინფორმაციასაც იღებენ, როგორც საკუთარ შვილებზე, ასევე მასწავლებლებზე. არაერთი მშობელი დამიკავშირდა და კარგთან ერთად, ისიც მითხრა, თუ რა გვქონდა გამოსასწორებელი. ჩვენ გვჩვევია მშობლებთან ამ მიდგომით მუშაობა და მიყვარს მათთან გულახდილი საუბარი. მშობელს მისი შვილისთვის კარგი უნდა, შესაბამისად, იმ სკოლისთვისაც, სადაც მისი შვილი სწავლობს. მშობელი ყოველთვის სიმართლეს გეუბნება, ამიტომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან. ჩემი შვილიშვილიც მე-2 კლასში გადადის და მეც უნებლიე თანამონაწილე ვიყავი მისი გაკვეთილების.
- მშობლები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას აქტიურობდნენ?
- კი, როგორ არა, იყო მსგავსი შემთხვევებიც. ზოგის ბებია-ბაბუაც ერთვებოდნენ ხოლმე. ამ ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ, ბუნებრივია, სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელება გვირჩევნია . თუ მოგვიწევს დისტანციური სწავლება, ალბათ დაიხვეწება მშობლის და ჩვენი კულტურაც.
- „მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის“ დანერგვის პროცესში ჩართულები ხართ?
- ჩვენი სკოლა არ არის ჩართული და წელს დიდი მოლოდინი გვაქვს. პედაგოგი ბუნებით მაინც ნოვატორია და ყოველთვის სიახლეების ძიებაშია. თუ მმართველიც მათ სწორ მიმართულებას მისცემს, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად წარიმართება. ვფიქრობ, აღნიშნული მოდელი კარგია და ველოდებით ჩართვას.
- პედაგოგების გამოცდები დასრულდა და როგორი შედეგები აქვთ თქვენს მასწავლებლებს?
- ჩემი სკოლიდან ორი მაძიებელი მასწავლებელი იყო გასული და 7 კრედიტის ქულები აქვთ აღებული. დანარჩენი ყველა უფროსია.
- თქვენს მასწავლებლებს გამოცდების მიმართაც პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონიათ...
- კი, სხვათა შორის. ჩვენი სკოლა არის საგამოცდო ცენტრი და მათთან თანამშრომლობამ დიდი გამოცდილება მოგვცა გამოცდების მხრივ. გამოცდაზე გასვლის სურვილი ყოველთვის ყველა მათგანს ჰქონდა.
- სოცმუშაკების აუცილებლობას რამდენად ხედავთ სკოლებში?
- ჩვენთან ჯერ არ შემოსულან, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია. ჩვენი სკოლა დიდია და რთულია არ გამოგეპაროს რაღაც დეტალები. სწორედ ამიტომ, სოციალურ სამსახურთან ურთიერთობა დაგვეხმარება რიგი პრობლემების მოგვარებაში. დადებითად ვარ განწყობილი მათ მიმართ.
- ამ სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება გაქვთ?
- კი, მქონდა ასეთი შემთხვევა. ჩვენს მოსწავლეს დედა გარდაეცვალა, მამა უცხოეთში მუშაობდა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩამოვიდა. ამ ბავშვს სოცმუშაკი ხშირად აკითხავდა და ამოწმებდა მის მდგომარეობას. აუცილებელი და საჭირო კადრია სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა