სიახლეები
სამასწავლებლო

„მოსწავლეებსაც და მშობლებსაც ვურჩევდი, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დისტანციურ სწავლებას“ - დირექტორების რჩევები დისტანციურ სწავლებაზე
26-08-2021
-
+


ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ახალი სასწავლო წელი კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდეს. რა რჩევებს მისცემდნენ მშობლებსა და მოსწავლეებს დირექტორები, ამის გასაგებად etaloni.ge საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა.

ზაურ პავლიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს ვურჩევდი, როგორც არის ცხრილი შედგენილი იმის მიხედვით დროულად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში; მათ მშობლებს კი ვეტყოდი, რომ ბავშვებს მიაქციონ ყურადღება, რათა დროულად ჩაერთონ გაკვეთილებზე და არ დააგვიანონ.

ზურაბ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი რჩევა ის იქნება, რომ მშობელიც აქტიურად მონაწილეობდეს დისტანციურ სწავლებაში. მათი როლი სასკოლო ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია, უნდა უზრუნველყონ ინტერნეტის გამართულობა და ბავშვების დროული ჩართვა. მოსწავლე უმეთვალყურეოდ არ უნდა იყოს. ბავშვებს კი ვეტყოდი, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სწავლას. უფროსკლასელები უფრო აქტიურად ერთვებიან და სწავლობენ, თუმცა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სჭირდებათ მშობლის დახმარება.

ოთარ ვანაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი რჩევაა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთანაც, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ სწავლისადმი. დროულად უნდა ჩაერთონ დისტანციურ გაკვეთილებზე და დრო ტყუილად არ დაიკარგოს. სკოლა სწავლაში მათ მაქსიმალურად ხელს უწყობს, თუნდაც იმით, რომ აქვთ უფასო წიგნები და ამ მხრივ პრობლემები არ ექმნებათ. მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოიჩინონ ბავშვებმაც და მათმა მშობლებმაც.

ვასილ ქეშელაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის დირექტორი:

იმედია, სწავლა დისტანციურად არ დაიწყება, თუმცა თუ ასე მოხდა შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, მშობლებს ვურჩევდი მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და სწავლის პერიოდში გააკონტროლონ შვილები. დაეხმარონ და ხელი შეუწყონ მოსწავლეებს, კარგად ვიცით ახლა ყველას კომპიუტერი თუ არა ტელეფონი მაინც აქვს.  მშობლებმა შვილები უნდა აკონტროლონ, რომ იმ დროს, როდესაც საგნები აქვთ ჩანიშნული სხვა რამით არ იყვნენ გართულები და როგორც სკოლაში ყოფნის დროს იქცევიან, ანალოგიურად მოიქცნენ.

მარინა ხუჭუა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლის დირექტორი:

ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები... სასურველი ნამდვილად არ არის, რომ დისტანციური სწავლება იყოს ისევ, რადგან ბავშვებს ძალიან ბევრი აკლდებათ. მსგავსი სწავლება არც მოსწავლისთვის და არც პედაგოგისთვის ხელსაყრელი არ არის, მასწავლებლებიც ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ისე კი, მშობლებსაც და მოსწავლეებსაც ვეტყოდი, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ და მასწავლებლებს მაქსიმალურად დაგვეხმარნონ, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

რუსუდან ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი:

სწავლა თუ დისტანციურად განახლდა, მშობლებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალური ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ დისტანციურ სწავლებას; დროულად უზრუნველყონ თავიანთი შვილების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა. ჩემს მოსწავლეებს კი ვეტყოდი, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ შარშან გვქონდა შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები ძლივს შემოგვყვავდა დილის გაკვეთილებზე, რადგან ეძინათ და არც მშობლები აღვიძებდნენ. ორივე მხარე მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს დისტანციურ სწავლას.

კონსტანტინე ხორგუანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

დიდი იმედი მაქვს, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, მაგრამ ასე თუ არ მოხდა მშობლებს ვურჩევდი, ბავშვები უზრუნველყონ ინტერნეტითა და კომპიუტერით, რომ მოსწავლეს შეეძლოს გაკვეთილზე დასწრება. ჩვენთან მაგალითად პრობლემას ინტერნეტი წარმოადგენს, ყველა სოფელში ხომ არ არის ეს ხელმისაწვდომი?! მე წინა წელს მშობლებს ვურჩიე, რომ ინდივიდუალური მოდემები შეეძინათ, რათა მათ შვილებს შესძლებოდათ გაკვეთილებზე დასწრება.

ციალა ძნელაძე, აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი:

სწავლა დისტანციურად თუ დაიწყება, მშობლებმა თავიანთი შვილები უნდა აკონტროლონ, იმიტომ რომ ბავშვი მარტო როდესაც ზის კომპიუტერთან ან ტელეფონთან ძალიან ბევრი უყურადღებობას იჩენს. არიან მოწესრიგებული მოსწავლეები, რომლებიც დისტანციურ რეჟიმშიც ძალიან კარგად სწავლობენ, თუმცა ძალიან ბევრი ონლაინ გაკვეთილებზე მხოლოდ გასართობად შემოდის. ასეთ ბავშვებს მშობელი გვერდით უნდა დაუჯდეს, თუ უნდა მისმა შვილმა ისწავლოს. მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ მეტი ყურადღებით და მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ, რათა უსწავლელები არ დარჩნენ და წლები უქმად არ დაკარგონ. არიან ისეთი მშობლები და მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ საშუალება ტექნიკა შეიძინონ, მაგრამ ისეთებიც არიან, რომლებსაც ტელეფონები მარტო გასართობად უნდათ... ვეტყოდი, რომ ძვირადღირებული ტექნიკა გამოიყენონ საქმისთვის და არა სათამაშოდ.

ზვიადი გაბრიჭიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის დირექტორი:

დისტანციურად თუ განახლდა სწავლა, ჩემი რჩევა იქნება, რომ მშობლებმაც და მათმა მოსწავლე შვილებმა მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. ონლაინ სწავლებისას დროულ ჩართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა სხვა ბავშვებს ან მასწავლებლებს მათი ჩაურთველობით პრობლემა არ შეექმნათ.

ელისო დოღაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლის დირექტორი:

დისტანციურად სწავლა თუ განახლდება, მშობლებს ბავშვების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ერთვებიან და ცელქობენ, ხან გამორთული აქვთ ვიდეო თვალი, ხან ვითომ არ ესმით...მასწავლებლებს ძალიან გვჭირდება მშობლების მხარდაჭერა. ჩემს მოსწავლეებს კი ვეტყოდი, რომ ყველა ძალიან მიყვარს და ერთი სული მაქვს დაიწყოს სწავლა და ჩავეხუტო მათ. ძალიან მენატრება მათთან ურთიერთობა, პატარა სკოლა გვაქვს და თითოეული მათგანი, როგორც საკუთარი შვილი, ისე მიყვარს.

იამზე ლატარია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლის დირექტორი:

დისტანციური სწავლება არაფრის მომტანია, არც მოსწავლისთვის, არც მშობლისთვის და არც მასწავლებლისთვის. ონლაინ სწავლება მე თუ მკითხავთ, თავის მოტყუებაა მხოლოდ... ჩემი რჩევა ის იქნება, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ მშობლებმა შვილების მიმართ.

ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

დისტანციური სწავლის დროს მთავარია ეს სამკუთხედი - მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელი ერთად იდგნენ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა გარკვეულ კომპონენტებში ცოცხალ სწავლებასაც კი აჯობოს დისტანციურმა რეჟიმმა. მშობელი აუცილებლად საქმის კურსში უნდა იყოს, თუ რა მოთხოვნები აქვს მასწავლებელს და ბავშვს რა სურვილი ამოძრავებს. მშობლებმა ასე ვთქვათ, შუამავლის როლი უნდა იკისრონ სკოლასა და მოსწავლეს შორის, თუ ასე იქნება, მაშინ შედეგიც დადგება.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება