სიახლეები
სამასწავლებლო

„უფრო ადრეც რომ დაენერგათ, უკეთესი იქნებოდა“ - სკოლის დირექტორები დიფერენცირებულ სწავლებაზე
02-09-2021
-
+


შესაძლოა საქართველოს სკოლებში საშუალო საფეხურზე დიფერენცირებული სწავლება ამოქმედდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით, აირჩიონ ის მიმართულება, რომელსაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან. კერძოდ, ტექნიკური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მიმართულებით ისწავლონ. აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა სხვა საგნების სასწავლო პროცესიდან ამოღებას არ გულისხმობს. Etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ სკოლების დირექტორები ამ მიდგომაზე და მათი აზრით რამდენად განხორციელებადია იგი მათ სკოლაში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი დამენია:

„დიფერენცირებული სწავლება კარგია, მაგრამ ყოველთვის მისაღები არ არის. თუ დიდი განსხვავებაა სწავლების დონის მიხედვით მოსწავლეებს შორის, მაშინ აუცილებელია დიფერენცირებული სწავლება გამოიყენებოდეს. ჩვენი სკოლა მცირეკოტინგენტიანია და კადრების მხრივ მაინც გვაქვს პრობლემა, მაგრამ, ერთი მხრივ, რადგან მოსწავლეებიც ცოტანი არიან, ეს გვიწყობს ხელს, რომ სასწავლო პროცესში ინდივიდუალური მიდგომა და დიფერენცირებული სწავლება გამოვიყენოთ.  მოსწავლეების ინტერესებს თუ გაითვალისწინებს მასწავლებელი, რა თქმა უნდა, მათი მოტივაცია და სწავლის დონის ხარისხი გაიზრდება.“

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი რამიზ რამაზანოვი:

„ყველა მოსწავლე სხვადასხვანაირია და რაღაცის ასათვისებლად ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. ყველა პროგრამა მთლიანად მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს და დიფერენცირებული მიდგომა, ამ მხრივ, კარგია.“

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა:

„მესამე საფეხურზე, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ დიფერენცირებული სწავლების. დაბალ კლასებშიც რომ ასე იყოს, კარგი იქნებოდა. მომხრე ვარ იმისაც, რომ განმავითარებლი შეფასება იყოს და არა განმსაზღვრელი, ანუ ნიშნებით შეფასება. ვემხრობი იმიტომაც, რომ ბავშვები თავიანთი სურვილის მიხედით ისწავლიან და შესაბამისად, იმას აითვისებენ, რაც მათ აინტერესებთ და რისკენაც აქვთ მიდრეკილება. ამ მიდგომის დასანერგად მე კადრები მყოფნის და მიმაჩნია, რომ ამ მიდგომის დანერგა დაგვიანებულიცაა. აქამდეც რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, რომ თაობებისთვის უკეთესი იქნებოდა. მგონია, რომ საქართველოს სკოლებში დამკვიდრებადი მიდგომაა. “

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა:

„დიფერენცირებული მიდგომა სკოლებში ადრეც მოქმედებდა და ახლაც აუცილებელია. ჩვენ სკოლაში გარკვეულწილად, ვიყენებთ ამ მიდგომას. იგი უფრო მეტადაა მოსწავლეების ინტერესებს მორგებული და საიმისოდ, რომ ეს მიდგომა გამოვიყენოთ, კადრებიც საკმარისია ჩვენს სკოლაში.“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი სალომე ლომიძე:

„ძალიან კარგია ეს მიდგომა, განსაკუთრებით თუ ზედა კლასებში დაინერგება. სხვათა შორის, სკოლა რომ დავამთავრე მეც ჰუმანიტარებში ვიყავი და ძალიან კარგი იყო იმიტომ, რომ აქცენტი იმ საგნებზე კეთდება, რაც ბავშვს სჭირდება იმისთვის, რომ მერე უმაღლესში ჩააბაროს. თუ ისევ ეს მიდგომა დაინერგება მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში, მივესალმები, ძალიან კარგი და შედეგის მომცემი იქნება. ბავშვები ამით მხოლოდ მოხარული იქნებიან იმიტომ, რომ ხშირად მესმოდა წუწუნი, მე-12 კლასში რაღად გვინდა ფიზიკა, ამას ხომ აღარ ვსწავლობთ ან რაღაც კონკრეტული საგანი რაში მჭირდება, მე ხომ სხვაგან ვაბარებ და ასეთი უკმაყოფილება ყოფილა ბავშვებში. დიფერენცირებული სწავლება მათთვის უკეთესი იქნება, ორიენტირდებიან იმ საგნებზე, რაც სჭირდებათ და აღარ მოემზადებიან დამატებით. იმიტომ, რომ ძირითადად იმ საგნების სწავლება გააქტიურდება, რაც მათ სჭირდებათ.“

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის დირექტორი ვასო რატიანი:

„35 წელია, რაც სკოლაში ვარ და ყოველთვის ვემხრობოდი დიფერენცირებულ სწავლებას. იმიტომ, რომ მოსწავლე, რომელიც სკოლაში დადის, ყველა საფეხურზე ყველა საგანს არ უნდა სწავლობდეს. მათ უბრალოდ არ სჭირდებათ ეს საგნები. რა თქმა უნდა, საბაზო ცოდნა ყველა საგანში უნდა ჰქონდეთ, თუმცა გაღრმავებულად და კონკრეტულად ის მიმართულებები უნდა ისწავლოს, რაც მას აინტერესებს. მე ვფიქრობ, მიდგომა ცოტა განსხვავებული უნდა იყოს იმიტომ, რომ პერიფერიის სკოლას არ აქვს ის შესაძლებლობები, ის ბაზისი, რაც ქალაქის სკოლებს აქვთ. ეს ადამიანური რესურსი იქნება თუ სხვა რამ. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, უფრო კარგად დაინერგებოდა, რა თქმა უნდა, დიდ სკოლებში, რადგან იქ ამის საშუალება არის. მე ამ მიდგომას მივესალმები და უფრო ადრეც რომ დაენერგათ, უკეთესი იქნებოდა“

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ სირბილაძე:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და აქ მისაღები და კარგია ეს მიდგომა. რაც მთავარია, შედეგიანია. სკოლაში ცოტა მოსწავლე გვყავს და დიფერენცირებული სწავლება მიმდინარეობს კიდეც მათთან. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი ბევრად უფრო მეტადაა მორგებული მოსწავლეების ინტერესებსა და მისწრაფებებზე.“

აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ესიავა:

„სასურველია ეს მეთოდი მაღალ კლასებში დაინერგოს, რადგან მოსწავლეების მიდგომა და ხედვა განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, სწავლებაც შესაბამისი უნდა იყოს. ჩვენს სკოლაში ყველანაირად ვცდილობთ, რომ დიფერენცირებული სწავლება დავნერგოთ. შესაბამისად, ამ მიდგომას მთლიანად ვეთანხმებით. ვცდილობთ, ინდივიდუალური მიდგომები გამოვიყენოთ. დიფერენცირებული სწავლება უკეთესი იქნება მოსწავლეებისთვის და ეს სამომავლოდ კარგ შედეგს გამოიღებს.“


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება