მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა მოლოდინებია ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება დისტანციური სწავლება დაწყებით საფეხურზე, ექნებათ თუ არა მასწავლებლებს წელსაც რთული რეჟიმი, არის თუ არა კიდევ, სტიგმა სსსმ მოსწავლეებთან დაკავშირებით, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექტორი, შოთა მალაზონია გვესაუბრა.
შოთა მალაზონია: შარშანდელმა წელმა ბევრი რამ გვასწავლა. იყვნენ მასწავლებლები, რომლებსაც უჭირდათ დისტანციურად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, თუმცა, ვფიქრობ, წელს ეს პრობლემა არ გვექნება. ჩვენ ხუთი ახალი მასწავლებელი მივიღეთ, რომლებიც თავისუფლად იმუშავებენ ონლაინ. რაც შეეხება ტექნიკას, ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და მოსწავლეებზე ინფორმაციას ვაგროვებთ. პირველ თათბირზე ვთხოვე მასწავლებლებს მშობლებთან დაკონტაქტება და მდგომარეობის შესწავლა. ამის მიხედვით განვსაზღვრავთ ვის, რა დახმარება სჭირდება.
-გასულ წელს იყო ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემა?
-მოსწავლეთა 98 პროცენტი ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში, იყვნენ ისეთები, რომლებსაც ჰქონდათ ეს პრობლემა და მასწავლებლები მობილური ტელეფონის მეშვეობით ახერხებდნენ მათთან მუშაობას, რაც დამეთანხმებით, რთულია. ისიც უნდა ითქვას, არიან მოსწავლეები, რომლებსაც ტექნიკის პრობლემა არ აქვთ, თუმცა მაინც არ ერთვებიან. მსგავსი შემთხვევები პირისპირ სწავლების დროსაც არის, როცა სკოლას აცდენენ ბავშვები. ასეთ დროს მშობლებთან ვმუშაობთ - დამრიგებლის ვალდებულებაა დაუკავშირდეს მშობელს და გაარკვიოს მიზეზი.
-როგორ უკვე ცნობილია, პირველკლასელები სწავლას პირისპირ დაიწყებენ. არსებული ვითარებიდან გამომდიანრე, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ეს?
-სწორი და საჭირო გადაწყვეტილება იყო. სკოლა მხოლოდ განათლების მიღებას არ გულისხმობს, ეს არის ურთიერთობებზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ურთიერთობა და სოციალიზაცია კი, ყველაზე მეტად პირველკლასელს სჭირდება, გადამწყვეტიც კი არის მათთვის. მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას და სამწუხაროა, რომ ყველა კლასში ვერ ხერხდება პირისპირ სწავლება.
-დაწყებითი საფეხურის შემთხვევაში, როგორ წარიმართება დისტანციური სწავლება?
-შარშანდელი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, როგორ უნდა მივუდგეთ მათ. გასულ წელს გაცილებით რთული იყო ეს საკითხი, როდესაც პირველად დავდექით ფაქტის წინაშე. წელს 5 პარალელური პირველი კლასის მიღება შევძელით - ორ ცვლაში ვმუშაობთ და მეტის საშუალება არ გვქონდა, თუმცა მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო. მათთვის გადასაცემი წიგნები უკვე მივიღეთ და ველოდებით „ბუკებს“.
-მშობელთა ჩართულობა როგორია ონლაინ-სწავლებისას?
-მადლობელი ვარ მშობლების, რომ არა მათი მონდომება, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, ძალიან გაგვიჭირდებოდა. თუმცა, აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ზოგჯერ მშობელი ზედმეტად ერევა ბავშვის სასწავლო პროცესში, „დათვურ სამსახურს უწევს“ და მის ნაცვლად ასრულებს დავალებებს. ბუნებრივია, ამას მასწავლებელი ხვდება და სთხოვს, რომ არ ჩაერიოს ამ პროცესში ზედმეტად, რადგან ეს ბავშვისთვის არ არის სასარგებლო. მეორე არის ის, რომ კარნახობენ ბავშვს პასუხებს, ხშირად ბებია-ბაბუები უფრო, თავადაც მასწავლებელი ვარ და ხშირად მქონია მსგავსი ფაქტები.
სასიხარულოა, როცა მშობელი დაინტერესებული და ჩართულია, მაგრამ მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობას უნდა მივაჩვიოთ. დისტანციური სწავლებისას მშობლებმა დაინახეს, მასწავლებლების შრომა. ამ ფორმატმა მასწავლებლის პასუხისმგებლობაც გაზარდა, რადგან მას ახლა უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს - მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები.
-ამის ფონზე, რამდენად დაფასდა მასწავლებლის საქმიანობა?
- ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა უმადურობაა. არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარ წარმოდგენას ვერაფერი შეაცვლევინებთ. ისეთები, რომლებიც ყველაფერს კრიტიკული თვალით უყურებენ, მაგრამ ამას თავისი მიზეზებიც აქვს: სოციალური ფონი, ოჯახური პრობლემები. ჩვენ, პედაგოგებმა, ეს ყველაფერი კარგად ვიცით და თან იმის გამო არ ვშრომობთ, რომ ვინმემ შეგვაქოს.
-მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოდელის დანერგვაში ჩართული ხართ?
-დიახ და, როგორც მასწავლებელს ძალიან მომწონს. უფრო მეტი თავისუფლება აქვს, როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს. კომპლექსური დავალება სულ სხვა საქმეა, აქ ერთი პრობლემაა, მოსწავლის უკუკავშირი. თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და რამდენად მოესწრება, როცა 30 ბავშვია კლასში? დიდ დროს მოითხოვს. ამან გამოიწვია გაურკვევლობა და უკმაყოფილება მასწავლებლებში. დანარჩენი ყველაფერი კარგია. შესანიშნავია ისიც, რომ ვთანამშრომლობთ რეფორმის ორგანიზატორებთან და ძალდატანებით არ ხდება საქმის გაკეთება.
-მოსწონთ მასწავლებლებს ეს რეფორმა?
-მოსწონთ. ჩვენ პანდემიის პერიოდში ჩავერთეთ ამ პროექტში და ეს იყო დიდი სტრესი, თუმცა პედაგოგებმა კარგად გაართვეს თავი. უმჯობესი იქნებოდა სხვა დროს ჩავრთულიყავით. ზოგადად, ამ მოდელით როცა არის სწავლება, გაცილებით მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს მასწავლებელს - ნაკლები საათები. დიდ შრომას მოითხოვს ინდივიდუალურად მოსწავლესთან ამგვარი ფორმატით მუშაობა. ჩვენს სკოლაში ორ ცვლიანი სწავლებაა, ზოგი მასწავლებელი ორივე ცვლაშია, გარდა ამისა, ზოგი რეპეტიტორია, ზოგს ოჯახი ჰყავს და მინიმალური დრო რჩება სკოლის მიღმა. მასწავლებლის ხელფასი იზრდება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ დატვირთვაც უნდა შემცირდეს, როცა ამ რეფორმაზე ვსაუბრობთ.
აღნიშნული მოდელის ფარგლებში, გასულ სასწავლო წელს გავაკეთეთ ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ეკოლოგიას და დაბინძურებას ეხებოდა - ჩვენი სკოლა ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს და აქედან გამომდინარე, შეირჩა თემა. თითქმის ყველა პედაგოგი იყო ჩართული. ყველგან შეიძლება იყოს ისეთი მასწავლებელი, რომელიც სიახლეების მომხრე არაა, მაგრამ ასე არაფერი გამოვა - თანამშრომლობით მიიღწევა საბოლოოდ შედეგი და არა - ძალდატანებით. სიახლეები მნიშვნელოვანია. მე მომწონს ეს მოდელი.
-რამდენად რთული იყო მასწავლებლებისთვის გაკვეთილების ჩატარებასთან ერთად ტრენინგებზე დასწრება?
-ამ რეჟიმის გაძლება იყო რთული და ზოგი უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა. თავად ტრენინგი ყველას მოსწონდა, უბრალოდ დროის დეფიციტი ჰქონდათ.
-დისტანციურად შესაძლებელია ამ მოდელით სწავლება?
-შესაძლებელია. ამ შემთხვევაში საჭიროა მასწავლებლმა კარგად იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა. ამაშიც ცალკე უტარდებოდათ მათ ტრენინგები. პირისპირ სწავლებას ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ონლაინ-რეჟიმშიც შეიძლება ამ მოდელით მუშაობა. მეც მაქვს ამის გამოცდილება - ისტორიის პედაგოგი ვარ.
-მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. კმაყოფილები არიან თქვენი პედაგოგები?
-5 მასწავლებელი გადიოდა ჩვენგან, ორი მოწვეული გვყავდა და სამწუხაროდ, სპორტის მასწავლებელმა ვერ აიღო 10 კრედიტი. სკოლაში 3 პრაქტიკოსი მასწავლებელი გვყავდა და ახლა, ყველა სერთიფიცირებულია.
-როგორ ფიქრობთ პრაქტიკოსებს და მაძიებლებს არათანაბარ პირობებში უწევთ გამოცდების ჩაბარება?
-ვფიქრობ, კარგია რომ მეტი მოთხოვნაა. როგორც გითხარით, 5 ახალი მასწავლებელი მივიღე და ყველა ერთმანეთზე უკეთესია. გავლილი აქვთ 60 კრედიტიანი პროგრამები და მართლა, კარგი კადრები არიან. მადლობელი ვარ იმ უმაღლესი სასწავლებლების, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ.
-სოციალური მუშაკების სკოლაში შემოსვლის საკითხზე რას ფიქრობთ?
-სოცმუშაკები ჩვენთან ჯერ არ შემოსულან, თუმცა მე ვთანამშრომლობ ისედაც მათთან. ჩვენ გვყავს 39 სსსმ მოსწავლე, ეს ჩვენი სკოლის ნიშაა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ოთხი სპეცმასწავლებლიდან ყველას სტატუსი აქვს.
-რა შეიცვალა იმ სტიგმასთან დაკავშირებით, რაც წლების წინ არსებობდა სსსმ მოსწავლეების მიმართ?
-ეს საკითხი ძალიან კარგად ვიცი, რადგან ინკლუზიური განათლების სადავეებთან ვიდექი, ჯერ კიდევ თბილისის 62-ე სკოლაში. მახსოვს ის პერიოდი, როცა საპილოტე სკოლები შეირჩა ამ მიმართულებით და ერთ-ერთი ვიყავით ჩვენ. მშობლების უმეტესობა ამ ამბავს ცუდად შეხვდა. გაბრაზებულები მეუბნებოდნენ, როგორ გავბედე და ასეთი მოსწავლე დავუსვი მისი შვილის კლასში... სულ ვამბობ, ინკლუზიური განათლება გადაარჩინეს თავად ბავშვებმა, თანაკლასელებმა, რადგან მათ ჰქონდათ საოცარი დამოკიდებულება თავიდანვე - დიდი სიყვარულით მიიღეს თანატოლები და გვერდით დაუდგნენ. იმასთან შედარებით რაც წარსულში იყო, ვფიქრობ, დღეს დიდი მიღწევები გვაქვს. მასწავლებელიც უფრო მომზადებულია თეორიულად და საზოგადოების ცნობიერებაც გარკვეულწილად ამაღლდა. სამინისტრომ კარგი გადაწყეტილება მიიღო, როცა ყველა სკოლა ვალდებული გახადა მიეღო სსსმ მოსწავლე და უფრო მეტიც, რეგისტრაცია პირველ კლასში ამ ბავშვებით დაწყებულიყო. სამწუხაროდ იყო სკოლები, რომლებიც თავს არიდებდნენ სსსმ მოსწავლეების მიღებას და ახლა უკვე ვალდებულები არიან.
-რამდენი ხანია, რაც განათლების მიმართულებით მუშაობთ?
-ძალიან დიდი ხანია ამ სისტემაში ვმუშაობ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე წითელ დიპლომზე - საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი საავიაციო ქარხანაში. თავიდან მუშა ვიყავი, მერე უბნის უფროსი... პირველად მასწავლებლად მუშაობა N124 საჯარო სკოლაში დავიწყე. N60 საჯარო სკოლა მეექვსეა, სადაც კი მიმუშავია პედაგოგად, ხოლო, როგორც დირექტორს - მესამე. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი ვარ და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს - ადრინდელ სულხან-საბა ორბელიანის ინსტიტუტში ვასწავლიდი. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება სკოლას უკავშირდება, დავიწყე მასწავლებლობით, შემდეგ ვიყავი დირექტორის მოადგილე, ბოლოს დირექტორი - ყველა საფეხური გავიარე.
-საგაკვეთილო საათები ყოველთვის გქონდათ?
-მარტო მაშინ არ მქონდა, როცა კახა ლომაიას მინისტრობის დროს აუკრძალეს დირექტორებს გაკვეთილების ჩატარება. სხვა დროს ყოველთვის ვასწავლიდი. ეს მნიშვნელოვანია დირექტორისთვის, რადგან სამართლიანად შეაფასო მასწავლებელი და მოსწავლეც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა