სიახლეები
ინტერვიუ

„პედაგოგობა ღვთიური უნარია და თითოეულმა მათგანმა უნდა იზრუნოს მის განვითარებაზე“- თბილისის N64 საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა მუქერია
16-09-2021
-
+


ახალი სასწავლო წელი დისტანციურად განახლდა, თუმცა პირველკლასელები სასკოლო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. როგორც ჩანს, წელსაც არაერთი გამოწვევის წინაშე დადგება სასკოლო საზოგადოება. რა მოლოდინებია ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, რას ფიქრობენ პედაგოგები საყოველთაო ვაქცინაციაზე, როგორ წარიმართება სწავლა დისტანციურად, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით თბილისის N64 საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა მუქერია გვესაუბრა.

- პირველკლასელები სწავლას პირისპირ დაიწყებენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება?

- ვფიქრობ, გონივრული გადაწყვეტილებაა. აუცილებელი და საჭირო იყო პირველი კლასი გაეთვალისწინებინათ ამ სიტუაციაში. პირველკლასელის მეხსიერებაში რჩება, სკოლის პირველი დღე, პირველი შეხვედრა მასწავლებელთან, თანაკლასელებთან; სასკოლო სივრცე,  ჟრიამული... ეს ყოველივე აუცილებელია პატარებისთვის. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, გასული წლის გამოცდილებით, მათთან კონტაქტს შევძლებდით. 

- როგორი მოლოდინი გაქვთ ახალი სასწავლო წლისგან?

- სხვა კლასებში სწავლა დისტანციურად დაიწყო და სასკოლო საზოგადოებას ამის პრაქტიკა უკვე აქვს. გასულ წელს დავძლიეთ ყველა გამოწვევა, შესაბამისად, წელს ვფიქრობ, ამ ფორმით სწავლება გაცილებით ეფექტური იქნება. ეს აღარ არის ჩვენთვის სიახლე, როგორც იყო შარშან წინ, გაზაფხულის სემესტრში. ონლაინ სწავლებას მიეჩვია, როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელი და მშობელი.

- როგორ ემზადებოდნენ მასწავლებლები დისტანციური სწავლებისთვის?

- მოსამზადებელი პერიოდი არ არის საჭირო, როგორც პირისპირ სწავლებისას, ამ შემთხვევაშიც გაიწერა ონლაინ ცხრილები და მასწავლებლებმა სამუშაოდ საკუთარი პლატფორმები გამოიყენეს. დისტანციური სწავლება იგივეა, რაც სკოლაში, ჩათვალეთ ონლაინ-სკოლაა, აქაც ისე შედიხარ კლასში, როგორც სკოლის შენობაში. მასწავლებელი კი ყველგან მასწავლებელია.

- დააკმაყოფილებს თუ არა სკოლა არსებულ მოთხოვნებს, რომ 4 ოქტომბერს პირისპირ გააგრძელოთ სწავლება?

- მოთხოვნა არის, რომ პედაგოგთა 80 პროცენტი უნდა იყოს აცრილი და ყოველდღიური მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბალი. ჩვენი სკოლის ვაქცინაციის პროცესი გარკვეული ტემპით მიდის და ვერ გეტყვით, რომ 80 პროცენტი სრულად აცრილი იქნება ოქტომბრისთვის. მიზეზი ისიცაა, რომ ზოგიერთმა პედაგოგმა უკვე გადაიტანა ვირუსი უახლოეს პერიოდში და მისთვის, ამ ეტაპზე, არ შეიძლება აცრა, ზოგს კი - ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ჩვენ ვარაუდით ყურადღება მიექცევა საყოველთაო მაჩვენებელს და იმის მიხედვით გადაწყდება დასწრებული იქნება თუ არა სწავლება.

- უნდა ჰქონდეს თუ არა სკოლას შესაძლებლობა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი ფორმატით გააგრძელებს სწავლებას?

- სკოლას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტოს ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ წარმოვადგენთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ჩვენი ზემდგომი ორგანო, განათლების სამინისტრო და სახელმწიფო, რასაც გადაწყვეტს, იმ რეგულაციებისა და რეკომენდაციების მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, რადგან ჩვენი სათქმელი არის საერთო. მე არ მაქვს უფლება დამოუკიდებლად მივიღო ამ სიტუაციაში გადაწყვეტილება.

- სურვილი, თუ გაქვთ, რომ გქონდეთ ეს უფლება?

- მსგავს სიტუაციაში ვფიქრობ, ყველას ერთი აზრი უნდა ჰქონდეს, რადგან ეს დიდ რისკებთან არის დაკავშირებული - საკითხი ადამიანის სიცოცხლეს ეხება. აქედან გამომდინარე, ერთპიროვნულობა სკოლაში დაუშვებელია და ნებისმიერი გადაწყვეტილება თანამშრომლობით უნდა იყოს მიღებული. 

- პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- სასკოლო საზოგადოების ნაწილში არ მოიაზრება მხოლოდ პედაგოგი. სასკოლო საზოგადოება შედეგება სხვადასხვა ადამიანებისგან: პედაგოგები, თანამშრომლები, მოსწავლეები, ადმინისტრაცია, მშობლები. შესაბამისად, თანაბარი უნდა იყოს მოთხოვნა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მხოლოდ, პედაგოგი რომ აიცრას, ეს არ არის საკმარის, რადგან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. ვფიქრობ, ვაქცინაცია არის გამოსავალი.

- ონლაინ-სწავლების დროს რა სირთულეებს აწყდებიან, როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები?

- წინა პერიოდი უფრო სტრესული იყო. როცა რაღაც ახალია, მასთან ადაპტაცია გჭირდება, რაც ბუნებრივია, დროს მოითხოვს. გარდა ამისა, იყო ემოციური მომენტები, რომელიც პანდემიას უკავშირდება. ამ ამბავში ყველაფერმა თავისი კვალი დატოვა, იყო გართულებებიც, მაგრამ უკვე ყველაფერი მოგვარებულია. მგონი, ადამიანებმა კოვიდთან ერთად ცხოვრებაც ისწავლეს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს დისტანციურ სწავლებას. ამ მხრივ დიდი სირთულე წინა წელსაც არ გვქონია.

- ტექნიკასთან დაკავშირებითაც არა?

- ჩვენ  მეტ-ნაკლებად გავმართეთ ტექნიკური მხარე, სკოლას რა საშუალებაც ჰქონდა მაქსიმუმი ამ საქმეში ჩავდეთ. გავაუმჯობესეთ ინტერნეტის ხარისხი, რადგან მასწავლებლებს შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდათ. სახელმწიფო დაეხმარა ბავშვებს, ტელეფონიც თითქმის ყველას აქვს, შესაბამისად დასწრების პრობლემა არ ყოფილა. ერთადერთი სირთულე არის მრავალშვილიან ოჯახებში განრიგი, თუმცა ესეც მოგვარებადია.

- რამდენად არის შესაძლებელი დისტანციურად „ახალი სკოლის მოდელით“ სწავლება?

- „ახალი სკოლის მოდელში“ გასულ წელს ჩავერთეთ და ყველა გამოწვევა შეიძლება ითქვას დავძლიეთ. გავიარეთ ტრენინგები  და კიდევ ველოდებით რომ გაგრძელდეს. ჩვენ ნებისმიერი სიახლისთვის გვაქვს მზაობა, უნდა ვისწავლოთ, რომ ვასწავლოთ ბავშვებს. რაც შეეხება დისტანციურად სწავლებას, შეუძლებელი არაფერია. ესეც  ერთგვარი უნარია. ამ მოდელს თავისი ელექტრონული რესურსები აქვს, რომლის გამოყენებაც არ წარმოადგენს პრობლემას.

- რამდენად საჭიროა გამოცდები და როგორც მასწავლებლები ამბობენ „დაუსრულებელი ტრენინგები“?

- სავალდებულო ტრენინგები ახლაც მიმდინარეობს უფროსი, მენტორი და წამყვანი მასწავლებლებისთვის. პედაგოგი მუდმივად გადის გადამზადებას, რადგან გაკვეთილზე ჰქონდეს მაქსიმალური მზაობა. ჩემი სკოლის ბაზაზე ყველა მასწავლებელი დატრენინგებულია და მათ ამ ყოველივეს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. იმისთვის რომ ასწავლო სხვას, თავადაც უნდა ისწავლო.

- და გამოცდებზე რას გვეტყვით?

- ეს არის ჩვეულებრივი გამოცდა და ამაში ცუდი არაფერია. ყველა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს გამოცდა, რადგან გაკვეთილზე შედის და ბავშვებთან ურთიერთობს. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელშიც უნდა ჩაერთო, აქ არაფერია სანერვიულო - საკუთარი ცოდნის რეალიზებას ახდენ. წელს ჩვენი სკოლიდანაც იყვნენ გასულები გამოცდაზე, კარგი შედეგები მიიღეს და პრაქტიკოსი მასწავლებელი სკოლაში აღარ გვყავს.

- პრაქტიკოსი მასწავლებლების დაუსრულებელ გამოცდებზე რას ფიქრობთ?

- ძალიან კარგია, რომ მათ კიდევ მიეცათ შანსი. ვთვლი, აქ ნერვიულობის ამბავი უფროა, ვიდრე პროფესიონალიზმის. ზოგი ძალიან განიცდის და ვერ იღებს სასურველ შედეგს. ეს გამოცდები უნდა ჩააბაროს ყველა მასწავლებელმა, რადგან პედაგოგობა არ არის შეძენილი არამედ ღვთიური უნარია და თითოეულმა მათგანმა უნდა იზრუნოს მის განვითარებაზე.

- კრედიტების მიხედვით, მაძიებელ და პრაქტიკოს მასწავლებელს არათანაბარ პირობებში უწევთ გამოცდების ჩაბარება?

- ამაშიც არაფერია რთული. პრაქტიკოსი მასწავლებელი წლებია მუშაობს სკოლაში და მისთვის ჩვეულებრივი ამბავია გამოცდაზე გასვლა. მან ყველაფერი იცის, რაც სკოლას უკავშირდება. მაძიებელი კი სრულიად ახალია, უცხო გარემოში სურს შესვლა. მასზე უნდა გვქონდეს გარკვეული წარმოდგენა - დაასაბუთოს, რომ ამ პროფესიისთვის მზადაა. კრედიტების მოთხოვნაც ამიტომ არის. არ ვთვლი, რომ მათ არათანაბარ პირობებში უწევთ გამოცდაზე გასვლა, რადგან მაძიებელმა უნდა დაგვანახოს საკუთარი შესაძლებლობები, ამისთვის კი საუკეთესო გამოცდაზე მიღებული შეფასებაა.

- ეს მიდგომა ხომ არ აშინებთ მათ, თან იმის ფონზე, რომ მასწავლებლის პროფესია არც თუ ისე პოპულარულია?

- „ეძიებდე და ჰპოვებდე“, თუ გინდა აუცილებლად გამოგივა, მთავარია სურვილია. ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას. როცა ამ სფეროში არაფერი გაგიკეთებია და ამხელა დაწესებულებაში გსურს შემოსვლა, ბუნებრივია ბრძოლა გიწევს ადგილის მოსაპოვებლად. პედაგოგობა არ არის მარტივი პროფესია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ერთგვარი უნარი და ნიჭია, უნდა დაამტკიცო, რომ შენ ეს გაქვს. ამის ერთადერთი ბერკეტი კი გამოცდაა

- თქვენი გზა როგორია დირექტორობამდე?

- სასწავლო ნაწილი ვარ უკვე 10 წელია და ახლაც მოვალეობას ვასრულებ პარალელურ რეჟიმში. ეს ყველაზე რთული, თუმცა მართალი და სუფთა გზაა, რადგან ბავშვებთან გაქვს საქმე. მათგან ბევრს სწავლობ. ბავშვმა შეიძლება გაგზარდოს, როგორც ადამიანი, ასევე შენში მიძინებული უნარები გააღვიძოს და გააღვივოს.

- რას ფიქრობთ იმ საკითხზე, რომ დირექტორების გამოცდები ბოლო წლებია არ ჩატარებულა? ხომ არ გაბრკოლებთ ეს წარმატებისკენ სავალ გზაზე?

- მთავარია შენი საქმე  აკეთო  კეთილსინდისიერად, რაც  შეეხება დირექტორობის  გამოცდას, სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით.

- განათლების მინისტრი, რომ იყოთ, რას შეცვლიდით?

- არაფერს შევცვლიდი. წლებია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასში  შემავალი სტრუქტურების მოდერნიზებას ახდენს, რაც მის გამართულ მუშაობაზე მეტყველებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025

ქართულის საგამოცდო პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

„ბედნიერი ერი“, ყვარყვარე თუთაბერი“, „გოგჩა“... ეროვნულების პროგრამიდან ამოღებულია

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები ცნობილია - NAEC

ავტორიზაციის დებულებაში ცვლილება შევიდა - ვის ეხება 10-დღიანი ვადა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

სკოლები

სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს 

ამჯერად, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ფარგლებში მეორე კლასში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა 

სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები. ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო 

„ჩვენ ბევრჯერ დავწერთ ისტორიას. ბევრ მწვერვალს დავიპყრობთ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულ სარბიელზე“ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება