„ის თაობა ხართ, რომელმაც სამშობლოს საკეთილდღეოდ თავისი წილი აგური უნდა დადოს“ - ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს ემოციურად მიმართავს
15-09-2021
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბერიძე სასკოლოს საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს.
სკოლის დირექტორი შორენა ბერიძე მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ემოციურად მიმართავს:
„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას; წარმატებულ, ნაყოფიერ და შემოქმედებითად საინტერესო წელს გისურვებთ! მართალია, ამ ეტაპზე სწავლას ონლაინ ფორმატში ვიწყებთ და ეს ერთგვარი გამოწვევაცაა სირთულესთან შესაჭიდებლად, თუმცა ვიმედოვნებ, ამასაც გადავლახავთ და სასკოლო-საკლასო გარემოს სულ მალე დავუბრუნდებით. სკოლა არ ნიშნავს მხოლოდ ცოდნის შესაძენ ადგილს, მას გაცილებით დიდი დანიშნულება აქვს. აქედან სწავლობთ ცხოვრების ავან-ჩავანსაც და თითოეული მასწავლებლის ღვაწლი, სწორედ რომ ფასდაუდებელია თქვენი, როგორც განათლებულ, ასევე ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბების ურთულეს პროცესში! თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც თავისი წილი აგური უნდა დადოს სამშობლოს საკეთილდღეოდ და ამას მხოლოდ განათლების მიღების სურვილით, ჭეშმარიტი ადამიანობით შეძლებთ! დაუძლეველი არაფერია - ერთობლივი ძალებით ყველა დაბრკოლება გადაილახება და სულ მალე თქვენი ჟრიამულის მომლოდინე, სკოლის კედლები თუ საკლასო ოთახები კვლავ ძველებურად ახმაურდება! მიგულეთ თქვენს სამსახურში, თქვენ გვერდით - მიყვარხართ და მეიმედებით“, - ნათქვამია ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ბერიძის მისალოც წერილში.