„ყოველდღე მოვალ სკოლაში და დაგელოდებით“- ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა აკობია ახალი სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.
როგორც სკოლის დირექტორი წერს, ერთ-ერთმა მასწავლებელმა პირველი გაკვეთილი სკოლის შენობიდან, დისტანციურად, ჩაატარა. მოვიდა მოსწავლეც, რომელსაც სასწავლო წლის საკლასო აუდიტორიებში განახლების იმედი ჰქონდა. დირექტორი ლელა აკობია ამბობს, რომ იგი ყოველდღე ივლის სკოლაში და სწავლის შენობაში განახლებას დაელოდება.
„სკოლაში უჩვეულო სიჩუმე და მხოლოდ ელისო მასწავლებელი დამხვდა...ასე თქვა, პირველ დღეს საკლასო ოთახიდან ჩავატარებო გაკვეთილს. საკლასო ოთახებში არავინ იყო. ჩემი პირველკლასელებიც არსად ჩანდნენ. მასწავლებლები დისტანციურად ატარებდნენ გაკვეთილებს სახლიდან. მალე მეექვსეკლასელი ზაზაც მოვიდა. ზაზას მოსვლა მაინც სხვა იყო. ისეთს მეტყოდა ხოლმე, გამაცინებდა და მთელი დღე ვფიქრობდი მის ნათქვამზე. დღეს კი უჩვეულოდ ჩუმად იყო, ცოტა ხნის მერე, თითქოს იმედი გადაეწურა, ეჰ მართლა არ ყოფილაო სკოლა. ხელი ჩაიქნია და წავიდა. მგონი შეგვამოწმა, მერე ეკა მასწავლებელიც მოვიდა. არ ვიცი რა გრძნობა იყო, მთელი დღე დაძაბული ვიყავი ჩემი მოსწავლეების, მასწავლებლების გარეშე. ჩვენ დავამარცხებთ ამ ვირუსს და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ჩემო პატარებო, მე ისევ მოვალ ყოველდღე სკოლაში და დაგელოდებით. მიყვარხართ, წარმატებული სასწავლო წელი გქონდეთ ყველას“,- წერს სკოლის დირექტორი ლელა აკობია.