სიახლეები
სამასწავლებლო

„სწავლა 4 ოქტომბერს კლასებში უნდა გაგრძელდეს“ - დირექტორების მოსაზრებები სკოლების გახსნასთან დაკავშირებით
21-09-2021
-
+


საქართველოში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდა. გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებულ პირთა რაოდენობა ისევ მაღალი რჩება, საფრთხე, რომ სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო გარემო სათანადოდ დაცული არ იყოს რეალურია, თუმცა სასკოლო საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სწავლის ხარისხი საკლასო ოთახებში უფრო მაღალი იქნება. უნდა გაიხსნას თუ არა სკოლები 4 ოქტომბერს? - ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების გასაგებად etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

ზეინაბ კაჭარავა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, აუცილებელია 4 ოქტომბერს ჩვენნაირი სოფლის სკოლები მაინც გაიხსნას. სოფელში ვცხოვრობთ და აქ ხალხს ძალიან უჭირს. არც ინტერნეტი არ არის და არც ეკონომიკური მდგომარეობა უწყობთ ხელს. ცოტა ხნის წინ მშობელი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, ორი ტელეფონის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა და იქნებ ცხრილი ისე მომეწყო ბავშვებს გაკვეთილები არ დამთხვეოდათ, რომ დასწრება შესძლებოდათ. ასევე, მე-9 კლასის მოსწავლემ მითხრა დაფასთან ვერ ვიყვან მათემატიკის ამოცანებს და ასე კარნახით როგორ ამოვხსნაო? - შემრცხვა ბავშვის, მართალი იყო, არ ტყუოდა. თავის მოტყუებაა ეს დისტანციური სწავლება და ძალიან დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული; ამიტომ, ქალაქის სკოლები თუ არა ასეთი მცირეკონტიგენტიანი სოფლის სკოლებმა დასწრებით რეჟიმში სწავლება მაინც უნდა დავიწყოთ. ჩვენნაირი სკოლებისგან განსხვავებით ქალაქის სკოლებს უფრო მეტი საშუალება აქვთ და იქ ინტერნეტიც ხელმისაწვდომია. ასევე, ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ბავშვებს შორის დისტანცია დავიცვათ  და გაკვეთილები ნიღბებით ჩავატაროთ. სკოლაში გვაქვს სადეზინფექციო, მერხების დასამუშავებელი ხსნარები და ასევე, ჩვენი დამლაგებელი ყოველ მეორე დღეს სპეციალური სითხით ასუფთავებს სკოლას.

გულნარა შაინიძე, ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა რთულია, რადგან სკოლების გახსნა ვირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული. ზოგ მოსწავლეზე ვგებულობ, რომ ოჯახის წევრს აქვს კოვიდი, ჩვენთან სოფელშიც არის ალაგ-ალაგ ვირუსის კერები. სანამ ამდენი შემთხვევა ფიქსირდება ვთვლი, რომ სწავლის კლასებში დაწყებამ, გარკვეული პერიოდით, ერთი თვით მაინც უნდა გადაიწიოს. ძალიან დაუცველები ვართ და ერთი ბავშვიც რომ მოვიდეს ვირუსიანი ცუდ შედეგებს მივიღებთ.

მარინა სახვაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, სკოლების გახსნა ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ამა თუ იმ სკოლაში სწავლა უსაფრთხო თუ იქნება მაშინ სკოლების გახსნას ვემხრობი. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ხარაგაულის რაიონშიც ვირუსის გავრცელების სიხშირე შედარებით დაბალი იყო; ჩვენს სკოლაში უსაფრთხო იყო სწავლა, რადგან ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამიტომაც, სადაც მაღალი იქნება ვირუსის გავრცლეება ისევ დისტანციურზე უნდა დარჩნენ და სადაც სწავლა უსაფრთხო იქნება ის სკოლები უნდა გაიხსნას.

ნუგზარ ჯომიდავა, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა სწავლის საკლასო ოთახებში გასაგრძელებლად მზად არის. სახელმწიფომ ყველანაირი საჭირო ინვენტარით მოგვამარაგა - ეს იქნება დეზობარიერები, ხელის, მერხისა თუ იატაკის დასამუშავებელი ხსნარები; როგორც წინასწარი ინფორმაცია არსებობს, იმ რეგიონში სადაც ჩვენი სკოლა მდებარეობს ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები თუ იქნება, მაშინ კლასებში განვაგრძობთ სწავლას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რა თქმა უნდა სწავლა მერხთან და ბავშვთან ცოცხალი ურთიერთობა ჯობია, რადგან სწავლა-განათლებისა საქმეში ეს დიდ შედეგს გვაძლევს. თუმცა, ჯანმრთელობა უპირველესია და როგორც ზემდგომი ორგანოები მიგვითითებენ ისე უნდა მოვიქცეთ. მათ ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვთ და ბევრს აკეთებენ ამ მიმართულებით.

სოფიო ქუთათელაძე, ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა იმდენად მომზადებულია და ვცდილობთ ყველა რეგულაცია დავიცვათ, რომ ვფიქრობ, სწავლა 4 ოქტომბერს კლასებში უნდა გაგრძელდეს. იმ რეგულაციებს და მითითებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროდან მოვიდა ყველანაირად ვიცავთ. არიან მშობლები, რომლებიც გვენდობიან, იციან როგორ ხდება რეგულაციების დაცვა, მაგრამ ისეთებიც არიან, რომელთაც ეშინიათ და ურჩევიათ შვილები კვლავ დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ.

მაკა კუპრაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ცოტა რთული სათქმელია, თუმცა საკლასო ოთახებში სწავლა რომ უმჯობესია არ უარვყოფ, მაგრამ გააჩნია სოფელსა და მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია როგორი იქნება. მინისტრის ბრძანებაა კორონა ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები თუ იქნება და პედაგოგების 80% აიცრება, მაშინ სწავლის სკოლაში გაგრძელება შეგვეძლება. ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ პედაგოგების 80%-ზე მეტი აცრილია, ყველა რეგულაციას ვიცავთ და ყველანაირი ჰიგიენური საშუალებები გვაქვს მომარაგებული. დისტანციური სწავლება ბავშვების სწავლის ხარისხზე ცუდად აისახება, მე მაგალითად გაკვეთილზე 15 ბავშვიდან 6 მოსწავლე მესწრებოდა. გვიჭირს მათი კონტროლი. ვაფრთხილებთ, ვწერთ მესიჯებს, მაგრამ სათანადო შედეგი არ არის. ელექტრონულ ჟურნალში აისახება არები, მაგრამ ყველა მშობელმა არ იცის ამ ელექტრონული ჟურნალის მოხმარება. ამიტომ სკოლაში სიარული უმჯობესია, რიდიც უფრო მეტი აქვთ ბავშვებს და გაკვეთილებს არ აცდნენ. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში  გაგრძელდეს.

გია რამინაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ ჩვენნაირი მცირეკონტიგენტიანი სკოლა უნდა გაიხსნას, რადგან არავის არაფერი აქვს და დისტანციასაც თავისუფლად დავიცავთ. დიდ სკოლაზე, სადაც კლასში 35 მოსწავლეა ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ჩვენნაირ სკოლებს სწავლის საკლასო ოთახებში დაწყება თავისუფლად შეუძლიათ.

მარინე დავითულიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ ჩემს თემში რაიმე პრობლემა თუ არ იქნება დარწმუნებული ვარ სწავლის გაგრძელებას საკლასო ოთახებში შევძლებთ. მე და ჩემი თემის თითოეული წარმომადგენელი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვირუსი ჩვენთან არ შემოვიდეს, შესაბამისად რატომ არ უნდა გაიხსნას ჩვენი სკოლა?! დასწრებით რეჟიმში სწავლა პირველ რიგში მოსწავლისთვის არის უფრო კარგი და ასევე, მასწავლებლებისთვის. პირისპირ სწავლების დროს რა თქმა უნდა შევძლებთ შედეგზე გასვლას და მოსწავლეებიც სათანადო ცოდნას მიიღებენ.

ნინო წილოსანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

სიმართლე გითხრათ საკმაოდ რთული კითხვაა. მე თვითონ კორონავირუსი რამდენიმე დღის გადატანილი მაქვს და გასულ წელს თუ მქონდა შემართება, რომ სკოლაში გვევლო დღეს უკვე შიში სუფევს, რომ ან მოსწავლეს არ გავატანოთ ვირუსი სახლში ან პირიქით; თუმცა, როგორც სკოლის ხელმძღვანელი და დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ასე ფიქრობს, პირდაპირ სწავლება აუცილებელია; შესაბამისად, მიმაჩნია სწავლა 4 ოქტომბერს სწავლა სკოლის კედლებში უნდა გაგრძელდეს. საკლასო ოთახში სწავლება მაინც სხვაა, თითქოს უფრო ამომწურავად ვაწოდებთ მასალას და ყველა მოსწავლის სახეში ვხედავთ, რომ მასალა გასაგებია ან გაუგებარია. საგაკვეთილო პროცესი მითუმეტეს იმ სკოლებისათვის, რომლებიც ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის აპრობაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მათ შორის ბანოჯის საჯარო სკოლა უკვე მონაწილეობს, საკლასო ოთახებში სწავლა უფრო ეფექტური და პროდუქტიული იქნება. შეიძლება ვცდები, მაგრამ მოვლენები გვიჩვენებს... მინდა აღვნიშნო, რომ საგაკვეთილო პროცესი ონლაინ რეჟიმშიც გამართულად მიმდინარეობს და მოსწავლეები პირადად ჩემს სკოლაში აქტიურად არიან ჩართულნი. პედაგოგების მოტივაციაც მაღალია, რომ მოსწავლეებს არ მოაკლდეთ რესურსი და მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალა იყოს ეფექტური. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უმჯობესია საგაკვეთილო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

სალომე მაყაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია რომ სკოლები თუ გაიხსნება ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან მოსწავლეები განსაკუთრებით დაწყებით კლასებში ასეთ რეჟიმში სწავლისათვის ცოდოები არიან, თან პედაგოგების 80% უკვე აცრილია და 4 ოქტომბრამდე კიდევ მეტი აიცრება. დარწმუნებული ვარ შევძლებთ, რომ ბავშვებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება