მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
24 წელი ქიმიის პედაგოგი იყო, თუმცა მიხვდა, რომ რიგით მასწავლებელს არ ჰქონდა საშუალება ის იდეები განეხორციელებინა, რომელიც მომავალი თაობის საკეთილდღეოდ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა დირექტორი გამხდარიყო და წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი. საუბარი თბილისის N118 საჯარო სკოლის დირექტორზე, გიული შენგელიაზეა, რომელიც კოლექტოვმა ერთხმად აირჩია სკოლის „მეთაურად“... გიული შენგელია etaloni.ge-ს არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა.
- ქალბატონო გიული, როგორ დაიწყეთ სწავლა დისტანციურად?
- ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დავიწყეთ და ამ ეტაპისთვის სერიოზული ხარვეზები არ გვქონია, იყო უმნიშვნლო დეტალები,რამდენიმე ბავშვი ვერ შევიდა სისტემაში,ზოგს ინტერნეტის დროებითი პრობლემა ჰქონდა,მაგრამ ეს ყველაფერი გასწორდა. პედაგოგებთან ჩავატარეთ გამოკითხვა და თითქმის ყველა მოსწავლე ჩართულია სწავლებაში .ყველა მასწავლებელი მობილიზებულია, ერთ–ერთ მასწავლებელს კოვიდი აქვს მაგრამ საკუთარი სურვილით მაინც ატარებს გაკვეთლებს, ასე ხდებოდა წინა სასწავლო წელსაც დისტანციური სწავლებისას. სასწავლო პროცესი უკვე სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
- სავარაუდოდ პირველკლასელები სკოლაში დაიწყებენ სწავლას, ეს გადაწყვეტილება რამდენად სწორად მიგაჩნიათ?
- სკოლა არ არის მხოლოდ შენობა, სასკოლო გარემოში მოსწავლეს უყალიბდება ის უნარ–ჩვევები, რომელიც დისტანციური სწავლებისას ვერ მიიღწევა. ამიტომ ის, რომ პირველკლასელები საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას, ნამდვილად მისასალმებელია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბავშები დარჩნენ სკოლაში და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძლდეს.
- რეგულაციებიდან გამომდინარე, როგორ აპირებთ პირველკლასელების დახვედრას?
- დიდი ხალხმრავლობა არ გვექნება, როგორც ადრე იყო ხოლმე, მაგრამ მაინც შევეცდებით გავულამაზოთ პირველი დღე სკოლაში. გავაფორმებთ ეზოს, სკოლის შესასვლელს, საკლასო ოთახებს. იქნება ყვავილები, ბუშტები, გადაიღებენ ფოტოებს. ყველა ბავშვს მერხზე დახვდება თავისი ბუკი და წიგნები, და რაც მთავარია - მოსიყვარულე დამრიგებლები.
- ონლაინ სწავლების პირველი დღე, როგორი იყო?
- ბავშვებს ენატრებათ ერთმანეთი. დიდი სურვილი ჰქონდათ სკოლაში მისვლის, მაგრამ, ვერ მოხერხდა. ამიტომ, ალბათ ყველა გაკვეთილი დაიწყო ერთმანეთის მოკითხვით, პედაგოგების გასაუბრებით ბავშვებთნ, კოვიდრეგულაციების შეხსენებით, კეთილი სურვილბით. მეც მასწავლებელი ვარ, ამიტომ ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც ჩემს გაკვეთილზე ასევე სხვა მასწავლებლებისაზე, იყო საუბარი ახალ მასალაზე და ბავშვებმა მიიღეს მცირე დავალებებიც.
- რა შეკითხვები ჰქონდათ მოსწავლებს პირველ დღეს?
- ალბათ ყველა სკოლაში იგივე შეკითხვა დაისვა, რაც ჩვენთან.. როდის დავბრუნდებით სკოლაში? 4 ოქტომბერს მართლა მოვალთ? ავუხსენი ბავშვებს და რა თქმა უნდა, ასეთი იქნებოდა ყველა მასწავლებლის პასუხი, რომ ეს ეპიდსიტუაციაზე იყო დამოკიდებული, ჩვენ რაც გვეხებოდა, ყოველ მხრივ მზად ვიყავით სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში გასაგრძელებლად.
- ანუ, სკოლა დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომ 4 ოქტომბერს სასკოლო გარემოში აღდგეს სწავლა?
- ჩვენ გვაქვს შესაბამისი, გამართული ინფრასტრუქტურა, რომ ბავშვები მივიღოთ სკოლაში და შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. ამაში წინა წლის გამოცდილებაც დაგვეხმარება. ჩვენი შენობა ორნაწილიანია, გვაქვს 5 შესასვლელი კარი, თითოეულმა კლასმა იცის, საიდან შევიდეს შენობაში. ყველა კართან მორიგეობს ორ–ორი მასწავლბელი თერმოსკრინინგის ჩასატარებლად და მოსწავლეთა ნაკადის მოსაწესრიგებლად. თითოეულ კარზე გაკრულია პედაგოგთა მორიგეობის და კლასების მოძრაობის განრიგი. სამინისტრომ მოგვამარაგა პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარებით, თერმომტრებით, დეზობარიერებით და ა.შ. გარდა ამისა სკოლა ყოველთვის იძენს საკუთარი სახსრებით ჰიგიენის საშუალებებს. ასე, რომ სრული მზაობა გვაქვს. 4 ოქტომბრისთვის თანამშრომლების 80 პროცენტი დიდი ალბათობით აცრილი იქნება.
- რას ფიქრობენ მასწავლებლები ვაქცინასთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, ჩვენთანაც არიან პედაგოგები, რომლებიც ვაქცინაციას უნდობლად უყურებენ და ვერც დავაძალებთ, ამის უფლებაც არ მაქვს. თუმცა ასეთი პედაგოგების რიცხვი ძალიან მცირეა. დანარჩენი ყველა საკუთარი სურვილით იცრება. ერთ–ერთი პირველი თავად ავიცერი და უკვე, ორი თვეა კოვიდპასპორტი სახლში მაქვს. როცა მეკითებიან, როგორ მოვიქცეთ? ვპასუხობ...მე ავიცერი.
- როგორ ფიქრობთ, მასწავლებლებისთის აცრა სავალდებულო უნდა გახდეს?
- გამომდინარ ჩემი სიტუაციიდან, ვალდებულად ჩავთვალე საკუთარი თავი, რომ ავცრილიყავი, რადგან ბევრ ბავშვთან მაქვს შეხება. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არ მინდა ჩემი აზრი თავს მოვახვიო ვინმეს, ეს საკითხი ეპიდემიოლოგებმა უნდა გადაწყვიტონ.
- უნდა ჰქოდნეს თუ არა სკოლას არჩევანის შესაძლებლობა, სწავლის ფორმატთან დაკავშირებით?
- არჩევანის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, ჩემს კოლექტივს პირისპირ სწავლება ურჩევნია, რადგან ყველა დამეთანხმება, რომ მასწავლებლის შრომის შედეგი ასე უფრო კარგად ჩანს და სწავლა–სწავლება უფრო ნაყოფიერია. რაც შეეხება სკოლების არჩევანს, მიმაჩნია, რომ ყველამ ერთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ მერე არ წამოვიდეს წინააღმდეგობა მშობლებისგან, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან.
- რა პრობლემები აქვთ მშობლებსა და მოსწავლეებს ონლაინ სწავლებისას?
- პრობლემები ალბათ, ყველა სკოლას მეტ-ნაკლებად ერთნაირი აქვს. არის მოსწავლეების მცირე რაოდენობა, რომელთაც არ აქვთ კომპიუტრი, ინტერნეტთან წვდომა, ხანდახან გაუმართავია ინტერნეტი. თუმცა ეს მოსწავლეები არ რჩებიან ყურადღების გარეშე, მათ პედაგოგები უკავშირდებიან ტელეფონებით. გვყავს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტელესკოლის არსებობა, მაგრამ ყველაზე ხშირი პრობლემაა მოსწავლეების უპასუხისმგებლობა - ბევრ მოსწავლეს აქვთ ყველა პირობა, მაგრამ, არ ესწრებიან გაკვეთილებს. გასულ სასწავლო წელს დისტანციური სწავლების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დამრიგებლებს ვთხოვე გადმოეცათ იმ მოსწავლეების სია, რომლებიც არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს. დაახლოებით 80 მშობელს დავურეკე პირადად, გავარკვიე რა პრობლემები ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რამდენიმე ბავშვი ვერ ესწრებოდა ობიექტური მიზეზით, ხოლო დიდი ნაწილის პრობლემა იყო სიზარმაცე - მშობლებს კი ეუბნებოდნენ, რომ ესწრებოდნენ გაკვეთილებს. რა თქმა უნდა, გადამოწმებას ახლაც გავაგრძელებთ, მაგრამ იმედი მაქვს, 4 ოქტომბერს სკოლაში დავბრუნდებით და ეს აღარ დაგვჭირდება.
- სკოლაში გაქვთ თუ არა საკმარისი ტექნიკა, რომ ჰიბრიდული სწავლების შემთხვევაში არ იყოს შეფერხება?
- სასურველია, რომ ყველა საკლასო ოთახში იყოს კომპიუტერი, მაგრამ ასეთი სკოლა ალბათ ძალიან ცოტაა. ჩვენ გვაქვს კომპიუტერების ოთახი, სადაც გამართულად მუშაობს 32 კომპიუტერი. ასევე კომპიუტერებია სამასწავლებლოში, ბიბლიოთეკაში. გვაქვს რამდენიმე ლეპტოპი. გასულ სასწავლო წელს, ჰიბრიდული სწავლებისას გამოყოფილი გვქონდა ოთახები, სადაც მასწავლებლები სკოლიდან ატარებდნენ ონლაინ გაკვეთილებს. ვფიქრობთ, რამდენიმე ლეპტოპის შეძენას, რომ პრობლემები არ შეგვექმნას.
- სკოლის რესურსებით?
- ჩვენი რესურსებითაც შევიძენთ და განათლების სამინისტროს დახმარების დიდი იმედიც გვაქვს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს, რადგან გასულ წელს დასრულდა ჩვენი სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია, ყველა საკლასო ოთახი აღიჭურვა სასკოლო ავეჯით, მოკლედ სკოლაში თითქმის ყველაფერი ახალი გვაქვს.
- ელექტრონული ჟურნალი წელსაც შეფერხებით მუშაობს?
- ჯერ სწავლა ახალი დაწყებულია და ამიტომ შეფასება ნაადრევია. გვპირდებიან, რომ წელს სისტემა გამართულად იმუშავებს, თუმცა ჩვენმა პედაგოგებმა უკვე შეიძინეს ჟურნალების მსგავსი ბლოკნოტები, რათა ელექტრონული ჟურნალის ხარვეზის შემთხვევაში მატერიალურადაც ჰქონდეთ ინფორმაცია მოსწავლეების დასწრებისა და შეფასების შესახებ.
- მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩართულები ხართ?
- „ახალი სკოლის მოდელში“ ჩავერთეთ გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან. რა თქმა უნდა, მასწავლებლებს დატვირთვა მოემატათ, რადგან იმუშავეს კომპლექსური დავალებების შედგენაზე, გააკეთეს ძალიან კარგი პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, სადაც ყველა კათედრა იყო ჩართული, ესწრებოდნან ტრენინგებს. როგორც მოგეხსენებათ, სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა ქალბატონია, რომელთაც სამსახურის შემდეგ უამრავი საქმე ელოდებათ სახლშიც. ამიტომ, გასაგებია ხანდახან მათ მიერ გამოთქმული გულისტკივილი, რომ მათ საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებათ.
- გამოცდებთან და ტრენინგებთან დაკავშირებით მასწავლებლები რას ფიქრობენ?
- ტრენინგების წინააღმდეგი არ ვართ. კარგია, რომ ჩვენ მოგვცეს არჩევანის საშუალება, რომელი მიმართულებით გვჭირდება ტრენინგები - ჩვენი სურვილით ავირჩიეთ ტექნოლოგიების, ინკლუზიური განათლების და სადამრიგებლო პროგრამის მიმართულებები. რაც შეეხება გამოცდებს, როდესაც მასწავლებელი 20–30 წელი მუშაობს სკოლაში და მერე გამოცდაზე უნდა გავიდეს, ცოტა მიდგომა შესაცვლელია. სიახლე უნდა მიიღოს ყველამ, ვინც გუშინ მოვიდა სკოლაში და იმანაც, ვინც 20 წელია მუშაობს, მაგრამ ჩემი აზრით, დასახვეწია ფორმები. თუმცა, გამოცდაზე ყველა მასწავლებელი გავიდა და შედეგად თბილისის 118–ე სკოლას ჰყავს 2 მენტორი, 12 წამყვანი და ყველა დანარჩენი უფროსი მასწავლებელი, ორს კი დოქტორის წოდება აქვს.
- აღნიშნეთ, ინკლუზიური განათლების მიმართულებით აირჩიეთ ტრენინგი. სსსმ მოსწავლეები გყავთ?
- დიახ, სკოლაში გვყავს 16 სსსმ მოსწავლე, რომლებთანაც მუშაობს ორი სპეცმასწავლებელი და ერთი ფსიქოლოგი. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ სამივე ქალბატონმა წელს ჩააბარა გამოცდები და მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი. რა თქმა უნდა, გვაქვს სათანადოდ აღჭურვილი რესურსოთახი, სადაც სსსმ მოსწავლეებთან მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.
- ის სტიგმა, რაც მათ მიმართ წინა წლებში არებობდა, შეიცვალა?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველ სიახლეს ახლავს გამოწვევა. ესც გამოწვევა იყო მასწავლელებისთვის, ამიტომ იყო არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მათგან. გასაგებია, რომ არ შეიძლება ყველა სიახლე ისე მიიღო, რომ არ გქონდეს შენი შეხედულება. თუმცა, დროთა განმავლობაში მიდგომა შეიცვალა. მშობლებისგანაც იყო მიუღებლობა, თავად იყვნენ წინააღმდეგი, რომ მათი შვილი შეფასებულიყო, ეშინოდათ აღიარების. მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივაც სასიკეთო ცვლილებებია.
- როგორია მშობელთა ჩართულობა ონლაინ-სასწავლო პროცესში?
- მშობელთა ჩართულობა ყოველთვის საჭიროა, მაგრამ დისტანციური სწავლების დროს განსაკუთღებით აუცილებელია. როდესაც მოსწავლე სკოლაში მოდის, იქ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და საგაკვეთილო პროცესის დამთავრებამდე ჩვენი ყურადღების ქვეშაა. მაგრამ როდესაც ბავშვი სახლიდან ერთვება გაკვეთილზე, აქ ძირითადად მშობელზეა დამოკიდებული მისი ჩართვა, მან უნდა განაწყოს ბავშვი საგაკვეთილოდ და შეძლებისდაგვარად აკონტროლოს ის. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი, სასკოლო გარემოში სწავლისასაც თუ სამკუთხედი – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი კარგად მუშაობს, იქ შედეგი თითქმის ყოველთვის გარანტირებულია.
- რა იყო დირექტორობამდე, ქალბატონო გიული?
- დირექტორობამდე იყო მასწავლებლობა - 1990 წლიდან ამავე სკოლაში ქიმიის მასწავლებლად ვმუშოაბდი. ამ პერიოდში სულ ვფიქრობდი, მე რომ დირექტორი ვიყო, სკოლისთვის რას გავაკეთებდი, ამა თუ იმ პრობლემას, როგორ გადავჭრიდი, ამ საქმეს როგორ მოვაგვარებდი. ბევრ პრობლემას ვუყურებდი მოსწავლის თვალით და ვფიქრობდი, როგორ მოეწონებოდათ ბავშვებს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა. იბადებოდა იდეები, მიჩნდებოდა გეგმები, მაგრამ რიგითი მასწავლებლის პოზიციიდან ჩემ გეგმებს ვერ განვახორციელებდი. ამიტომ, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო დირექტორების კონკურსში. წარმატებით გავიარე ყველა ეტაპი. კოლექტივიდან მქონდა დიდი მხარდაჭერა და ასე გავხდი ჩემი მშობლიური სკოლის დირექტორი. არჩევის დღიდან ნაბიჯ–ნაბიჯ მივყვები ჩემი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას, რაშიც ჩემი კოლექტივი მიდგას მხარში. თუ კოლექტივი არ გამოგყვა, როგორი კარგი იდეებიც არ უნდა გქონდეს, ვერაფერს გააკეთებ. ამაში გამიმართლა, რადგან ჩვენ სკოლაში სრულად მოქმედებს გამოთქმა - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის. და ამ ერთიანობით ვმუშაობთ მშვიდად და ნაყოფიერად. მოსწავლეთა რაოდენობა ყოველ წელს მატულობს, წელს 5 პირველი კლასი გავხსენით. ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ სკოლაში მუშაობა მარტივი არ არის, მაგარამ ბავშვებისგან იმდენი დადებითი ენერგია მოდის, რომ სიძნელეები სადღაც უკანა პლანზე გადადის.
- და, განათლების მინისტრი რომ იყოთ რას შეცვლიდით?
- განათლების მინისტრი რომ ვიყო, გავაკეთებდი იმას, რაც ალბათ ყველა მინისტრის სურვილია – ყველა სკოლას აღვჭურვავდი შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზით, ხელფასებს მოვუმატებდი მთელ პერსონალს, პედაგოგებს, ადმინისტრაციას, განსაკუთრებით - ტექნიკურ პერსონალს, ხშირად მექნებოდა შეხვედრები მასწავლებლებთან, მოსწავლე–ახალგაზრდობასთან მათი საჭიროებებისა და პრობლემების მოსასმენად და არა მხოლოდ მოსასმენად....მოკლედ ოცნებები ბევრია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა