საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.
ამჯერად „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი, განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიძე, რესურსცენტრის უფროსი თამარ გოგლიძე, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
„გორის ეტალონი მოსწავლე“ ტირძნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნია ტეტუნაშვილი გახდა.
ნია ტეტუნაშვილი ბედნიერია გამარჯვებით და უფრო დიდი მონდომებით აპირებს სწავლის გაგრძელებას:
„ეტალონი“ ჩემთვის დიდი გამოცდილება და სტიმულია. ამ პროექტმა თავდაჯერებულობა და დიდი მოტივაცია შემმატა სამომავლო სწავლისა და გამოწვევებისთვის".
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მადლობას უხდის „ეტალონს“ განათლების წახალისებისთვის და თავადაც, მერიის სახელით ფულად პრიზს გადასცემს გამარჯვებულს: „მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი ინტელექტ-ჩემპიონატის გამართვისა და ჩვენი ბავშვების ცოდნის წახალისებისთვის. მიხარია განათლებულ და წარმატებულ მოსწავლეებს რომ ვხედავ, ეს თაობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის ღირსეული მომავალია. მერიის სახელით, გამარჯვებულსა და მის მასწავლებელს სტიპენდია დაენიშნებათ 100 ლარის ოდენობით".
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი მოხარულია, რომ „ეტალონს“ მისი უნივერსიტეტი მასპინძლობს და ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილე თითოეულ მოსწავლეს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, ფასდაკლებით ასაჩუქრებს:
„მოხარული ვარ, რომ ცოდნის ზეიმს, რომელსაც „ეტალონი“ ჰქვია, დღეს ჩემი საგვარეულო უნივერსიტეტი მასპინძლობს. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი ეროვნული და ცოდნაზე ორიენტირებული პროექტისთვის. ჩვენ გვინდა, წარმატებული მოსწავლეები წავახალისოთ და ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებული 50%-იანი, ხოლო თითოეული მონაწილე 10%- იანი ფასდაკლებით დავასაჩუქროთ".
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა უფროსი რამაზ შიოშვილი „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარია: „წლებია, გოჩა ტყეშელაშვილთან ვთანამშრომლობ. მომსწრე ვარ „ეტალონის" მრავალი წარმატებისა. მოხარულუ ვარ, პროექტის მუნიციპალიტეტებში ჩატარებითა და ხალხთან სიახლოვით. თუმცა, ვისურვებ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი მალე დაუბრუნდეს სატელევიზიო სივრცეს".
მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიძე მოხარულია გორში „ეტალონის“ სტუმრობით და მოსწავლეების წარმატებული ასპარეზობით: „ვულოცავ ჩვენს ბავშვებს წარმატებულ ინტელექტ-ჩემპიონატს და მადლობას ვუხდი „ეტალონს“ მათთვის განათლების წარმოჩენის შესაძლებლობისა და ცოდნის წახალისებისთვის".
გორის რესურსცენტრის უფროსი თამარ გოგლიძე მოხარულია „ეტალონში“ მოსწავლეების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით: „ინტელექტ-ჩემპიონატმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. მახარებს მოსწავლეების ცოდნით დაინტერესება და ჩართულობა. 85 ბავშვი იბრძოდა დღეს „ეტალონის“ ტიტულისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს და განსაკუთრებით გამარჯვებულს ამ დიდ წარმატებას. მინდა აღვნიშნო, რომ რაიონის სოფლის სკოლებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს, რისთვისაც მადლობა დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, მადლობა „ეტალონს“ ამ შესაძლებლობისთვის".
გამარჯვებულის დედა ნინო ტეტუნაშვილი მადლობას უხდის „ეტალონს“ მოსწავლეების გვერდით დგომისთვის და ყველა დედას უსურვებს იმ სიხარულის განცდას, რასაც ახლა თვითონ გრძნობს: „ძალიან ბედნიერი ვარ. ყველა დედას ვუსურვებ ამ სიხარულის განცდას. მადლობა „ეტალონს“ ნიას ცოდნისა და შრომის წარმოჩენისთვის. მადლობა ჩემს სკოლასა და პედაგოგებს. დიდ წარმატებას ვუსურვებ ნიას, მის კლასელებსა და პროექტს".
„გორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ნია ტეტუნაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
ფოტოების სრულად სანახავად
იხილეთ ბმული.