სიახლეები
სკოლები

„მოსწავლეები ამბობენ, თითებზე ვითვლით როდის მოვა 4 ოქტომბერიო“- დირექტორები სწავლის დასწრებითად განახლებაზე
01-10-2021
-
+


4 ოქტომბრიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. ქვეყანაში ისევ მძიმე ეპიდვითარებაა, შესაბამისად, ჩნდება კითხვები ყველა სკოლაში უნდა განახლებულიყო თუ არა სწავლა დასწრებითად და ასევე, სასკოლო საზოგადოების ნაწილს ხომ არ ურჩევნია, რომ კვლავ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დარჩნენ.

ამ კითხვებით Etaloni.ge-მ სხვადასხვა სკოლის დირექტორს მიმართა.

ლელა ბიბილური, ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, რომ სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელების გადაწყვეტილება კარგია. ჩვენ ყველა იმ წესსა და რეგულაციას დავიცავთ, რომლებიც რეკომენდირებულია. დასწრებითი სწავლების ფორმატი უკეთესი იქნება მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მათი მშობლებისთვისაც, რადგან ბავშვები უკეთ შეძლებენ იმ ცოდნისა და უნარების მიღებას, რაც მათთვის აუცილებელი და ცხოვრებაში გამოსადეგია. მშობლების უმეტესობის სურვილიც ასეთია, რომ სწავლა საკლასო აუდიტორიებში განახლდეს. არც ერთ პედაგოგს არ გამოუთქვამს სურვილი სწავლება ისევ დისტანციურად გაეგრძელებინა. ალბათ, სკოლაში რომ დავბრუნდებით, მერე შეიძლება უფრო გამოჩნდნენ ისეთი მშობლები, ვისაც დისტანციურზე დაბრუნება ენდომებათ. ჩვენი სკოლა სწავლის შენობაში გასაახლებლად ყველანაირად მზადაა. გვაქვს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებები და ნორმებს ყველანაირად დავიცავთ.“

ნანული პაპუაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლის დირექტორი:

„განათლების სფეროში, საკლასო ოთახს ალტერნატივა არ აქვს და თუ რეგულაციები ისე იქნება დაცული, როგორც ამას საკოორდინაციო საბჭო მოგვიწოდებს და თუ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს ისე მოვიხდით, როგორც გვევალება, ვფიქრობ, რომ პანდემიის გავრცელებას ხელს ნამდვილად შევუშლით. მშობლებიდან არავის გამოუთქვამს სურვილი, რომ დისტანციურ რეჟიმზე დარჩენილიყვნენ, პირიქით, ელოდებიან თუ როდის დავიწყებთ სწავლას საკლასო ოთახებში. გვყავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლებსაც დისტანციური სწავლება ურჩევნიათ, მათ ამის სურვილი ასაკიდან და ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე აქვთ. ჩემი სკოლის პედაგოგების 60% ვაქცინირებულია. სკოლაც ყველანაირად, სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, მზადაა, რომ სწავლებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას. ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ.“

მზია კაპანაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორი:

„დისტანციური სწავლა, რა თქმა უნდა, როცა საჭიროა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ, მასწავლებლებს, საკლასო ოთახებში გვირჩევნია. არავის არ აქვს სურვილი, რომ მოსწავლეებმა დისტანციურად ისწავლონ  თუკი ამას საჭიროება არ მოითხოვს. ვფიქრობ, დისტანციურ რეჟიმში ძალიან ბევრი ღირებულება იკარგება, მათ შორის მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, რაც საკლასო ოთახში ძალიან კარგია. კონტაქტი მეტია, სითბო მეტია, უშუალო კავშირი მოსწავლესთან გაცილებით უკეთესია, ვიდრე ონლაინ. მშობლებსაც  ურჩევნიათ სწავლის დასწრების ფორმატი. მოსწავლეებიც ამბობენ თითებზე ვითვლით როდის მოვა 4 ოქტომბერიო. სკოლას ძალიან მონატრებულები არიან. ჩემს სოფელში მთელი ამ დროის განმავლობაში სულ 2-3 ადამიანს ჰქონდა კოვიდი და რეგულაციების დაცვასაც შევძლებთ.“

ქეთევან ბარბაქაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სკოლასა და ბავშვებს მონატრებულები ვართ, შესაბამისად, სწავლის სკოლაში განახლების წინ ძალიან კარგი განწყობა გვაქვს. ძალიან კარგია, რომ 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. მით უმეტეს, რეგიონებში ისეთი მძიმე ეპიდსიტუაცია არ გვაქვს, რომ სკოლაში სწავლის დაწყება არ შეიძლებოდეს. არც ერთ მშობელსა და მასწავლებელს არ უთქვამს, რომ სწავლა დისტანციურად ერჩივნათ. ყველანაირად მზად ვართ, რომ სკოლაში სწავლისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას.“

გერასიმე კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„რა თქმა უნდა, საჭირო და დროულია რომ მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თიმსის პროგრამა ძალიან კარგი საშუალებაა დისტანციური სწავლის პროცესში, ჩვენს სოფელში ინტერნეტის კუთხით მთელი რიგი პრობლემებია, კერძოდ, სოფელი არის მთაგორიანი და ინტერნეტის სიხშირე ძალიან დაბალია, რის გამოც ინტერნეტი, შეიძლება ითქვას, რომ გამოუსადეგარი ხდება. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას, ამ ეტაპზე არც ერთ მშობელსა და მასწავლებელს ამ საკითხით არ მოუმართავს, ამიტომ ამის საჭიროება ჯერ არ გვაქვს.“ 

თამარ მარგველანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ორშაბათს ყველა სულმოუთქმელად ველოდებით. მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სკოლაში დაბრუნება ძალიან უხარიათ, ამ ფაქტით ბედნიერები არიან. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, შესაბამისად, არის შესაძლებელი რომ სწავლა საკლასო ოთახებში დავიწყოთ. ეპიდვითარებას რაც შეეხება, სოფელში თითქმის არავის არ აქვს ვირუსი. მასწავლებლებისა და მშობლების  ნაწილი აიცრა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სრულებით მზად ვართ სწავლის შენობაში გასაგრძელებლად. ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და ყველანაირად მზად ვართ ორშაბათისთვის. დისტანციური სწავლების დროს იქმნებოდა პრობლემები, მაგალითად, როდესაც ოჯახს რამდენიმე ბავშვი ჰყავს, მშობელს არ ჰქონდა საშუალება რომ გაკვეთილზე ყველა ჩართულიყო.“

ნანა ინასარიძე, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ის ფაქტი, რომ სწავლა დასწრებითად ახლდება სასიხარულო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისა და მშობლებისთვის. ონლაინ სწავლა ჩვენს პირობებში ინტერნეტის პრობლემიდან გამომდინარე, ჭირს. ასე რომ, ეს ჩვენთვის დიდად სასიხარულოა, დიდი სიამოვნებით ვღებულობთ ამ ინფორმაციას და მივდივართ სკოლაში. დისტანციურად სწავლების გაგრძელება არავის მოუთხოვია. სკოლა  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ და ყველა საჭირო რეკომენდაცია დავიცვათ. ყველანაირად მზად ვართ, შესაბამისი ინვენტარიც გვაქვს.“

მზია კაპანაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სწავლის ხარისხისთვის ძალიან კარგია, რომ ბავშვები აუდიტორიებში დაბრუნდნენ, მაგრამ ამასთანავე, რა თქმა უნდა, რისკებიც არის. ამ რისკსა და სარგებელს თუ სასწორზე დავდებთ, მაინც სარგებელი აჯობებს, ასე მგონია. ყველა საჭირო ინვენტარი და საშუალება მომარაგებული გვაქვს, პედაგოგების 70% აცრილია. ასე რომ, ჩვენი სკოლა მზადაა სწავლის შენობაში განსაახლებლად. მშობლები მოხარული არიან, რომ თავიანთი შვილები საკლასო აუდიტორიებს უბრუნდებიან.“

ირმა ხარაზიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მივესალმებით სწავლის საკლასო სივრცეში განახლების გადაწყვეტილებას. ძალიან გაგვიხარდა, რომ ისევ სკოლის შენობაში ვბრუნდებით. ეს არის ჩემი, მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების აზრიც. ამ ინფორმაციით ყველა გახარებული ვართ. სწავლის დისტანციურად გაგრძელება არავის არ მოუთხოვია. უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად პირობები გვაქვს, აიცრნენ მასწავლებლები, ახლა დავიტესტეთ კიდეც.“

ქიშვარდ გორგოშაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვემზადებით სწავლის დასწრებით ფორმატში დასაწყებად. ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს, ვცდილობთ, რომ ყველანაირად მზად შევხვდეთ. ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგია და ძალიან გვიხარია. ყველა რეგულაციას დავიცავთ. დისტანციური ჯერ არავის მოუთხოვია, მაგრამ თუ იქნება მსგავსი სურვილი ვიმოქმედებთ ისე, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა და განათლების სამინისტრო მოითხოვს. დავიცავთ რეგულაციებს, უპირატესობას დასწრებით სწავლებას ვანიჭებთ.“

მარინე სარალიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი:

„რა თქმა უნდა, სწავლა დასწრებით ფორმატში უნდა განახლებულიყო. რეგიონებში ინტერნეტთან კავშირი არაა სტაბილური, რაც ბავშვების სწავლის ხარისხზე ცუდად მოქმედებს. დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მშობლებსა და პედაგოგებს სურვილი არ გამოუთქვამთ. ყველას უნდა, რომ სწავლა სკოლის კედლებში გაგრძელდეს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მოსწავლეები უფრო ვითარდებიან. სკოლა მზადა სწავლის განსაახლებლად, სკოლაში გარემო უსაფრთხო იქნება. საჭირო ინვენტარიც გვაქვს.“

ლელა ჩერქეზიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მთელი სასკოლო საზოგადოება ვთანხმდებით, რომ სწავლის დასწრებით ფორმატში განახლება აუცილებელია. ძალიან დიდი მზაობაა, მირეკავენ პედაგოგები, ამბავს ხშირად კითხულობენ, ელოდებიან ამ დროს. ზოგიერთი კლასის ხელმძღვანელი სკოლაში რაღაცებს აწესრიგებს, მოსწავლეების დასახვედრად ემზადებიან. საორგანიზაციო საკითხების მხრივაც მზად ვართ. ძალიან დიდი მზაობა და ჩართულობაა, მშობლების, ბავშვებისა და პედაგოგების მხრიდან. იმიტომ, რომ ცოცხალი სასწავლო პროცესი აუცილებელია და ონლაინ-სწავლება ვერ გადაწონის იმ პროცესს, რასაც სკოლაში გაკვეთილების ჩატარება ჰქვია. არის მეორე პრობლემაც, სამწუხაროდ, სოფლებში უფრო დაბალი ხარისხის ინტერნეტი მოგვეწოდება. უკიდურესად წვალობენ მშობლებიც და მოსწავლეებიც, ზოგჯერ პედაგოგებიც. მზაობა და სურვილი ძალიან დიდია. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პროცესი აღარ შეწყდება.“


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება