მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში აცრა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის ნებაყოფლობითია, თუმცა არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ვაქცინაცია პედაგოგებისთვის სავალდებულო უნდა იყოს, აღნიშნული პოზიციის მომხრეა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც.
აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაამტკიცა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების შესახებ კანონს.
საინტერესოა, ამ მხრივ რა ვითარებაა სხვა ქვეყნებში და აიძულებენ თუ არა მასწავლებლებს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას ევროპასა და ამერიკაში?
აღსანიშნავია, რომ 149 ქვეყნიდან მხოლოდ 17-ში მიეკუთვნებიან მასწავლებლები ადამიანთა კატეგორიას, რომლებმაც ვაქცინა პირველ რიგში უნდა მიიღონ. კიდევ 20 ქვეყანაში პედაგოგები ხვდებიან პრიორიტეტის მიხედვით მეორე ჯგუფში, ხოლო 56 ქვეყანაში სკოლის თანამშრომლები პრიორიტეტულ ჯგუფებში საერთოდ არ შეუყვანიათ.
იტალია
იტალიის მთავრობამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, უსაფრთხოების წესები გაამკაცრა და საზოგადოებრივი და კერძო სექტორების თანამშრომლებისთვის (თითქმის 18 მილიონი ადამიანი) აცრას სავალდებულოს ხდის. ვაქცინაციის მწვანე პასპორტები (green pass) სავალდებულოა სკოლების თანამშრომლებისთვისაც. სასწავლო დაწესებულებებში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას სთხოვენ მოსწავლეთა მშობლებსაც. გამონაკლისი დაიშვება მათთვის, ვისაც აცრა სამედიცინო ჩვენებით არ შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ „მწვანე პასპორტი“ ვაქცინაციის, კორონავირუსის გადატანის ან ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს.
საფრანგეთი
ქვეყანაში სავალდებულოა ვაქცინაცია ექიმებისთვის, მაშველებისთვის, მეხანძრეებისთვის და საავადმოყოფოებისა და მოხუცებულთა სახლებში მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის. სკოლის თანამშრომლები ამ ნუსხაში არ შედიან. მაგრამ ცნობილია, რომ მასწავლებელთა 78%-მა ვაქცინის ორი დოზა უკვე გაიკეთა. სასწავლო პროცესი ქვეყანაში დასწრებითი ფორმატით და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.
თუ დაწყებითი სკოლის რომელიმე კლასში ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდება, მთელი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადადის. კოლეჯებსა და ლიცეუმებში კი ყველაფერს ვაქცინაციის სტატუსი წყვეტს: აუცრელი მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, აცრილები კი სკოლაში სიარულს აგრძელებენ.
იხილეთ ასევე: მოსწავლეები COVID-19-ით ინფიცირებულთა გამო იზოლაციაში აღარ გადავლენ - საფრანგეთში ექსპერიმენტს ატარებენ
გერმანია
გერმანიაში მასწავლებლები პირველად ასაცრელთა ჯგუფში შედიან. ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ შემოიღებენ, სამაგიეროდ სურთ ვაქცინაციისადმი პოზიტიური განწყობის რეკლამის დახმარებით შექმნა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოდან აცრა შეუძლიათ ბავშვებს 12 წლის ასაკიდან.
ლატვია
ლატვიამ ყველა მასწავლებლის ვაქცინაცია სავალდებულო წესით გადაწყვიტა. 15 ნოემბრიდან ლატვიურ სკოლებში გაკვეთილების ჩატარებას მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მქონე პედაგოგები შეძლებენ. ამ თარიღამდე კი საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამშრომელთა ვირუსის არსებობაზე გატესტვა გაგრძელდება.
სახელმწიფო 15 ნოემბრამდე სახელწიფო სკოლის იმ თანამშრომელთა ტესტირებას დააფინანსებს, რომლებმაც პირველი აცრა უკვე გაიკეთეს. ის თანამშრომლები, რომელთან ჯერ ვაქცინაციის კურსი არ დაუწყიათ, 11 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ტესტირების ფული თავად უნდა გადაიხადონ.
სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა შეეხებათ ჯანდაცვის ფეროს წარმომადგენლებსაც.
აშშ
აშშ-ი ვაქცინაციის მისაღებად მასწავლებლები მეორე პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. გარდა ამისა, ზოგიერთ შტატში (მაგალითად ნიუ-იორკში, ორეგონსა და ვაშინგტონში) სკოლების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა.
სხვა შტატებში მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ ან აცრა ან რეგულარული COVID-ტესტის ჩაბარება. არის შტატები სადაც ოლქებს საერთოდ არ შეუძლიათ მასწავლებლებს აცრა აიძულონ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მასწავლებლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვებისთვის სკოლებში უსაფრთხო გარემო იყოს შექმნილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ