„პროექტისთვის აქტიურად ვემზადებოდი“- შუახევისა და აფხაზეთის ა/რ „ეტალონი მოსწავლეები“ ცნობილია
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის მხარში უდგას, რათა წაახალისოს და სწავლაში მათთვის მოტივატორი იყოს. 2021 წლის მეორე ეტაპის დისტანციური კონკურსების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთი „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტი კვლავაც მიმდინარეობს და წლის ბოლოს შემაჯამებელი ეტაპითაც დაგვირგვინდება. ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ შუახევის მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთის ა/რ სკოლებში ჩატარდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს
etaloni.ge დაუკავშირდა.
ზურა ქამადაძე, „შუახევის ეტალონი მოსწავლე“, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:„ეტალონში“ გამარჯვების იმედი ნამდვილად მქონდა, თუმცა 87 ქულას თუ ავიღებდი არ მეგონა. პროექტისთვის აქტიურად ვემზადებოდი - თანაკლასელები ერთმანეთს შეკითხვებს ვუსვამდით, ცოდნას ვუზიარებდით და რა თქმა უნდა სასკოლო მასალას კარგად ვსწავლობდით. ჩემს თანატოლებს ყველას მოვუწოდებ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა მიიღონ, რადგან ის საუკეთესო საშუალეებაა იმისთვის, რომ საკუთარი თავი და შესაძლებლობები გამოავლინო.
ნუგზარ ქამადაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის დირექტორი:„ეტალონში“ მონაწილეობისას ველოდით, რომ ჩვენი მოსწავლე გაიმარჯვებდა, რადგან ძალიან კარგი ბავშვები გვყავს. გამარჯვებულ მოსწავლეს პირადადაც მივულოცე ეს დიდი წარმატებაა და მომდევნო გამარჯვებებიც ვუსურვე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის აუცილებელია. ბავშვები საკუთარ თავს და ცოდნას ამ კონკურსის საშუალებით ცდიან. მადლობა „ეტალონს“ ამ ჩემპიონატის ჩატარებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ.
ედუარდ გოგრაჭაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:პირველ რიგში მსურს გამარჯვებულ მოსწავლეს მივულოცო ეს დიდი წარმატება, ასევე ვულოცავ სკოლას; რამდენადაც ჩემთვის ცნობილია I ადგილის გარდა ამ სკოლის რამდენიმე მოსწავლე პირველ ათეულში მოხვდა; ეს ნიშნავს, რომ სკოლაში სწავლების ხარისხი მაღალია და მადლობა სკოლას, მათ მასწავლებლებს და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. მიხარია ასევე, რომ პანდემიის მიუხედავად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ არ შეჩერდა, კვლავ აქტიურად ტარდება და სიცოცხლისუნარიანია. მინდა ეს პროექტი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და შესაბამისად „ეტალონის“ მთელს გუნდს წარმატებას ვუსურვებ. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ჩემპიონატების მოსწავლეებს მოტივაციას უძლიერებს და ბუნებრივია, მათ წიგნებამდე მიიყვანს და უფრო მეტს წაიკითხავენ. „ეტალონი“ მოსწავლეების სწავლების ხარისხს ამაღლებს.
ქრისტინე ოთხოზორია, „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე:საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გამარჯვებული თუ გავხდებოდი დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა იმედი მქონდა. ჩემპიონატში ჩართვამდე სკოლის გავლილი მასალა გავიმეორე და „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ სტატუსიც ამ ცოდნით მოვიპოვე. მიზნის მისაღწევად ყოველთვის ღირს გარისკვა, შესაბამისად ჩემს თანატოლებს მონაწილეობისკენ მოვუწოდებ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რადგან გარდა სტიმულისა ასევე, სკოლის პირობებში საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო საშუალებაა.
ნუგზარ ჯომიდავა, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:მინდა ვთქვა, რომ ქრისტინე განათლებული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეა. ძალიან ბევრს კითხულობს და მე მისგან ამ გამარჯვებას ველოდი. სკოლაში ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ბავშვები გვყავს. ქრისტინეს გამარჯვება მოსწავლეებს, როდესაც გამოვუცხადეთ ბევრისთვის ეს მოტივატორი გახდა და ახლა მას პატარებიც ბაძავენ. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის სწავლისადმი მოტივაციის მიმცემია, რომ რაც მეტს წაიკითხავენ და ისწავლიან მით უფრო მიაღწევენ წარმატებებს. დიდი მადლობა „ეტალონს“ ასეთი შრომისათვის და პროექტისთვის.
სოფო გოგოხია, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის პედაგოგი:მოლოდინი მქონდა, რომ ქრისტინე გახდებოდა „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“, რადგან ვფიქრობ იგი „ეტალონის“ საკმაოდ მაღალ და მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამებოდა. ჩვენი სკოლიდან სხვა მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ამ კონკურსში ჩართულები და კარგი შედეგებითაც გაგვახარეს. „ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს და ასევე, სხვებისთვის, განსაკუთრებით უმცროსკლასელებისთვის მაგალითის მიმცემია, რომ სწავლით წარმატებას მიაღწევენ. „ეტალონი“ ბავშვებისთვის წამახალისებელი პროექტია, რომ რასაც იშრომებენ შესაბამისად დაუფასდებათ. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.