ახალციხის N5 სკოლის პედაგოგი მაია ცაბუტაშვილი - თათეშვილი ექვსთვიან საგანმანათლებლო ონლაინ კურსს გაივლის
21-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის N5 საჯარო სკოლის ფიზიკის წამყვანმა პედაგოგმა მაია ცაბუტაშვილი - თათეშვილმა სკოლის სასახელოდ მორიგ წარმატებას მიაღწია.
პედაგოგი მაია თათეშვილი საგანმანათლებლო და STEM პროექტების მოდელირება - კონსტრუირების შესახებ ექვსთვიან ონლაინ კურსს გაივლის.
„საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ათასწლეულის ფონდის მიერ დაიწყო პროექტის - „STEM მენტორების კურსი“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებიდან საკონკურსო წესით შერჩეულ 40 მასწავლებელს შორისაა ახალციხის N5 საჯარო სკოლის ფიზიკის წამყვანი მასწავლებელი, მაია თათეშვილი, რომელიც გაივლის ექვსთვიან ონლაინ სასწავლო კურსს საგანმანათლებლო და STEM პროექტების მოდელირება - კონსტრუირების შესახებ. პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა. STEM მენტორების კურსის მსმენელები შეისწავლიან თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლებს ღია კომპიუტერული პლატფორმა ARDUINO-ს გამოყენებით. მსმენელები ასევე, გაეცნობიან სხვადასხვა ვირტუალურ რესურსებს და სიმულატორების გამოყენებით შეძლებენ ინოვაციური პროექტების მოდელირებასა და კონსტრუირებას. პროექტში ჩართული ყველა მსმენელი, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებს STEM სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობას, კონკრეტულად ARDUINO Kits, რაც მათ დაეხმარებათ კურსის უკეთ ათვისებაში, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ, აღნიშნული დანადგარის გამოყენებას შეძლებენ მოსწავლეებთან საკლასო ოთახში. სკოლა ულოცავს ქალბატონ მაია ცაბუტაშვილ-თათეშვილს STEM მენტორების კურსის შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით მოსწავლეებთან მრავალი ინოვაციური პროექტის განხორციელებას უსურვებს“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.