მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი ხატიაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად რუსული ენის მასწავლებელია. ის Etaloni.ge-ს მასწავლებლის პროფესიის სირთულეებზე, დირექტორის გამოწვევებსა და სკოლასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური თემების შესახებ ესაუბრა. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაზე რთული ნაბიჯი, სკოლიდან იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების გაშვება იქნება, რომლებმაც სტატუსი დღემდე ვერ აიმაღლეს.
- როცა სკოლის დირექტორი გიწოდეთ, თქვენ შემისწორეთ და აღნიშნეთ, რომ მოვალეობის შემსრულებელი ხართ. აპირებთ ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებას?
- ამ ეტაპზე, ჩემს სკოლაში მინდა დარჩენა, მაგრამ, როგორც ვიცი, დირექტორად მუშაობას ამ შემთხვევაში ვეღარ გავაგრძელებ, საათების რაოდენობა კი სხვა სკოლაში იმდენი არ იქნება, ანაზღაურება საკმარისი იყოს. არც მხოლოდ დირექტორის ანაზღაურებაა საკმარისი, ამიტომ ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ასეთი საუბარია, რომ ჩვენი გამოცდა არა, მაგრამ სხვა სკოლებში როტაცია მოხდება.
- ანუ ამბობთ, რომ თუ დირექტორების გამოცდა ჩატარდება, თქვენ იმავე სკოლაში დირექტორის პოზიციაზე მუშაობის უფლება არ გექნებათ?
- ასეა, რადგან ორი ვადა ამოწურულია... სკოლის დირექტორად 2014 წელს დავინიშნე, მანამდე ვიყავი მოვალეობის შემსრულებელი. ჯამში 19 წელია, სკოლის დირექტორი ვარ, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი. შემდეგ ჩატარდა გამოცდა და ლოტოტრონში რომელი სკოლაც შემხვდა, დაიკეტა. საბოლოოდ, 2014 წელს სამეურვეო საბჭომ ამირჩია და მას შემდეგ თივის საჯარო სკოლას ვხელმძღვანელობ.
- თავად რა საგნის მასწავლებელი ბრძანდებით?
- რუსულ ენას ვასწავლი და წელს ჩავაბარე სპორტის მასწავლებლის გამოცდაც, რადგან რუსულს ცოტა საათები აქვს და სპორტსაც დავამატებ, რომ სხვა სკოლაში არ მომიწიოს წასვლა. თუ შევხედავთ - საათებით უფრო მაღალი ანაზღაურება მაქვს, ვიდრე დირექტორის პოზიციაზე. 28 წელია მასწავლებელი ვარ, 2010 წელს პირველივე გამოცდა ჩავაბარე და მაშინ გავხდი უფროსი მასწავლებელი.
- 2010 წლის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, არ გიცდიათ, სტატუსი კიდევ უფრო აგემაღლებინათ?
- არ მიცდია იმიტომ, რომ თან დირექტორი ვიყავი და მეტად ვეღაქრ დავიტვირთებოდი.
- რუსული ენის მასწავლებელი ბრძანდებით, როგორ შეაფასებთ ამ საგნის მიმართ მოთხოვნას, საჭიროებას და მომავალს?
- მომავალში არ ვიცი, რა როგორ იქნება... ეს უფრო პოლიტიკური საკითხი შეიძლება იყოს. წინა მთავრობის დროს მაგალითად მე-7 კლასიდან დაიწყეს ამ ენის სწავლება. თივის დასახლებაში თავიდანვე იყო რუსული სკოლა, შემდეგ აქ ჩამოასახლეს ეკოემიგრანტები აჭარიდან და მათთვის გაიხსნა ცალკე ქართული სკოლა, შემდეგ მათი შენობა დაინგრა და საბოლოოდ ისინიც რუსული სკოლის შენობაში გადმოიყვანეს. 2010 წელს, წინა მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველგან დაიხურა რუსული სექტორის სკოლები და გადავედით ქართულზე.
- სკოლაზეც რომ ვისაუბროთ, სწავლა უკვე დასწრებულ რეჟიმში მიმდინარეობს. თქვენმა სკოლამ როგორი მოდელი აირჩია და რატომ?
- დასწრებულად ვსწავლობთ, იმიტომ, რომ ამ სოფელში ინტერნეტი არ არის. მატერიალურადაც უჭირთ ბავშვებს, ამიტომ ინტერნეტი, ტელეფონები და სხვა კომპიუტერული მოწყობილობებიც არა აქვთ. ზოგს კი დავურიგეთ, მაგრამ წლები გავიდა და გაფუჭდა. მშობლებიც და ჩვენც ძალიან ვწვალობთ ონლაინსწავლების დროს. რაც სწავლა დასრწრებულად განვაახლეთ, საბედნიეროდ, არც მოსწავლეებში და არც მასწავლებლებში, კორონავირუსის შემთხვევა არ გვქონია.
- აღნიშნეთ, რომ სოფელში ინტერნეტის და შესაბამისი ტექნიკის ფლობის პრობელემა გაქვთ, აქედან გამომდინარე, რა სირთულეები შეექმნათ მასწავლებლებს მთლიანად ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლისას?
- სკოლა ერთადერთი ადგილია სოფელში, სადაც ინტერნეტია, შესაბამისად მასწავლებლებს არ უჭირთ ელექტრონული ჟურნალის წარმოება, მით უმეტეს უკვე შარშანაც ვიყენებდით პრაქტიკაში და კომბინირებულად გვქონდა მატერიალურ ჟურნალთან ერთად.
- თქვენ 2010 წელს აიმაღლეთ სტატუსი და წელს სპორტის მასწავლებლის გამოცდაც წარმატებით ჩააბარეთ. რას იტყვით გამოცდებზე, მართებულია, რომ ამ გზით შემოწმდეს მასწავლებლის ცოდნა?
- ვფიქრობ, მასწავლებლის გამოცდა აუცილებელია. ჩვენს სკოლაში ახლა ორი მასწავლებელია, რომლებმაც ვერ აიმაღლეს სტატუსი. სახელმწიფომ რამდენი რამ გააკეთა ამ 10 წლის განმავლობაში - ხან კრედიტებით, ხან რით და ხან რით. რამდენი საშუალება მისცა, რომ აემაღლებინათ სტატუსი. საგნის მასწავლებლი 1 კრედიტსაც რომ ვერ აიღებს საკუთარ საგანში, მისი ადგილი სკოლაში არ უნდა იყოს.
- თუ მოგიწევთ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები გაუშვათ სკოლიდან, როგორი მომენტია ეს დირექტორისთვის?
- ყველა თანამშრომელთან განშორება ჩემთვის რთულია, მაგრამ მარტო ადამიანური ფაქტორი არ არის, ბავშვებიც არიან, მშობლებიც და მასწავლებლებიც, რომლებიც უყურებენ ამ ყველაფერს. მე თუ გავედი, ვიწვალე, ჩავაბარე და შენ კი არაფერი აკეთე ამ წლების განმავლობაში, უსამართლობა გამოდის, თანაბარ პირობებში ვმუშაობდეთ სკოლაში. სამსახური სამსახურია, არ შეიძლება მაჩვენო, რომ არაფერს აკეთებ და მაინც ჩემთან ხარ გათანაბრებული, თუნდაც ანაზღაურებით. ბევრი საშუალება იყო, აემაღლებინათ სტატუსი, მაგრამ სულ რაღაცას ელოდებოდნენ. ახლაც, რომ ვესაუბრები ამ მასწავლებლებს, მაინც ამბობენ: კიდევ რაღაც იქნებაო.
- როგორ აფასებთ დღევანდელ განათლების სისტემას?
- ჩემი აზრით, ბევრი კარგი რამ კეთდება. ზოგიერთ საკითხს შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგალითად დაიწყებენ კონკრეტულ რეფორმას და მერე იტყვიან, რომ უი, ეს არ ვარგა და მოდი, გავაჩეროთ! - აი, ეს არ მომწონს, თორემ ყველა სიახლე მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ სისტემა არ გაჩერდეს ერთ ადგილზე და მას უნდა გავყვეთ ჩვენც. ცდების ჩატარება უფრო უკან დაგვწევს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ეს დღე სკოლაში ნამდვილ დღესასწაულად იქცა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა